გალაქტიკებში მოგზაურობისთვის, არამიწიერი ცივილიზაციები შესაძლოა, მიკროსკოპულ ხომალდებს იყენებენ - ქართველი ასტროფიზიკოსის კვლევა
გალაქტიკებში მოგზაურობისთვის, არამიწიერი ცივილიზაციები შესაძლოა, მიკროსკოპულ ხომალდებს იყენებენ - ქართველი ასტროფიზიკოსის კვლევა

წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ცხვირწინ არამიწიერი ცივილიზაციის ხომალდები დაფრინავენ, მაგრამ ამის შესახებ არაფერი ვიცით, ვერ ვამჩნევთ, რადგან ისინი სულ ერთი ციცქნა, ნანოსტრუქტურებია. ეს ახალი იდეა ეკუთვნის მეცნიერს, რომელიც ფერმის პარადოქსის ახსნის ახალ ვერსიას გვთავაზობს.

ამ თეორიას სახელი იტალიელ-ამერიკელი ფიზიკოსის, ენრიკო ფერმის პატივსაცემად ეწოდა და როგორც ის გვთავაზობს, ირმის ნახტომი იმდენად დიდი და იმდენად ძველი გალაქტიკაა, რომ ძალიან მაღალია შანსი, ჩვენ გარდა სადმე სხვა ცივილიზაციაც აღმოცენებულიყო. თუმცა, სად არიან ისინი?

იქნებ ისინი მთელ სამყაროშიც მოგზაურობენ, მაგრამ ამისათვის ნანომეტრის სიგრძის მიკროაპარატებს იყენებენ? ამ მოსაზრებას თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ზაზა ოსმანოვი გვთავაზობს. უფრო მეტიც, ამ საკმაოდ თამამი მოსაზრების გასამყარებლად ოსმანოვმა საკმაოდ დეტალური გამოთვლებიც ჩაატარა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოსმანოვის ნაშრომი გვთავაზობს ძალიან დამაინტრიგებელ შესაძლებლობას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს უცხო ცივილიზაციებმა ჩვენამდე მოაღწიონ.

ახალი კვლევა ეფუძნება მოსაზრებას ე. წ. ფონ ნოიმანის ზონდების შესახებ, რომლის მიხედვითაც, გალაქტიკებში მოგზაურობა-კვლევისთვის არამიწიერი ცივილიზაციები შესაძლოა, თვითაღწარმოებად ხომალდებს იყენებენ, თანაც ისე, რომ ამისათვის საჭირო არ არის, თავადაც დატოვონ მშობლიური პლანეტა.

ნოიმანის ზონდების შესაძლო ფუნქციონირების გარკვევის წინა მცდელობები ერთ საერთო პრობლემას წააწყდა — თვითაღწარმოებას ახალი მასალებით გამუდმებული მომარაგება სჭირდება და უცნობია, არის თუ არა ღრმა კოსმოსში მონახულების ღირსი საკმარისი პლანეტა ან კლდოვანი სხეული.

ამ პრობლემის დასაძლევად, ზაზა ოსმანოვმა ხომალდების მასშტაბები შეამცირა. ცხადია, მიკროსკოპულ ზონდებს გზადაგზა გაცილებით ცოტა  მასალა დასჭირდებათ და შესაძლოა, ენერგიის მხრივ სულაც დამოკიდებული იყვნენ ვარსკვლავთშორისი სივრცის მტვერში მოფარფატე წყალბადის ატომებზე.

თეორიულად, ეს ნანომასშტაბის ზონდები იმაზე გაცილებით ეფექტიანი უნდა იყოს, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა. გარდა ამისა, თვითაღწარმოებისთვის მათ შეიძლება სულ რამდენიმე წელი სჭირდებოდეთ და შესაბამისად, სამყაროს გარშემოც შედარებით სწრაფად მოგზაურობდნენ. ასევე, სულ რამდენიმე სინათლის წლის განმავლობაში ინტესნიური რეპროდუქციის შემთხვევაში, ეს ზონდები შეიძლება, უკიდურესად მრავალრიცხოვანი გახდეს — მილიონობით და მილიარდობით.

ლოგიკურია, ჩნდება კითხვა — როგორ შევამჩნიოთ ასეთი ხომალდები? ზაზა ოსმანოვის აზრით, ასეთი მკვლევარი ზონდების გროვა კაშკაშა გამოსხივებას უნდა გამოსცემდეს ფრენისას, როცა ისინი პროტონებს შთანთქავენ.

ოსმანოვის განცხადებით, თუ სწორად მოვძებნით, მათ დანახვასაც შევძლებთ — თუკი ისინი გროვებად მოძრაობენ, ინფრაწითელ სპექტრში შეიძლება ჰგავდნენ რამდენიმე კილომეტრის სიგრძის კომეტას.

არამიწიერი სიცოცხლის ძებნა აქტიურად გრძელდება და ამ მიმართულებით, ზაზა ოსმანოვს საკმაოდ საინტერესო მოსაზრებები აქვს.

ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად ისმის მოსაზრება, რომ სიცოცხლის უცხო ფორმები კოსმოსში მართლაც არსებობს, მაგრამ ჩვენ მათ ჯერ ვერ ვხედავთ ან უბრალოდ, მათ არ სურთ, რომ დავინახოთ. შესაბამისად, მხოლოდ ჩვენი ტექნოლოგიების განვითარების დონეზე უნდა იყოს დამოკიდებული იმ არამიწიერ ცივილიზაციათა შემჩნევა, რომლებიც შესაძლოა, უკვე აქტიურად გვაკვირდებიან.

„ყველა ზემოთხსენებული შედეგი მიუთითებს, რომ თუ აღმოვაჩენთ უცნაურ ობიექტს, რომელსაც სიკაშკაშის უკიდურესად მაღალი მატება შეემჩნევა, ეს იმის კარგი ნიშანი იქნება, რომ ობიექტი მოვათავსოთ ფონ ნოიმანის არამიწიერი ხომალდების კანდიდატობის სიაში“, — წერს ზაზა ოსმანოვი.

კვლევა International Journal of Astrobiology-ში გამოვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.