ზოგიერთ ეგზოპლანეტაზე შესაძლოა, უფრო მრავალფეროვანი სიცოცხლე იყოს, ვიდრე დედამიწაზე - ახალი კვლევა
ზოგიერთ ეგზოპლანეტაზე შესაძლოა, უფრო მრავალფეროვანი სიცოცხლე იყოს, ვიდრე დედამიწაზე - ახალი კვლევა

სიცოცხლისათვის ხელსაყრელი ეგზოპლანეტების ძებნა საკმაოდ რთული და ხშირად ხელმოცარულია. მართალია, უკვე აღმოჩენილი გვაქვს მრავალი ისეთი პლანეტა, რომლებიც თავიანთ დედავარსკვლავის გარშემო ხელსაყრელი მანძილიდან მოძრაობენ, მაგრამ დამატებითი კვლევები უმეტეს შემთხვევებში მეტყველებს, რომ იქ არაფერია გარდა უსიცოცხლო, ტოქსიკური ქანებისა, რომლებსაც ვარსკვლავის მომაკვდინებელი ქარები ურტყამს.

სხვადასხვა ტიპის ეგზოპლანეტების გარემოს შესასწავლად, მეცნიერებმა ახალი ტიპის კომპიუტერული მოდელირება გამოიყენეს. კვლევის მიხედვით, აბსოლუტურად შესაძლებელია კოსმოსში სადმე არსებობდეს ადგილები, სადაც სიცოცხლე საოცრად ყვავის, უფრო მეტადაც კი, ვიდრე დედამიწაზე.

საქმე ეხება ეგზოპლანეტების ოკეანეებს.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის გეოფიზიკოს სტეფანი ოლსონის განცხადებით, მათი კვლევის მიზანი იყო გამოევლინათ ეგზოპლანეტათა ოკეანეები, რომლებსაც გლობალურად უხვი და აქტიური სიცოცხლის მხარდაჭერის უნარი აქვთ.

მისი თქმით, დედამიწის ოკეანეებში სიცოცხლე დამოკიდებულია ზედა მიმართულების დინებებზე, რომლებსაც ოკეანის ბნელი სიღრმეებიდან საკვები მაღლა, მზით განათებულ ნაწილებში ამოაქვს, სადაც ყვავის ფოტოსინთეთიკური სიცოცხლე. მეტი ნაკადი ნიშნავს საკვებით მეტად მომარაგებას და შესაბამისად, მეტ ბიოლოგიურ აქტიურობას. სწორედ ამ სახის გარემო პირობების ძებნაა საჭირო კლდოვან ეგზოპლანეტებზე.

კლდოვანი ეგზოპლანეტების მოდელის შესასწავლად, ოლსონი და მისი ჯგუფი უყენებდა ნასას მიერ შექმნილ პროგრამულ უზრუნველყოფას, სახელად ROCKE-3D. მათ შექმნეს სხვადასხვა ტიპის ეგზოპლანეტათა მოდელები, რათა შეესწავლათ, რომელ მათგანზე იქნებოდა მდგრადი, ოკეანის ცირკულაციაზე დაფუძნებული სიცოცხლის ალბათობა ყველაზე მაღალი.

ჯგუფმა დაადგინა, რომ სქელი ატმოსფეროს, ბრუნვის დაბალი მაჩვენებლის და კონტინენტების მქონე ეგზოპლანეტებზე მაღალი უნდა იყოს ოკეანეების ზედა დინების მაჩვენებლები.

ოლსონის თქმით, ასეთი დასკვნა მოულოდნელია. როგორც იგი აცხადებს, მოდელებმა აჩვენა, რომ ზოგიერთ ეგზოპლანეტაზე ოკეანის სათანადო ცირკულაცია შეიძლება უკეთ იყოს მორგებული უფრო აქტიურ და უხვ სიცოცხლეზე, ვიდრე დედამიწაზე.

ცნობილია, რომ მლაშე ოკეანეები მზის სისტემის მიღმაც არის. გარდა დედამიწისა, ვიცით, რომ ოკეანე ერთ დროს მარსსაც ჰქონდა. მზის სისტემაში არის მთვარეებიც, რომელთაც ზედაპირქვეშა ოკეანე აქვთ; მათ შორისაა ევროპა, ენცელადი, კალისტო, განიმედე.

თუმცა, ეს ახლომდებარე სხეულები არ ერგება მკვლევართა მიერ წარმოდგენილ კრიტერიუმებს. მარსი მშრალია და აქვს თხელი ატმოსფერო; გაუხშორებული ატმოსფერო აქვთ ზემოთ ჩამოთვლილ მთვარეებსაც, ასევე არ ვიცით მათი კონტინენტების შესახებ.

ჩვენს გალაქტიკაში ძალიან ბევრი ეგზოპლანეტაა. მეცნიერთა შარშანდელი შეფასებით, ჩვენთვის ცნობილ იმ ეგზოპლანეტათა 35 პროცენტს, რომლებიც ზომით დედამიწაზე დიდია, ბევრი თხევადი წყალი უნდა ჰქონდეთ. გარდა ამისა, ერთ-ერთი ბოლო შეფასებით, ჩვენს გალაქტიკაში უნდა იყოს დედამიწის მსგავსი 5-10 მილიარდი პლანეტა.

სიცოცხლისათვის ხელსაყრელი ეგოპლანეტების ძებნისას უპირველესი კრიტერიუმია ე. წ. სასიცოცხლო ზონა — მანძილი ვარსკვლავიდან, სადაც ტემპერატურა ისეთია, რომ ვარსკვლავის ზედაპირზე წყალი თხევადი იყოს, არც აორთქლდეს და არც გაიყინოს.

ახალი კვლევა ამ საკითხს რამდენიმე ისეთ ახალ პარამეტრს უმატებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება სამომავლო ძებნისას.

კვლევის ავტორთა განცხადებით, სამყაროში სიცოცხლის ძებნისას, მიზანში უნდა ამოვიღოთ ის პლანეტები, რომლებიც ყველაზე ხელსაყრელი იქნება ვრცელი, გლობალურად აქტიური ბიოსფეროსთვის, რადგან იქ სიცოცხლის დაფიქსირება ყველაზე ადვილი იქნება.

კვლევა ბარსელონაში გამართულ გოლდშმიტდის გეოქიმიის სამიტზე წარმოადგინეს.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით