არამიწიერ ცივილიზაციებს შესაძლოა, გალაქტიკა უკვე მოვლილი აქვთ და დედამიწასაც სტუმრობდნენ - ახალი კვლევა
არამიწიერ ცივილიზაციებს შესაძლოა, გალაქტიკა უკვე მოვლილი აქვთ და დედამიწასაც სტუმრობდნენ - ახალი კვლევა

ირმის ნახტომი შეიძლება სავსე იყოს ვარსკვლავთშორისი არამიწიერი ცივლიზაციებით, მაგრამ მათ შესახებ არაფერი ვიცით, რადგან დედამიწა ბოლო 10 მილიონი წლის განმავლობაში არ მოუნახულებიათ. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

The Astronomical Journal-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რომელიმე გონიერი არამიწიერი სიცოცხლე შეიძლება გალაქტიკას იკვლევდეს, ვარსკვლავებს შორის გადაადგილებისთვის კი ვარსკვლავურ სისტემათა მოძრაობას იყენებდეს.

კვლევა წარმოადგენს ფერმის პარადოქსის სახელით ცნობილი შეკითხვის ახალ პასუხს. შეკითხვა შემდეგია — რატომ ვერ ვიპოვეთ ამ დრომდე გონიერი არამიწიერი სიცოცხლის ნიშნები.

პარადოქსი პირველად ფიზიკოსმა ენრიკო ფერმიმ წამოაყენა, რომელმაც იკითხა — „სად არის ყველა?“

ფერმის აინტერესებდა ვარსკვლავებს შორის მოძრაობის შესაძლებლობა. თუმცა, მას შემდეგ მისი შეხედულებები არამიწიერ ცივილიზაციათა არსებობის შესახებ ეჭვქვეშ დადგა.

ფერმის შეკითხვას იკვლევდა ასტროფიზიკოსი მაიკლ ჰარტი, რომელიც 1975 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნავდა, რომ გონიერ არამიწიერ სიცოცხლეს ჩვენი გალაქტიკის წარმოქმნიდან დღემდე თავზე საყრელი დრო, 13,6 მილიარდი წელი ჰქონდა ირმის ნახტომის კოლონიზაციისთვის, მაგრამ მათგან დღემდე არაფერი გვსმენია.

შესაბამისად, ჰარტმა დაასკვნა, რომ ჩვენს გალაქტიკაში სხვა მოწინავე ცივილიზაცია არ არსებობს.

ახალი კვლევა ფერმის შეკითხვაზე განსხვავებულ პერსპექტივას გვთავაზობს – იქნებ არამიწიერ ცივილიზაციებს დრო სჭირდებათ და ამჟამად სტრატეგიის შემუშავების პროცესში არიან?

კვლევის ავტორის, ჯონათან კაროლ ნელენბეკის განცხადებით, თუკი ამ პრობლემის გადაწყვეტის მცდელობისას მხედველობაში არ მივიღებთ ვარსკვლავების მოძრაობას, დაგრჩებათ ორიდან ერთი გამოსავალი — თავიანთ პლანეტას ან არავინ ტოვებს, ან გალაქტიკაში მართლაც ერთადერთი ტექნოლოგიური ცივილიზაცია ვართ.

ვარსკვლავები (და პლანეტები მათ გარშემო) გალაქტიკის ცენტრის გარშემო სხვადასხვა გზებზე, სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობენ. ამ დროს ისინი პერიოდულად ჩაუვლიან ერთმანეთს. შესაბამისად, როგორც კაროლ-ნელენბეკი აღნიშნავს, არამიწიერი ცივილიზაციები შეიძლება უცდიდნენ, როდის მივა მათთან ახლოს დანიშნულების შემდეგი ადგილი.

ამ შემთხვევაში, ცივილიზაციებს ვარსკვლავებს შორის გასავრცელებლად იმაზე მეტი დრო დასჭირდებათ, ვიდრე ჰარტი ვარაუდობდა. შესაბამისად, ისინი ჩვენ ან ჯერ არ მოგვწდომიან, ან უკვე გვესტუმრნენ, მაგრამ ძალიან დიდი ხნის წინ, სანამ ადამიანები გაჩნდებოდნენ.

ახალი იდეა ვარსკვლავთშორისი მოგზაურობის შესახებ

მეცნიერები ფერმის პარადოქსზე პასუხის გაცემას მრავალი სხვადასხვა გზით ცდილობდნენ. იკვლევდნენ იმ შესაძლებლობას, რომ არამიწიერი სიცოცხლის ყველა ფორმა პლანეტებისს ზედაპირქვეშ, ოკეანეებში ყალიბდება; ზოგიერთი მკვლევრის აზრით კი თავიანთ ქმედებათა გამო ცივილიზაციებმა საკუთარი თავი იქამდე მოსპეს, ვიდრე ვარსკვლავთშორისი მოგზაურობის შესაძლებლობას მიაღწევდნენ.

