როგორ შეიძლება გადაარჩინონ მკვდარმა არამიწიერმა ცივილიზაციებმა კაცობრიობა
როგორ შეიძლება გადაარჩინონ მკვდარმა არამიწიერმა ცივილიზაციებმა კაცობრიობა

ვინც ვერაფერს ისწავლის გადაშენებული არამიწიერი ცივილიზაციის მარცხისგან, შეიძლება, მისი ბედი გაიზიაროს.

როგორც ჩანს, კაცობრიობა სახიფათო გზას ადგას. მაგალითად, ჩვენ უკვე გვაქვს იმდენად მძლავრი იარაღები, რომ თავისუფლად შეგვიძლია საკუთარი თავის მოსპობა. ათწლეულებია, დედამიწის კლიმატს ისე ვცვლით, რომ სერიოზული შედეგები გარდაუვალია.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომიის დეპარტამენტის თავმჯდომარის, ავი ლოების განცხადებით, იგივე ქმედებებმა გალაქტიკის მასშტაბით შეიძლება უკვე შეიწირა მოწინავე არამიწიერი ცივილიზაციები. სწორედ ესეც შეიძლება იყოს იმის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვერ ვიპოვეთ ისინი ამ დრომდე.

ლოების თქმით, ჩვენივე ქცევებიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ცივილიზაციათა არსებობა საკმაოდ ხანმოკლეა. ანუ, ისინი მოკლევადიან პერსპექტივაში ფიქრობენ და აწარმოებენ თვითგანადგურების იარაღს, რომელიც საბოლოოდ მათ სპობს.

გამომდინარე აქედან, როგორც ლოები ფიქრობს, არამიწიერ ცივილიზაციათა ძიება იმდენად მრავალმხრივი უნდა იყოს, რომ მათ მიერ დატოვებული არტეფაქტები ვიპოვოთ. მაგალითად, პლანეტის გადამწვარი ზედაპირი და ბირთვული ომის აირები მის ატმოსფეროში.

მსგავსი რამის პოვნა ყველა დროის უდიდესი სამეცნიერო აღმოჩენა იქნება, რამაც შეიძლება, ბევრ რამეზე დაგვაფიქროს და სწორ გზაზე დაგვაყენოს.

„ასეთი პროცესებისგან შეიძლება რამე ვისწავლოთ. იქნებ ვისწავლოთ ისიც, როგორ მოვექცეთ ერთმანეთს უკეთესად, არ წამოვიწყოთ ბირთვული ომი, ვაკონტროლოთ ჩვენი პლანეტა და დავრწმუნდეთ, რომ ის სიცოცხლისუნარიანია იქამდე, ვიდრე ჩვენ ამის საშუალებას მივცემთ“, — აღნიშნავს ლოები.

ლოების აზრით, არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნას სხვა პრაქტიკული საფუძვლებიც აქვს. მაგალითად, მათთან კონტაქტმა შეიძლება, უზარმაზარი ტექნოლოგიური გარღვევა მოახდინოს, თუ რა თქმა უნდა, მათ თავიანთ ცოდნის ჩვენთვის გაზიარება ისურვეს.

„ჩვენი ტექნოლოგიები სულ რაღაც ერთ საუკუნეს ითვლის, მაგრამ თუ არსებობს ცივილიზაცია, რომელიც ტექნოლოგიებს უკვე მილიარდობით წლებია ფლობს, შეიძლება მათ ძალიან ბევრი რამ გვასწავლონ“, — ამბობს ლოები.

ლოები არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნაში აქტიურად არის ჩართული. იგი არის 100$ მილიონიან პროექტ „ბრეიქსრუ სტარშოტის“ თავმჯდომარე, რომლის ფარგლებშიც ცდილობენ შექმნან ლაზერებით სამართავი ციცქნა ზონდები, რომლებიც ეგზოპლანეტებისაკენ სინათლის სიჩქარის 20%-ით გაიგზავნება.

პროექტში ჩართულ მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ასეთი ზონდები უახლოეს 30 წელიწადში ექნებათ. ლოებს მიაჩნია, რომ მსგავსი პროექტების წარმატების შემთხვევაში, არამიწიერმა ცივილიზაციებმა შეიძლება, უკვე სულ სხვა თვალით შემოგვხედონ და ყურადღებისა და პატივისცემის ღირსად ჩაგვთვალონ.

„იმედი მაქვს, რომ გამქრალი არამიწიერი ცივილიზაციის პოვნა შთაგვაგონებს უკეთესად მოქცევას, ერთობლივ მოქმედებებს. ასევე ვიმედოვნებ, რომ მას შემდეგ, რაც მზის სისტემას დავტოვებთ, მივიღებთ შეტყობინებას — „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვარსკვლავთშორის კლუბში“. სწორედ მაშინ გავაცნობიერებთ, რომ ჩვენს მიღმა გამალებული მოძრაობაა, რის შესახებაც მანამდე არაფერი ვიცოდით“, — აღნიშნავს ავი ლოები.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომი ფიქრობს, რომ ასეთი მოძრაობის მომსწრე შესაძლოა, ცოტა ხნის წინ გავხდით. ლოები თანაავტორია კვლევისა, რომლის აზრით, ცოტა ხნის წინ მზის სისტემაში დაფიქსირებული პირველი ვარსკვლავთშორისი ობიექტი „ოუმუამუა“ სინამდვილეში შესაძლოა, არამიწიერი ცივილიზაციის ხომალდი იყოს.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.