ჩვენს გალაქტიკაში შესაძლოა, სულ მცირე 36 გონიერი არამიწიერი ცივილიზაცია არსებობს — ახალი კვლევა
ჩვენს გალაქტიკაში შესაძლოა, სულ მცირე 36 გონიერი არამიწიერი ცივილიზაცია არსებობს — ახალი კვლევა

ადამიანის არსებობის ფაქტი არის მტკიცებულება, რომ სამყაროში შესაძლებელია ტექნოლოგიურად დაწინაურებული სიცოცხლე, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ცივილიზაციათა ძებნის ჩვენი ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. გამომდინარე იქიდან, რომ სიცოცხლის არსებობის ერთადერთი მტკიცებულება მხოლოდ დედამიწაზეა, რთულია იმის ცოდნა, რამდენად გავრცელებული ან იშვიათია სამყაროში სიცოცხლე.

თუმცა, დედამიწის მიღმა სიცოცხლის აღმოცენების ალბათობის შეფასების ახალი მეთოდი იმედის საფუძველს გვაძლევს. გამოყენებული პარამეტრების მიხედვით, ირმის ნახტომში უნდა არსებობდეს სულ მცირე 36 ისეთი ცივილიზაცია, რომელსაც საკომუნიკაციო სიგნალების გადაცემა შეუძლია; მკვლევართა აზრით, ასეთ ცივილიზაციათა რაოდენობა შეიძლება, უფრო მეტიც იყოს.

„თუ დავუშვებთ, რომ სიცოცხლის გონიერი ფორმის ჩამოყალიბებას დედამიწის მსგავსად სხვა პლანეტებზეც ხუთი მილიარდი წელი სჭირდება, ჩვენს გალაქტიკაში სულ მცირე რამდენიმე ათეული ცივილიზაცია უნდა იყოს“, — ამბობს გაერთიანებული სამეფოს ნოტინგჰემის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი კრისტოფერ კონსელაისი.

მისი თქმით, ახალი მეთოდის იდეა ევოლუციის ძებნაა, მაგრამ კოსმოსური მასშტაბით; ასეთ გათვლებს მათ კოპერნიკის ასტრობიოლოგიური ზღვარი უწოდეს.

გალაქტიკაში გონიერი ცივილიზაციების რიცხვის შეფასებისათვის არსებობს რამდენიმე პარამეტრი. კონსელაისმა და მისმა კოლეგამ, ინჟინერმა ტომ ვესტბიმ რამდენიმე პარამეტრზე დაყრდნობით შექმნეს კალკულაციების სკალა.

ყველაზე სუსტი კოპერნიკის ასტრობიოლოგიური ზღვრისთვის, ჯგუფმა ივარაუდა, რომ გონიერი სიცოცხლე წარმოიქმნება ყველგან, სადაც შესაძლებელია — საკმარისი ასაკისა და მეტალიანობის დედავარსკვლავის გარშემო სასიცოცხლო ზონაში მოძრავ კლდოვან პლანეტებზე და სძლებს ვარსკვლავის მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

შედეგად მიიღეს ათობით მილიარდი პოტენციური სასიცოცხლო გარემო, მაგრამ ამავე დროს წარმოუდგენლად ნაკლებად სავარაუდოა, რომ გონიერი სიცოცხლე თითოეულ ასეთ შემთხვევაში აღმოცენებულიყო.

დანარჩენი სამი ზღვრისთვის, მოწინავე ცივილიზაციის გამოჩენის ვადები დედამიწის მაგალითის მიხედვით განსაზღვრეს. ჩვენს პლანეტაზე მოწინავე ტექნოლოგიური ცივილიზაციის გამოჩენას დაახლოებით 4,5 მილიარდი წელიწადი დასჭრიდა; ადამიანმა პირველი რადიოსიგნალი მხოლოდ 1895 წელს გადასცა.

შესაბამისად, ყველაზე ძლიერი კოპერნიკის ასტრობიოლოგიური ზღვრისთვის პარამეტრები მოიცავდა მზის მსგავსი მეტალიანობის მქონე ვარსკვლავს, რომლის ასაკიც 4,5-5,5 მილიარდ წლებს შორის მერყეობს. ამას გარდა, ჩათვალეს, რომ კომუნიკაციების გამოყენება ცივილიზაციამ პირველად დაახლოებით 100 წლის წინ დაიწყო (როდესაც ადამიანებმა პირველად გადასცეს სიგნალი); შედეგად კი მიიღეს სულ მცირე 36 ცივილიზაცია.

