ისტორიაში ყველაზე დიდმა კვლევამ არამიწიერ ცივილიზაციათა კვალს ვერ მიაგნო
ისტორიაში ყველაზე დიდმა კვლევამ არამიწიერ ცივილიზაციათა კვალს ვერ მიაგნო

გონიერი არამიწიერი სიცოცხლის ძებნისას საქმე გვაქვს იმხელა მანძილებთან, რომ შეიძლება ითქვას, ეს პროცესი უფრო რთულია, ვიდრე თივის ზვინში ნემსის პოვნა.

1960-იანი წლებიდან მოყოლებული, ასტრონომებმა მილიარდობით რადიოარხი შეისწავლეს ნებისმიერი უჩვეულო სიგნალის პოვნის იმედით, რომელიც არამიწიერი სიცოცხლის რაიმე ფორმის, ანდაც მოწინავე ცივილიზაციის რაიმე ნიშანი იქნებოდა.

თუმცა, ყოველ ჯერზე პასუხად ჯიუტ სიჩუმეს იღებდნენ.

Breakthrough Listen შედარებით ახალი ასტრონომიული პროგრამაა, რომელიც ჩვენს ადგილობრივ სამყაროში (დედამიწიდან დაახლოებით 160 სინათლის წლის რადიუსში) არამიწიერ ცივილიზაციათა ტექნოლოგიების ნიშნებს ეძებს. დაწყებიდან პირველი სამი წლის განმავლობაში, ჯგუფმა, რომელსაც კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრები ხელმძღვანელობენ, ამ საქმეში იმაზე გაცილებით მეტს მიაღწია, ვიდრე სხვა ჯგუფებმა მანამდე.

თავიანთ მონაცემები ახლახან მათ საჯაროდ გახსნეს. მონაცემებს შორის არის ახლომდებარე 1327 ვარსკვლავის (ადგილობრივი სამყაროს ვარსკვლავთა დაახლოებით 80%) დეტალური ანალიზები. ინფორმაციის მოცულობა 1 პეტაბაიტია — იგივე, რაც მუსიკალური ფაილები, რომლებსაც 2000 წლის განმავლობაში უწყვეტად დაუკრავდით.

დასავლეთ ვირჯინიაში განთავსებული გრინ-ბენკის ოპტიკური ტელესკოპისა და ავსტრალიაში მდებარე CSIRO-ს პარკერის რადიოტელესკოპის მიერ შეგროვებული მონაცემები წარმოადგენს არამიწიერი ცივილიზაციის ძებნის ყველზე ყოვლისმომცველ და დეტალურ მონაცემებს კაცობრიობის ისტორიაში.

მას შემდეგ, რაც მონაცემებიდან გაცხრილეს მილიონობით საეჭვო მოვლენა, რომლებიც ძირითადად ადამიანების ან ბუნებრივად იყო გამოწვეული — დარჩა მხოლოდ რამდენიმე კანდიდატი. უკვე მათი ანალიზებისას კი, მკვლევართა ჯგუფი სრულიად ხელცარიელი დარჩა.

კვლევის ავტორის, დანი პრაისის განცხადებით, ახლომდებარე ვარსკვლავებს ისინი ათასობით საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ მილიარდობით სხვადასხვა სიხშირეზე. შედეგად, დედამიწის მიღმა მათ ვერ იპოვეს ვერანაირი ხელოვნური სიგნალი, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენს მიღმა გონიერი სიცოცხლე არ არსებობს. პრაისის აზრით, შესაძლოა ჯერ შესაბამის ადგილას არ ვეძებთ, ანდაც საკმარისად ღრმად არ ვეძებთ სუსტ სიგნალებს.

როგორც წესი, მსგავსი ძებნა აშკარად შეზღუდულია ადამიანური გაგებითა და წარმოსახვით. ე. წ. არამიწიერი ტექნოხელწერები მოიცავს მხოლოდ იმას, რასაც ჩვენ ტექნოლოგიად აღვიქვამთ; რა თქმა უნდა, მათ შორის არის რადიოსიგნალებიც.

პროექტ Breakthrough-ს ფარგლებში, ასტრონომებმა ამ დრომდე ყველაზე მკაცრი საზღვრები დააწესეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა გაიპარა რაღაც ისეთი, რის შესახებაც ჯერ არაფერი ვიცით. თეორიულად ეს კოსმოსური ნემსის პოვნის დიდ შანსს გვაძლევს.

„ამ სფეროში მოღვაწე სხვა საზოგადოებებთან ერთად, ვიწყებთ მკაცრი და ცხადად განსაზღვრული ლიმიტების შემოღებას მოწინავე არამიწიერ ცივილიზაციათა ქცევებთან მიმართებაში“, — წერია კვლევაში.

მკვლევრები შენიშნავენ იმასაც, რომ ტექნოლოგიურად მოწინავე ცივილიზაციათა შეფასებისათვის საჭიროა დამატებითი დაკვირვებები და თეორიული მუშაობა.

Breakthrough-ს უახლესი ტექნოლოგია განსაკუთრებით მგრძნობიარეა და მოიცავს სიგნალთა ტიპების ფართო მრავალფეროვნებას, მაგალითად, დაბალი დიაპაზონის რადიოსიხშირეებსა და კაშკაშა ლაზერებს, რომლებსაც შესაძლოა, კომუნიკაციების ან პროპულსიური ტექნოლოგიებისთვის იყენებდნენ.

იმის გასარკვევად, რომ სიგნალი მართლაც არამიწიერი წარმოშობისაა და არ წარმოადგენს ადამიანთა რადიოსიგნალებს, ასტრონომები სპეციალურ მეთოდს იყენებენ. ერთი სამიზნეს ამორჩევისას, ტელესკოპი მასზე ხუთი წუთით კონცენტრირდება, შემდეგ ხუთ წუთს კი მეორეზე გადაინაცვლებს.

ეს სტრატეგია მეორდება სამჯერ, რისი წყალობითაც მკვლევრები ხედავენ, სიგნალი ფიქსირებული წერტილიდან მოდის თუ სხვა მიმართულებიდანაც; ეს უკანასკნელი ვარიანტი ადამიანური სიგნალების მიერ ხელის შეშლის დიდ ალბათობაზე მიუთითებს. გარდა ამისა, ჯგუფმა სიგნალები სხვა მეთოდებითაც გაფილტრა; მათ შორის იყო მანქანური სწავლება.

ახლანდელი ანალიზები Breakthrough-ს წინა, 2017 წელს გამოქვეყნებულ შედეგებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. მაშინ ანალიზები 629 ვარსკვლავს ჩაუტარდა.

უახლოეს მომავალში, პროექტის ფარგლებში ასტრონომები მრავალტალღოვან დაკვირვებებს გეგმავენ სხვა ახლომდებარე ვარსკვლავებსა და 100 გალაქტიკაზე.

საერთო ჯამში, ჯგუფის გეგმებში შედის მილიონი ახლომდებარე ვარსკვლავის კვლევა, ისევე როგორც რადიო და ოპტიკური დაკვირვებები გალაქტიკურ სიბრტყესა და გალაქტიკურ ცენტრზე.

„მართალია, ვერაფერი ვიპოვეთ, მაგრამ იმედს არ ვკარგავ. მრავალი ახალი მეთოდით შესასწავლი ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ვარსკვლავია“, — აღნიშნავს კვლევის ავტორი დანი პრაისი.

კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Guardian-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი