იუპიტერის ზომის ციცქნა ვარსკვლავთან დედამიწისხელა პლანეტა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
იუპიტერის ზომის ციცქნა ვარსკვლავთან დედამიწისხელა პლანეტა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ვარსკვლავები ძლიერ მრავალფეროვანია. არსებობს ჩვენი მზის მსგავსი სტაბილური, თეთრ-ყვითელი ვარსკვლავები. არის უზარმაზარი, კაშკაშა, მონსტრი ვარსკვლავები, რომლებიც ძალიან ცოტა ხანს ცოცხლობენ, ზოგიერთი კი და პატარა, მკრთალი წითელი ჯუჯაა.

დიაპაზონში ყველაზე ბოლო ადგილას იმყოფებიან ყველაზე პატარა, ულტრაცივი ჯუჯები — ისინი იუპიტერზე ოდნავ დიდები არიან და ვარსკვლავური სტანდარტებით, მხოლოდ ოდნავ თბილები.

სწორედ ერთ-ერთ ასეთ ვარსკვლავთან იპოვეს ასტრონომებმა ახალი პლანეტა — დედამიწის ზომის ეგზოპლანეტა, რომელიც ჩვენგან 55 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ულტრაცივ ჯუჯა SPECULOOS-3-ის გარშემო საკმაოდ ახლო მანძილიდან მოძრაობს. ეგზოპლანეტას SPECULOOS-3b უწოდეს.

„SPECULOOS-3b პრაქტიკულად ჩვენი პლანეტის ზომისაა“, — ამბობს ბელგიის ქალაქ ლიეჟის უნივერსიტეტის ასტრონომი მიხაელ გილონი.

თავის ვარსკვლავის გარშემო ერთ შემოვლას ეს პლანეტა 17 საათს ანდომებს და ფაქტობრივად, მისი დღეები და ღამეები არასოდეს სრულდება.

„გვჯერა, რომ პლანეტა სინქრონულად ბრუნავს, ისე, რომ მის ერთ მხარეს მუდამ დღეა, მეორე მხარეს კი მუდამ ღამე, ზუსტად ისე, როგორც მთვარე და დედამიწა ბრუნავენ სინქრონულად“, — აღნიშნავს გილონი.

ულტრაცივი ჯუჯები ირმის ნახტომში დიდ ვარსკვლავებზე გაცილებით ბევრია, მაგრამ მათი შესწავლა გარკვეულწილად რთულია, რადგან ისინი ასე ძლიერ პატარა, ცივი და მკრთალებია.

ამის გამო, მათი დანახვა რთულია, მაგრამ აქ უკვე საქმეში ერთვება პროექტი SPECULOOS (Search for habitable Planets EClipsing ULtra-cOOl Stars). ეს გახლავთ ტელესკოპთა ქსელი, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ ასეთ ვარსკვლავთა გარშემო დედამიწის მსგავს პლანეტათა აღმოსაჩენად.

SPECULOOS-3b ტრანზიტის მეთოდით დააფიქსირეს — ვარსკვლავის სინათლის ძლიერ მცირე ჩაბნელებებით, რასაც მის წინ ეგზოპლანეტის გავლა იწვევს. ამ გაზომვების საფუძველზე, გილონმა და მისმა ჯგუფმა იქ პლანეტის არსებობა დაადგინა და მისი ზოგიერთი ფიზიკური მახასიათებელიც განსაზღვრა.

ვარსკვლავი, რომლის გარშემოც ეგზოპლანეტა მოძრაობს, სულ ერთი ციცქნაა, აქვს მზის რადიუსის მხოლოდ 12,3 პროცენტი (ანუ, არის ოდნავ დიდი) და მზის მასის 10 პროცენტი. აქვს მზის ტემპერატურის მხოლოდ ნახევარი და არის მასზე 1000-ჯერ ნაკლებად კაშკაშა. მიუხედავად იმისა, რომ ის ასტრონომიული თვალსაზრისით ჩვენთან ახლოს არის, 55 სინათლის წლის მანძილზე, ამ მიზეზთა გამო, მისი დანახვა საკმაოდ რთულია.

თუმცა, უკვე ვიცით, რომ ეგზოპლანეტა SPECULOOS-3b-ს დედამიწაზე ოდნავ პატარა რადიუსი აქვს. მისი მასა ჯერ უცნობია და შესაბამისად, ძნელია რაიმეს თქმა შემადგენლობის შესახებ, მაგრამ არის რამდენიმე მიზეზი, რათა გვჯეროდეს, რომ ის მკვრივი კლდოვანი პლანეტაა.

პირველი მიზეზია რადიუსი. პლანეტათა ფორმაციისა და ევოლუციის ამჟამინდელ მოდელთა მიხედვით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ SPECULOOS-3b-ის მსგავსი პატარა პლანეტა გაზოვანი ან ყინულოვანი იყოს. მხოლოდ ამის საფუძველზე შეიძლება ვცდებოდეთ, მაგრამ საქმეში ერთვება კიდევ ერთი ფაქტორი — თავად ვარსკვლავი.

ულტრაცივი ჯუჯები ხშირად ძლიერ აქტიურია და ამოფრქვევები ახასიათებთ; დაკვირვებათა კამპანიაში ჯგუფმა ერთი ასეთი მოვლენა შენიშნა. ეგზოპლანეტა ვარსკვლავთან ძლიერ ახლოსაა და შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ დედავარსკვლავი SPECULOOS-3 ცივი და ბნელია, ეგზოპლანეტა მუდმივად განიცდის სასტიკ რადიაციულ ზემოქმედებას, იღებს იმაზე 16-ჯერ მეტ დასხივებას, ვიდრე დედამიწა მზისგან. ასეთი რადიაციის პირობებში, ის უბრალოდ შიშველი კლდე უნდა იყოს.

შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ SPECULOOS-3b სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ატმოსფერო შენარჩუნებული აქვს. მეცნიერებისთვის ეს საკმაოდ ცუდი ამბავია.

„ასეთ გარემოში, ძალიან ნაკლებად არის სავარაუდო, რომ პლანეტამ ატმოსფეროს შენარჩუნება შეძლოს. ის ფაქტი, რომ ამ პლანეტას ატმოსფერო არ აქვს, შეიძლება პლუსი იყოს რამდენიმე ასპექტში. მაგალითად, შეიძლება ბევრი რამ გვასწავლოს ულტრაცივ ვარსკვლავთა შესახებ, რაც თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის უფრო ღრმა კვლევებს სიცოცხლისათვის პოტენციურად ხელსაყრელი მათი პლანეტების შესახებ“, — ამბობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პლანეტური მეცნიერი ჯულიენ დე ვიტი.

ეგზოპლანეტები სხვა ასეთ ვარსკვლავებთანაც არის აღმოჩენილი; ზოგიერთი მათგანი პოტენციურად სიცოცხლისთვის ხელსაყრელიც კია. მათ შორის არის სახელგანთქმული სისტემა TRAPPIST-1, რომელშიც ვარსკვლავის გარშემო სულ მცირე შვიდი პლანეტა მოძრაობს.

SPECULOOS-3b-ის აღმოჩენა მეტყველებს, რომ ტელესკოპთა ქსელი ამ რთულ დავალებას საკმაოდ კარგად ართმევს თავს.

ამასობაში კი, გილონის ჯგუფს იმედი აქვს, რომ ამ უცნაური, ციცქნა პლანეტის შესახებ გაცილებით მეტს გვეტყვის უმძლავრესი ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი. მათ შორის მის მასას, სიმკვრივეს და მინიშნებებს მინერალური შემადგენლობის შესახებ.

კვლევა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.