არამიწიერი ცივილიზაციები ერთმანეთს შეიძლება კვანტური კომუნიკაციებით ეკონტაქტებოდნენ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
არამიწიერი ცივილიზაციები ერთმანეთს შეიძლება კვანტური კომუნიკაციებით ეკონტაქტებოდნენ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

მიუხედავად იმისა, რომ არამიწიერი სიცოცხლის არსებობის რაიმე მტკიცებულება ჯერ არ გვიპოვია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მისაწვდომთა მიღმა ისინი არ არსებობენ. ახლახან, მკვლევართა ჯგუფმა შექმნა მათემატიკური მოდელი, რომელიც მიუთითებს, რომ შესაძლოა, არამიწიერი ცივილიზაციები სივრცეში ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის კვანტურ ფიზიკას იყენებდნენ.

კვანტური კომუნიკაციის რეალობად გადასაქცევად, მუშაობა აქ, დედამიწაზეც მიმდინარეობს. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ კვანტური მექანიკა გვთავაზობს გარკვეულ მახასიათებლებს, რომლებიც ინფორმაციის გადაცემას არსებითად უფრო სწრაფად უნდა უზრუნველყოფდეს, ვიდრე ჩვეულებრივი სისტემები. რა თქმა უნდა, თუკი მას ხელში ჩავიგდებთ.

ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება, რომელიც აუცილებლად უნდა გადაილახოს კვანტური ქსელების შექმნამდე, არის ის, რომ ისინი ძალიან მყიფე და მგრძნობიარეა გადაფარვისადმი. უახლესი კვლევის მიხედვით, ასეთ ქსელებს კოსმოსში გადაადგილება დაშლის გარეშე უნდა შეეძლოს.

„ზოგადად, კვანტური მდგომარეობები ძლიერ სუსტი წარმოგვიდგენია, რომლებიც რაიმე გარე ზემოქმედებისას ნადგურდება“, — ამბობს კვლევის ავტორი, ედინბურგის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ერიუნ ბერერა.

ბერერამ და მისმა კოლეგამ, ხაიმე კალდერონ-ფიგეროამ გამოთვლები ჩაატარეს კოსმოსის სიცარიელეში რენტგენული სხივების მოძრაობის შესახებ; მათი მიზანი იყო შეემოწმებინათ პოტენციური დეკოჰერენცია, ანუ კვანტური მდგომარეობის დარღვევა.

როგორც მათ განსაზღვრეს, თუკი სინათლის ნაწილაკებს, ანუ ფოტონებს კვანტურ ნაწილაკებად გამოვიყენებთ, მათი გადაცემა შესაძლებელი უნდა იყოს სულ მცირე ასობით ათასი სინათლის წლის მანძილზე, უფრო შორს, ვიდრე მთელი ირმის ნახტომის დიამეტრია.

ამის მიზეზი ნაწილობრივ ის არის, რომ კოსმოსში მატერიის საშუალო სიმკვრივე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე დედამიწაზე; გარდა ამისა, ეს „უფრო სუფთა“ გარემო განაპირობებს გადაფარვის ნაკლებ შანსს. მსვლელობისას, კვანტურ კომუნიკაციათა ქსელის ხელშეშლისთვის გრავიტაციული მიზიდვაც კი არ იქნება საკმარისი.

„შესაძლებელია, რომ ფოტონებით წარმოებული კვანტური კომუნიკაცია ვარსკვლავთშორის მანძილებზე დამყარდეს, განსაკუთრებით ელექტრონების მასის ქვემოთ რენტგენულ რეგიონებში ფოტონების შემთხვევაში“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

რა თქმა უნდა, წმინდა სპეკულაციაა, რომ არამიწიერი სიცოცხლის ფორმები შეიძლება ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის სწორედ ასეთ კვანტურ ქსელებს იყენებდნენ და ამ გზით ჩვენთან კავშირის დამყარებასაც ცდილობდნენ — მაგრამ ეს მოსაზრება ასტრონომებს სიცოცხლის კიდევ ერთ პოტენციურ ნიშანს სთავაზობს, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს.

მკვლევართა განცხადებით, კვანტური სიგნალით „მნიშვნელოვანი ოდენობის ინფორმაციის გადაცემა“ ნამდვილად მიმზიდველი იქნებოდა კოსმოსში ნებისმიერი გონიერი არამიწიერი ცივილიზაციისთვის, მაგრამ მის გასაშიფრად საჭირო იქნებოდა სრულად ფუნქციონირებადი კვანტური კომპიუტერი.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კვანტური კომუნიკაციებიც კი არ არის მაგიური: ინფორმაციას სინათლის სიჩქარეზე სწრაფად გადაადგილება მაინც არ შეუძლია; შესაბამისად, დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად მას წლები დასჭირდება.

კვლევის ასეთი შედეგების გათვალისწინებით, კვანტური კომუნიკაციები ახლა უკვე შეგვიძლია დავამატოთ იმ შესაძლო გზათა სიას, რომლითაც არამიწიერი ცივილიზაციები შეიძლება ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ — ანდაც, ჩვენთან კონტაქტს ცდილობდნენ.

„პრინციპში, შესაძლებელი უნდა იყოს კვანტური სიგნალის დაფიქსირება, რომელიც ან ასტროფიზიკური სხეულისგან მოდის, ან იქნებ არამიწიერი ცივილიზაციისგან წამოსული ასეთი სიგნალისაც“, — წერენ მკვლევრები.~

კვლევა ჟურნალ Physical Review D-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.