ასევე არსებობს „ზოოპარკის ჰიპოთეზა“, რომლის მიხედვითაც, ირმის ნახტომის საზოგადოებებმა გადაწყვიტეს, არ დაგვეკონტაქტონ, ზუსტად იმავე მიზეზით, როგორც ჩვენ ვიზამთ ჯუნგლებში მცხოვრებ უკონტაქტო ადგილობრივ ტომებს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის 2018 წლის კვლევის მიხედვით კი, დაახლოებით 5-დან 2 შანსია იმისა, რომ ჩვენს გალაქტიკაში მარტონი ვართ, 3-დან 1 შანსი კი იმისა, რომ მთლიანად კოსმოსში ვართ მარტონი.

თუმცა, ახალი კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ წინა კვლევებს მხედველობაში არ მიუღია გადამწყვეტი ფაქტი ჩვენი გალაქტიკის შესახებ — მისი მოძრაობა. ზუსტად ისე, როგორც პლანეტები უვლიან გარშემო ვარსკვლავებს, ვარსკვლავური სისტემები გარს უვლიან გალაქტიკის ცენტრს. მაგალითად, ჩვენი მზის სისტემა ირმის ნახტომის ცენტრის გარშემო ერთ შემოვლას 230 მილიონ წელიწადს ანდომებს.

კვლევის მიხედვით, თუკი ცივილიზაციები ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულ ვარსკვლავურ სისტემებში წარმოიშვნენ (როგორც ჩვენია, რომელიც გალაქტიკის განაპირას მდებარეობს), მათი მოგზაურობა გაცილებით დამოკლდება, თუ მოუცდიან ორბიტულ მოძრაობას, რაც მათ სიცოცხლისათვის ხელსაყრელ ვარსკვლავურ სისტემასთან ახლოს მიიყვანს.

მას შემდეგ, რაც ახალ სისტემაში დასახლდებიან, უცხოპლანეტელები შემდეგი გადახტომისთვის შესაძლოა, მოგზაურობის ოპტიმალურ მანძილს უცდიდნენ და ასე გრძელდებოდეს დაუსრულებლად.

ამ სცენარის მიხედვით, არამიწიერი ცივილიზაციები გალაქტიკაში დიდად მოგზაურები არ არიან. ისინი უბრალოდ ძალიან დიდხანს იცდიან, რათა მათი ვარსკვლავი ახლოს მივიდეს რომელიმე ისეთ ვარსკვლავთან, რომელთანაც სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პლანეტა მოძრაობს.

Კაროლ-ნელენბეკის თქმით, თუკი ეს პროცესი მილიარდობით წელიწადს გრძელდება, ხელთ გვაქვს ფერმის პარადოქსიდან კიდევ ერთი გამოსავალი. სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტები იმდენად იშვიათობაა, რომ იმაზე მეტხანს მოცდა მოგიწევთ, ვიდრე რომელიმე ცივილიზაცია გაძლებს იქამდე, სანამ ახლომახლოს სხვა რომელიმე ცივილიზაცია მოვა.

ირმის ნახტომი შესაძლოა სავსეა დასახლებული ვარსკვლავური სისტემებით

იმ სცენართა შესასწავლად, რომელთა მიხედვითაც არამიწიერი ცივილიზაციები უნდა არსებობდნენ, მკვლევრებმა გამოიყენეს რიცხობრივი მოდელები, რათა მოეხდინათ გალაქტიკის მასშტაბით ცივილიზაციის გავრცელების სიმულირება.

ჰიპოთეტური ცივილიზაციის ახალ ვარსკვლავურ სისტემასთან სიახლოვისათვის მათ დაუშვეს მრავალი შესაძლებლობა, მისი ვარსკვლავთშორისი ხომალდების დიაპაზონი და სიჩქარე და მათი გაშვების სიხშირის მაჩვენებელი.

მკვლევართა ჯგუფს არ უცდია გამოეცნო უცხოპლანეტელთა მოტივაცია ან პოლიტიკა — ტენდენცია, რომელსაც ზოგიერთი ასტრონომი ფერმის პარადოქსის ამოხსნის მთავარ სირთულედ მიიჩნევს.

გალაქტიკაში არამიწიერ ცივილიზაციათა გავრცელების მოდელირების ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ვმუშაობთ მონაცემთა მხოლოდ ერთი წერტილით — ჩვენ თვითონ. შესაბამისად, ყველა ჩვენი პროგნოზი ეფუძნება ჩვენს საკუთარ ქცევას.

თუმცა, ასეთი შეზღუდვის პირობებშიც კი, მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ირმის ნახტომი შესაძლოა სავსეა დასახლებული ვარსკვლავური სისტემებით, რომელთა შესახებ უბრალოდ არაფერი ვიცით. ეს ვარაუდი კვლავ მართებული დარჩა, როცა მკვლევრებმა არამიწიერ ცივილიზაციათა ვარსკვლავთშორისი მოგზაურობის სიჩქარისა და სიხშირის შესაფასებლად კონსერვატიული მიდგომა გამოიყენეს.

