არამიწიერი ცივილიზაციები შეიძლება, კოსმოსიდან მალულად გვაკვირდებიან - ახალი კვლევა
არამიწიერი ცივილიზაციები შეიძლება, კოსმოსიდან მალულად გვაკვირდებიან - ახალი კვლევა

არამიწიერი ცივილიზაციები შესაძლოა, ჩვენი არსებობიდან მოყოლებული, კოსმოსიდან მალულად გვზვერავენ.

ეს საკმაოდ თამამი მოსაზრება ამერიკელმა ფიზიკოსმა ჯეიმს ბენფორდმა ახალ სამეცნიერო კვლევაში გააჟღერა. მიუხედავად იმისა, რომ ბენფორდის იდეები რადიკალურად ჟღერს, მთლიანად ეფუძნება არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნის ხანგრძლივი ისტორიის ვარაუდებს.

1960 წელს, სტენფორდის უნივერსიტეტის რადიოფიზიკოსმა რონალდ ბრეისველმა პირველმა წამოაყენა მოსაზრება, რომ „უმაღლესი გალაქტიკური საზოგადოებები“ შესაძლოა, კოსმოსის მასშტაბით „მზვერავების“ სახით გზავნიდნენ ვარსკვლავთშორის ავტომატურ ზონდებს, რათა დააკვირდნენ და იქნებ დაეკონტაქტონ კიდეც სიცოცხლის სხვა ფორმებს; მათ შორის შეიძლება, დედამიწაც იყოს.

„ახლომდებარე ხომალდი შეიძლება თავის დროს უცდის, სანამ ჩვენი ცივილიზაცია შექმნის ტექნოლოგიას, რომელიც მას იპოვის, დაეკონტაქტება და იქნებ რეალურ დროში საუბარიც შედგეს. ამავე დროს, შესაძლებელია ისიც, რომ უკვე ათასწლეულებია, ის თავის შემქმნელებს ინფორმაციას უგზავნის ჩვენი ბიოსფეროსა და ცივილიზაციის შესახებ“, — წერია კვლევაში.

ბრეისველის ხომალდების ეს კონცეფცია შემდგომმა კვლევებმაც შეისწავლა, ყველაზე კარგად კი სამეცნიერო ფანტასტიკამ აითვისა; მათ შორის ყველაზე გამორჩეულია ფილმი „2001: კოსმოსური ოდისეა“. თუმცა, ასეთი რობოტი მზვერავების არსებობის მტკიცებულება არასოდეს გვიპოვია.

ახალ კვლევაში, ბენფორდი ასახელებს იდეალურ ადგილს მზის სისტემაში, სადაც შეიძლება არამიწიერ ცივილიზაციათა მზვერავები იყვნენ განთავსებული და დაკვირვებას აწარმოებდნენ.

ფიზიკოსის აზრით, ასეთი მალული, დიდხანს გამძლე რობოტული მზვერავები განთავსებული უნდა იყოს დედამიწასთან ახლომდებარე კლდოვან ობიექტებზე (NEO), რომლებსაც თანაორბიტულ ობიექტებსაც უწოდებენ.

ამ ობიექტთა ორბიტა მზის გარშემო დედამიწისას ჰგავს, ამ გზაზე ისინი ხანდახან ჩვენს პლანეტასთან ახლოს მოდიან და გარდა მზისა, ექცევიან დედამიწის გრავიტაციის გავლენის ქვეშაც.

ასტრონომებს ასეთი ობიექტები არც ისე ბევრი აქვთ აღმოჩენილი. დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარეს სახელად 2016 HO3-ს უწოდებენ და მას ნასა აღწერს, როგორც დედამიწის მუდმივ კომპანიონ პატარა ასტეროიდს. ანუ, მზის გარშემო ის მუდმივად დედამიწის სიახლოვეს მოძრაობს და ჩვენს პლანეტასთან ერთგვარ პატარა „ცეკვაშიც“ არის ჩაბმული.

ბენფორდის აზრით, მუდმივი ორბიტული სიახლოვის გამო, ამ ახლომდებარე პატარა კოსმოსურ ნამსხვრევებს შეიძლება, საკმაოდ მისაღები პოზიცია ჰქონდეს რობოტული ზონდებისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენზე დაკვირვებისათვის.

„დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტები იდეალური ადგილია ჩვენს პლანეტაზე დასაკვირვებლად საიმედო ბუნებრივი ობიექტიდან. გარდა იმისა, რომ იდეალურად მალავს, იქ არის ყველა ის საჭირო რესურსიც, რაც შეიძლება რობოტულ ხომალდს დასჭირდეს“, — ამბობს ბენფორდი.

მ შესაძლებლობისა და იმის გამო, რომ ეს თანაორბიტული ობიექტები ჩვენთან მართლაც ძალიან ახლოსაა, ფიზიკოსი ირწმუნება, რომ მათი შესწავლა არამიწიერ ცივილიზაციათა მძებნელ (SETI) ასტრონომთა პრიორიტეტი უნდა გახდეს.

ბენფორდის აზრით, მათზე აქტიური დაკვირვება უნდა დაიწყოს, როგორც ელექტრომაგნიტურ სპექტრში, ისე პლანეტური რადარებით. გარდა ამისა, უნდა გავგზავნოთ ზონდებიც.

გარდა არამიწიერი მზვერავების პოვნის შანსისა, ამ შემთხვევაში სარგებელს ვნახავთ სხვა სამეცნიერო კვლევების მხრივაც. მით უმეტეს, რომ დედამიწასთან ახლომდებარე ამ ობიექტთა შესახებ საკმაოდ მწირი ცნობები გვაქვს; ამ დრომდე აღმოჩენილია სულ 20 ასეთი ობიექტი.

ბენფორდის ოცნება შეიძლება სულ მალე ასრულდეს.

საქმე ის არის, რომ ჩინეთმა უკვე გამოაცხადა ამბიციური გეგმა, რომლის მიხედვითაც, 10-წლიანი მისიის ფარგლებში მოხდება ერთ-ერთი ასეთი ობიექტის, 2016 HO3-ის მონახულება და ნიმუშების აღებაც. ეს კი ბრწყინვალე შანსი იქნება იმის გასარკვევად, მართლაც არის თუ არა იქ რაიმე ხელოვნური, არამიწიერი კვალი.

ბენფორდის მოსაზრებებს არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნის საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ ეთანხმება. ისინი ნაკლებად ვარაუდობენ, რომ არამიწიერ ცივილიზაციათა რაიმე დიდ ტექნოხელწერას ვიპოვით.

მაგალითად, არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკოსისა და ასტრობიოლოგის, პოლ დევისის აზრით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ თანაორბიტულ ობიექტებზე არამიწიერ ცივილიზაციათა ზონდები ვიპოვოთ.

კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Live Science-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.