რა არის ფერმის პარადოქსი — #1tvმეცნიერება
რა არის ფერმის პარადოქსი — #1tvმეცნიერება

ფერმის პარადოქსი აღწერს აშკარა წინააღმდეგობას იმის შესახებ, რომ ვერ ვპოულობთ არამიწიერი სიცოცხლის მტკიცებულებას მაშინ, როცა ლოგიკურად, ის უკვე აღმოჩენილი უნდა გვქონდეს.

სახელი ეწოდა ნობელის პრემიის ლაურეატის, ბირთვული ფიზიკოსის, ენრიკო ფერმის მიხედვით, რომელსაც ხანდახან „ატომური ბომბის არქიტექტორადაც“ მოიხსენიებენ. პარადოქსი ეფუძნება ლანჩის დროს სახელგანთქმულ მეცნიერსა და მის კოლეგებს შორის ლოს-ალამოსის ეროვნულ ლაბორატორიაში 1950 წელს გამართულ საუბარს, რომელიც The New Yorker-ის მიერ ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა შესახებ გამოქვეყნებულ კომიქსს მოჰყვა.

ამბობენ, რომ ფერმიმ შეასრულა უხეში გაანგარიშებები, რათა შეეფასებინა სამყაროს მასშტაბით ადამიანთა მსგავსი ტექნოლოგიების გავრცელება. მიახლოებით რიცხვებზე დაყრდნობით, ის ამტკიცებდა, რომ არამიწიერ ცივილიზაციებს დედამიწა უკვე მონახულებული ჰქონდათ.

როგორც ამბობენ, საუბრისას მან იკითხა: „სად არიან ისინი?“

დრეიკის განტოლება

ფერმის პარადოქსის მსგავსი, მაგრამ უფრო დეტალური განტოლება 1961 წელს ამერიკელმა ასტრონომმა ფრენკ დრეიკმა შეიმუშავა, რამაც დიდი ყურადღება მიიპყრო გონიერი არამიწიერი სიცოცხლის ძებნის (SETI) შესახებ გამართულ შეხვედრაზე.

სტატისტიკურ კომბინაცებზე დაყრდნობით, განტოლება გვთავაზობს ჩვენთან დაფიქსირებისთვის საკმარისად ახლო მანძილზე მყოფ ცივილიზაციათა რაოდენობას.

მათ შორის მოიცავს სიცოცხლისთვის ხელსაყრელ პლანეტათა რაოდენობას და იმის შანსებს, რომ სიცოცხლე ისე განვითარდეს, რომ დიდ მანძილზე, გონივრულ დროში ინფორმაციის გადაცემის შესაძლებლობა და სურვილი მიეცეს.

ფერმის პარადოქსის შემოთავაზებიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა და ამასობაში, ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ ეგზოპლანეტებისა და მათი ვარსკვლავების მრავალფეროვნების შესახებ. თუმცა, ალბათ ჯერ მაინც დიდი დრო გვრჩება იქამდე, ვიდრე შორიდან შევძლებთ ზუსტი დასკვნების გაკეთებას დედამიწის მიღმა სიცოცხლის განვითარების შესახებ.

სად არიან არამიწიერი ცივილიზაციები?

დღეისათვის, არსებობს ფერმის პარადოქსის რამდენიმე პოტენციური „გამოსავალი“, მათ შორის არის ასეთი განმარტებებიც:

  • სამყაროში გონიერი სიცოცხლის გავრცელების ჩვენეული შეფასება გადაჭარბებულია.
  • გადაჭარბებულად ვაფასებთ სიცოცხლის რომელიმე ფორმის სურვილს, რომ სიამოვნებით გადასცეს ინფორმაცია.
  • ინფორმაცია არსებობს, მაგრამ ჩვენ მას ან უბრალოდ ვერ ვხედავთ, ან ვერ ვიგებთ.
  • ინფორმაცია არსებობდა, შეიძლება კვლავაც გამოჩნდეს, მაგრამ ადამიანებმა ასეთი სიგნალების ძებნა მხოლოდ ბოლო დროს დავიწყეთ.
  • ადამიანები ჯერ ვარსკვლავთშორის ეტაპზე უნდა გადავიდნენ, იქამდე კი, ჯერ ძალიან ადრეა, რომ სხვა ცივილიზაციები დავაფიქსიროთ.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.