როგორც კაროლ-ნელენბეკი აღნიშნავს, მრავალი სისტემა შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის ხელსაყრელი და დასახლებული, მაგრამ ისინი ჩვენთან არ ყოფილან, რადგან ამისათვის ჯერ საკმარისად ახლოს არ არიან.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ დრომდე მზის სისტემის მიღმა აღმოჩენილი გვაქვს 4000-მდე პლანეტა, მაგრამ სიცოცხლეს ჯერ ვერცერთ მათგანზე ვერ მივაგენით. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ირმის ნახტომში სულ მცირე 100 მილიარდი ვარსკვლავი (ზოგიერთი შეფასებით 400 მილიარდამდე) და კიდევ უფრო მეტი პლანეტაა (ტრილიონამდე).

ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, ირმის ნახტომში სიცოცხლისათვის ხელსაყრელი, დედამიწის მსგავსი 10 მილიარდამდე პლანეტა უნდა იყოს.

გამომდინარე აქედან, როგორც კვლევის ავტორები მიუთითებენ, იმის მტკიცება, რომ არც ერთ მათგანზე სიცოცხლე არ არის, იმის მტკიცების მსგავსი იქნება, აუზის ოდენობის წყალში რომ დელფინები ვერ ვიპოვოთ და ამის გამო დავასკვნათ, რომ ოკეანეში დელფინები არ არსებობენ.

შესაძლოა, არამიწიერი ცივილიზაციები დედამიწას წარსულში სტუმრობდნენ

არამიწიერ ცივილიზაციათა შესახებ კიდევ ერთი საკვანძო ელემენტია ის, რასაც ჰარტი „ფაქტ A“-ს უწოდებდა — დედამიწაზე ამჟამად ვარსკვლავთშორისი ვიზიტორები არ არიან და არც წარსულში ვიზიტის მტკიცებულებები გვაქვს.

თუმცა, ახალი კვლევის ავტორთა აზრით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი აქ არასდროს ყოფილან.

ავტორთა თქმით, თუკი რომელიმე არამიწიერი ცივილიზაცია დედამიწას მილიონობით წლის წინ სტუმრობდა (ჩვენი პლანეტა 4,5 მილიარდი წლისაა), შესაძლებელია, რომ მათი ვიზიტის ნიშნები აღარ არსებობდეს. ასევე იშველიებენ წინა კვლევას, რომლის მიხედვითაც, შეიძლება უბრალოდ არ შეგვიძლია უცხოპლანეტელთა წარსულში ვიზიტების მტკიცებულებათა დაფიქსირება.

ასევე შესაძლებელია ისიც, რომ არამიწიერმა ცივილიზაციებმა დედამიწას ახლოს ჩაუარეს მას შემდეგ, რაც ამ პლანეტაზე ჩვენ უკვე ვარსებობდით, მაგრამ გადაწყვიტეს, არ გვწვეოდნენ.

გარდა ამისა, ავტორთა თქმით, უცხოპლანეტელებს შეიძლება სულაც არ სურდეთ ისეთ პლანეტაზე ჩასვლა, სადაც სიცოცხლე უკვე არსებობს. ეს კი ცოტა არ იყოს ჩვენთვის წარმოუდგენელია, რადგან ადამიანები დაპყრობათა გზით ექსპანსიისკენ ვართ მიდრეკილი.

ახალმა კვლევამ ყველა ეს შესაძლებლობა მხედველობაში მიიღო — გამოთვლებში გაითვალისწინეს ისიც, რომ არამიწიერი ცივილიზაციები გზად შემხვედრ სიცოცხლისათვის ხელსაყრელ პლანეტათა მხოლოდ გარკვეულ ნაწილზე უნდა სახლდებოდნენ. მკვლევართა თქმით, თუკი სიცოცხლისათვის ხელსაყრელ პლანეტათა ოდენობა საკმარისია, არამიწიერი ცივილიზაციები გალაქტიკის მასშტაბით შეიძლება საკმაოდ ადვილად ვრცელდებოდნენ.

შესასწავლი ჯერ კიდევ ბევრი რამ არის

მკვლევრები ფიქრობენ, რომ სამყაროში გამეფებულმა დუმილმა მოტივაცია არ უნდა დაგვიკარგოს.

„ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მარტონი ვართ. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტები ძალიან იშვიათია და თანაც, ძნელად მისასვლელი“, — ამბობს კვლევის ავტორი კაროლ-ნელენბეკი.

შენდება მრავალი ახალი, მოწინავე ტელესკოპი და შესაბამისად, უახლოეს წლებში დრამატულად გაუმჯობესდება ჩვენი შესაძლებლობები, აღმოვაჩინოთ და დავაკვირდეთ სიცოცხლისთვის პოტენციურად ხელსაყრელ ეგზოპლანეტებს.

ეგზოპლანეტებს წლების განმავლობაში ეძებდა კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი. ამ საქმეს ახლა მისი მემკვიდრე, ნასას ახალი კოსმოსური ტელესკოპი TESS-ი აგრძელებს.

ნასამ უკვე დაასრულა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მშენებლობაც, რომელიც კოსმოსში წარმოუდგენლად შორის, თითქმის დიდ აფეთქებამდე გაიხედავს. ეს უმძლავრესი ხელსაწყო 2021 წელს გაეშვება.

კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი