მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი რადიოტელესკოპი არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნაში ერთვება — #1tvმეცნიერება
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი რადიოტელესკოპი არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნაში ერთვება — #1tvმეცნიერება

კერძო პროექტმა Breakthrough Listen-მა, რომელიც გონიერი არამიწიერი ცივილიზაციის ნიშნებს ეძებს, ოპერაციები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში განთავსებულ რადიოტელესკოპთა წყება MeerKAT-ზეც დაიწყო.

მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ჯგუფი ასეთ ნიშნებს მილიონზე მეტ ახლომდებარე ვარსკვლავთან მოძებნის, რითაც სამიზნეთა რაოდენობა ათასჯერ გაიზრდება.

„ძალიან აღელვებული ვარ, რომ ტექნოხელწერების ძებნა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ტელესკოპით შემიძლია. MeerKAT-ი საშუალებას მოგვცემს, რომ დედამიწის ყველაზე კაშკაშა რადიოგადამცემთა მსგავსი გადამცემები 250 სინათლის წლის რადიუსში აღმოვაჩინოთ“, — ამბობს Breakthrough Listen-ის მეცნიერი ჩერი ენჯი.

ამ დიაპაზონში დაახლოებით 260 000 ვარსკვლავია. უფრო შორეულ ვარსკვლავთათვის ძებნა უფრო რთული იქნება, მაგრამ მაინც არის იმის შანსი, რომ სიგნალები ასეთი შორეული წყაროებიდანაც დავაფიქსიროთ.

გონიერი არამიწიერი ცივილიზაციების ძებნა (SETI) ძალიან არასახარბიელო პოზიციაშია, რადგან კვლევებისთვის იშვიათად იღებს სამთავრობო დაფინანსებას SETI-ის კვლევებს NASA დიდწილად თავს არიდებს, მას შემდეგ, რაც 1993 წელს გაუქმდა მის მიერ დაგეგმილი პროექტი High Resolution Microwave Survey.

SETI-ს დაკავშირება კონსპირაციულ თეორიებთან (ზოგჯერ უსამართლოდ), ზოგჯერ ჩრდილავს მის პოტენციალს, რომ პასუხი გასცეს იმ ერთ-ერთ უდიდეს კითხვას, რომელიც კაცობრიობას შეუძლია დასვას: ვართ თუ არა სამყაროში მარტონი.

მილიარდერ ჯულია და იური მილნერების მიერ გაღებულმა კერძო დაფინანსებამ, ბოლო წლებში SETI გააძლიერა.

სხვა ტელესკოპებთან ერთად, Breakthrough Listen-ი იყენებს გრინ-ბენკის ტელესკოპს აშშ-ში და პარკსის ტელესკოპს ავსტრალიაში. MeerKAT-ი პროექტისთვის ახალი შენაძენია.

MeerKAT-ის წყება მოიცავს 64 თეფშს, რომლებსაც ცის იმაზე 50-ჯერ დიდ მონაკვეთზე დაკვირვება შეუძლია, ვიდრე გრინ-ბენკის ტელესკოპს; შედეგად, ის განსაკუთრებული ხელსაწყოა ახლო გალაქტიკურ სამეზობლოზე დაკვირვებებისთვის.

საინტერესოა, რომ Breakthrough Listen-ის პროგრამული უზრუნველყოფა MeerKAT-ზე, „ერთდროული რეჟიმის“ საშუალებას იძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მკვლევართა ჯგუფს ტექნოხელწერების ძებნა ისე შეუძლია, რომ არ დაიკავონ სხვა ასტრონომთა დაკვირვების დროები.

„ასეთი ვრცელი ველი ძირითადად მრავალ ისეთ ვარსკვლავს მოიცავს, რომლებიც საინტერესო სამიზნეების ტექნოხელწერებისთვის საძებნელად. ჩვენი ახალი სუპერკომპიუტერი 64 თეფშის სიგნალის კომბინირების საშუალებას გვაძლევს, რათა სამიზნეების მაღალი რეზოლუციის სკანირებები ჩავატაროთ სრულყოფილი მგრძნობელობით, თანაც ისე, რომ ხელი არ შევუშალოთ ამ ტელესკოპზე სხვა ასტრონომთა მიერ წარმოებულ კლევებს“, — ამბობს Breakthrough Listen-ის მეცნიერი ენდრიუ სეიმიონი.

MeerKAT-ით კვლევის ერთ-ერთი პირველი სამიზნე იქნება მზის უახლოესი მეზობელი ვარსკვლავი პროქსიმა კენტავრი, რომლის სასიცოცხლო ზონაშიც სულ მცირე ორი კლდოვანი პლანეტა მოძრაობს.

ასტრონომები აქტიურად განიხილავენ, შეიძლება თუ არა იქ ტექნოლოგიური ცივილიზაციები იყვნენ.

ასტრონომთა ერთი ბანაკის აზრით, იქ რომ ცივილიზაცია იყოს, მათ შესახებ უკვე გვეცოდინებოდა. ასეთია ფერმის პარადოქსის წინაპირობა, რომლის მიხედვითაც, სიცოცხლე სავარაუდოდ მთელ სამყაროშია გავრცელებული და უცნაურია, რომ ჯერ არც ერთი სხვა ცივილიზაცია არ გვინახავს.

1961 წელს შემუშავებული დრეიკის განტოლება ფერმის პარადოქსის მათემატიკურად გამოხდის ახსნას ცდილობს, ადგენს სიცოცხლის პოვნის კონკრეტულ ალბათობებს.

არამიწიერი ცივილიზაციების რაიმე ნიშანი ჯერ მართლაც არ გვიპოვია. პროექტ Breakthrough Listen-ში მიაჩნიათ, რომ თუ არ ვეძებეთ, ვერც ვიპოვით. MeerKAT-ის უმძლავრესი შესაძლებლობები ამ ძებნას კიდევ უფრო ღრმას გახდის. ყველაფერს დრო გვიჩვენებს…

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.