„გონიერ ცივილიზაციათა რიცხვის შეფასების კლასიკური მეთოდი ეყრდნობა სიცოცხლესთან დაკავშირებულ ფასეოლობათა გამოცნობას და შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები არსებითად განსხვავდება“, ამბობს ვესტბი და აღნიშნავს, რომ მათი ახალი კვლევა ახალ მონაცემებს იყენებს და ასეთ მიდგომებს ამარტივებს, შედეგად კი გვაძლევს ჩვენს გალაქტიკაში ცივილიზაციათა რიცხვის სოლიდურ შეფასებას.

გამომდინარე აქედან, თუ ისინი გალაქტიკაში მართლაც არიან და კოსმოსში ასხივებენ ელექტრომაგნიტურ სიგნალებს, რატომ ვერ ვპოულობთ ან ისინი რატომ ვერ გვპოულობენ? იმიტომ, რომ გალაქტიკა უზარმაზარია. ჯგუფის გამოთვლების მიხედვით, მის ვრცელ მისადგომებში მიმოფანტული 36 ცივილიზაციის შემთხვევაში, თითოეულ წყვილს შორის საშუალო მანძილი 17 000 სინათლის წელიწადია.

ჩვენი გადამცემების მიერ გამოყოფილი რადიოტალღები კოსმოსში ვრცელდება, მაგრამ მათ კონკრეტული სიჩქარე გააჩნიათ. ასეთი სიგნალები შედგება ელექტრომაგნიტური რადიაციისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ მოძრაობა მათ მხოლოდ სინათლის სიჩქარით შეუძლიათ. 1895 წელს განხორციელებულ პირველ რადიოსგნალს ამ დროისათვის დედამიწიდან 125 სინათლის წელი უნდა ჰქონდეს გავლილი.

გარდა ამისა, დედამიწიდან გამოსხივებულ ბევრ სიგნალს იონოსფერო ამახინჯებს. თუნდაც არ დამახინჯდეს, მაგალითად დედამიწა-კოსმოსის საკომუნიკაციო სიგნალები დაახლოებით 100 სინათლის წლის გავლის შემდეგ იმდენად გამოფიტული და დასუსტებული იქნება, რომ მათი დაფიქსირება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება.

შესაბამისად, სანამ არ გავიგებთ, როგორ შევქმნათ რადიომეგაფონი და იქამდე, ვიდრე შევძლებთ, რომ გადავრჩეთ და ტექნოლოგიური სიძლიერე შემდეგი 17 000 წლის განმავლობაშიც შევინარჩუნოთ, ჩვენ არავისთვის არაფერს ვასხივებთ და პირიქით.

თუმცა, ჩვენ მხოლოდ ახლა დავიწყეთ არამიწიერ ცივილიზაციათა არსებობის ალბათობის დადგენა, რადგან გვსურს, რომ უცხო მეგობრები გავიჩინოთ. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ დაგვეხმარება გავიგოთ, რატომ ვარსებობთ.

„ჩვენ მიერ ჩატარებული ახალი კვლევა გვთავაზობს, რომ არამიწიერი გონიერი ცივილიზაციის ძებნა ფარდას ხდის არა მხოლოდ სიცოცხლის ფორმირების ამბავს, არამედ იმის დადგენის გასაღებსაც გვაძლევს, რამდენ ხანს გასძლებს ჩვენი ცივილიზაცია“, — ამბობს კვლევის ავტორი კრისტოფერ კონსელაისი.

მისივე თქმით, თუ დავადგინეთ, რომ გონიერი სიცოცხლე იმაზე გავრცელებულია, ვიდრე ჩვენი კვლევა მიუთითებს, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ჩვენი ცივილიზაცია რამდენიმე ასწლეულზე გაცილებით დიდხანს გასძლებს.

როგორც კონსელაისი იქვე დასძენს, თუ გავარკვიეთ, რომ ჩვენს გალაქტიკაში სხვა აქტიურ ცივილიზაცია არ არსებობს, ეს ცუდი ნიშანი იქნება ჩვენი გრძელვადიანი არსებობისათვის. არამიწიერი გონიერი სიცოცხლის ძებნით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერაფერს ვპოულობთ, ძალიან ბევრს ვიგებთ ჩვენი მომავლისა და ბედის შესახებ.

კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nottingham.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.