როგორია სიცოცხლის აღმოცენებისა და გონიერი სიცოცხლის განვითარების ალბათობა სხვა პლანეტებზე — ახალი კვლევა
როგორია სიცოცხლის აღმოცენებისა და გონიერი სიცოცხლის განვითარების ალბათობა სხვა პლანეტებზე — ახალი კვლევა

ადამიანებს ანტიკური ხანიდან მოყოლებული აინტერესებთ, ვართ თუ არა სამყაროში მარტონი.

გეოლოგიური მტკიცებულებებიდან ვიცით, რომ სიცოცხლე შედარებით სწრაფად აღმოცენდა, მაშინვე, როგორც კი ჩვენი პლანეტა მისი მხარდაჭერისთვის საკმარისად სტაბილური გახდა. ასევე ვიცით, რომ პირველი მრავალუჯრედიანი ორგანიზმი, რომლისგანაც თანდათან წარმოიქმნა დღევანდელი ტექნოლოგიური ცივილიზაცია, გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში ვითარდებდა, დაახლოებით ოთხ მილიარდ წელიწადს.

მართალია, ვიცით, როდის გამოჩნდა სიცოცხლე პირველად დედამიწაზე, მაგრამ მეცნიერებმა ჯერ ბოლომდე არ იციან როგორ აღმოცენდა ის; ამის ცოდნას კი დიდი გავლენა ექნება სამყაროში სადმე სხვაგან სიცოცხლის პოვნის ალბათობაზე.

ჟურნალ Proceeding of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, კოლუმბიის უნივერსიტეტის ასტრონომიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი დევიდ კიპინგი წარმოგვიდგენს სტატისტიკური მეთოდის, სახელად ბაიესის დასკვნის გამოყენებით ჩატარებულ ანალიზებს,რამაც შეიძლება ნათელი მოჰფინოს, რამდენად კომპლექსური არამიწიერი სიცოცხლე შეიძლება განვითარებულიყო სხვა პლანეტებზე.

„ევოლუციის ქრონოლოგიის კონტექსტში, სიცოცხლის სწრაფი აღმოცენება და კაცობრიობის გვიანი ევოლუცია, უდავოდ მრავლისმეტყველია. თუმცა, ამ კვლევაში შეგვიძლია დავითვალოთ, რას გვეუბნება ფაქტები“, — ამბობს კიპინგი.

ანალიზების ჩასატარებლად, კიპინგმა გამოიყენა სიცოცხლისა და ადამიანის ევოლუციის უძველეს მტკიცებულებათა ქრონოლოგია. სცადა გაერკვია, რამდენად ხშირად შეიძლებოდა სიცოცხლისა და გონიერ არსებათა ხელახლა გამოჩენა, თუ დედამიწის ისტორია განმეორდებოდა, ათვლა კვლავ და კვლავ ხელახლა დაიწყებოდა.

პრობლემის ფორმულირება მან ოთხი შესაძლო პასუხის თვალსაზრისით მოახდინა — სამყაროში სიცოცხლე საკმაოდ გავრცელებულია და ხშირად ვითარდება გონიერ ფორმებშიც; სიცოცხლე იშვიათია, მაგრამ ხშირად ვითარდება გონიერ ფორმებში; სიცოცხლე საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ გონიერი ფორმები იშვიათად ვითარდება; და სიცოცხლე იშვიათია და გონიერი ფორმებიც იშვიათად ვითარდება.

ბაიესის სტატისტიკური დასკვნის ეს მეთოდი გამოიყენება ჰიპოთეზის ალბათობის გასაახლებლად, როგორც კი მტკიცებულება ან ინფორმაცია ხდება ხელმისაწვდომი; ის ადგენს შეხედულებებს სისტემის მოდელირებამდე, რომელიც შემდეგ მონაცემებს ერწყმის შედეგების ალბათობათა გამონახვისთვის.

„ეს მეთოდი ფსონების შანსების მსგავსია. აგულიანებს ახალი მტკიცებულების განმეორებით ტესტირებას შენი პოზიციის წინააღმდეგ, რაც არსებითად დადებითი უკუკავშირია მოვლენის ალბათობის საკუთარი შეფასებების დასახვეწად“, — ამბობს კიპინგი.

ამ ოთხი ჰიპოთეზისთვის, კიპინგმა გამოიყენა ბაიესის მათემატიკური ფორმულები მოდელების ერთმანეთთან შესადარებლად.

„ბაიესის დასკვნაში, ალბათობათა გადანაწილებამდე ყოველთვის საჭიროა შერჩევა. თუმცა, მთავარი შედეგი აქ ის არის, რომ როდესაც სიცოცხლის იშვიათობის ალბათობას ვადარებთ გავრცელებულობის სცენარს, გავერცელების სცენარი ყოველთვის სულ მცირე ცხრაჯერ მეტ ალბათობას აჩვენებს, ვიდრე იშვიათობის“, — ამბობს კიპინგი.

ანალიზი ეფუძნება მტკიცებულებას, რომლის მიხედვითაც, სიცოცხლე დედამიწის ოკეანეების 300 მილიონ წლიანი ფორმაციის დროს აღმოცენდა, როგორც ეს ნახშირბად-13-ის გამოლეულ ცირკონის დანალექებშია ნაპოვნი. ეს კი ძალიან სწრაფი დასაწყისია დედამიწის სიცოცხლის ხანგრძლივობის კონტექსტში. კიპინგი ხაზს უსვამს, რომ პროპორცია სულ მცირე 9:1-ია, რაც დამოკიდებულია გონიერი სიცოცხლის განვითარების სიხშირის ნამდვილ ღირებულებაზე.

კიპინგის დასკვნით, დედამიწისნაირი გარემოსა და ქრონოლოგიის მსგავსი პლანეტები სამყაროში საკმაოდ გავრცელებილია და როგორც ანალიზები მიუთითებს, სიცოცხლეს სხვა პლანეტებზე სპონტანური აღმოცენებისთვის საკმაოდ ცოტა პრობლემა უნდა ჰქონდეს. როგორია იმის შანსი, რომ ეს არამიწიერი სიცოცხლეები შეიძლება იყოს კომპლექსური, დიფერენცირებული და გონიერი? ამ შემთხვევაში კიპინგის პასუხია ნაკლებ თავდაჯერებულია და ალბათობა გონიერი სიცოცხლის სასარგებლოდ არის 3:2-ზე.

ეს შედეგი გამომდინარეობს დედამიწის სიცოცხლისუნარიანობის ისტორიაში ადამიანთა შედარებით გვიანდელი გამოჩენიდან და მიუთითებს, რომ მისი განვითარება არც მარტივი და არც დაზღვეული პროცესი არ ყოფილა.

„თუ დედამიწის ისტორიას ხელახლა დავატრიალებთ, გონიერი სიცოცხლის განვითარება სინამდვილეში გარკვეულწილად ნაკლებად სავარაუდოა“, — ამბობს კიპინგი.

როგორც კიპინგი შენიშნავს, კვლევაში მიღებული ალბათობები გადაჭარბებული არ არის და ახლოსაა 50:50-თან; შედეგები კი უნდა განვიხილოთ როგორც მსუბუქი ბიძგი ჰიპოთეზისადმი.

„ამ ანალიზს არ შეუძლია მოგვცეს უდავო ფაქტები ან გარანტიები, დედამიწაზე განვითარებულ მოვლენებზე დაყრდნობით გვაძლევს მხოლოდ სტატისტიკურ ალბათობებს. სასურველი ფსონია, რომ სამყარო სავსე იყოს სიცოცხლით. სხვა პლანეტებზე გონიერი სიცოცხლის ძებნისას იმედგაცრუებას არ უნდა მივეცეთ“, — ამბობს კვლევის ავტორი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ასტრონომიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი დევიდ კიპინგი.

მომზადებულია columbia.edu-ს მიხედვით.