ასტრონომებმა გამოავლინეს ეგზოპლანეტების ახალი კლასი — ოკეანით დაფარული ცხელი პლანეტები, რომლებზეც შეიძლება სიცოცხლეც იყოს #1tvმეცნიერება
ასტრონომებმა გამოავლინეს ეგზოპლანეტების ახალი კლასი — ოკეანით დაფარული ცხელი პლანეტები, რომლებზეც შეიძლება სიცოცხლეც იყოს #1tvმეცნიერება

როდესაც სიცოცხლეს შორს, გალაქტიკის მასშტაბით ვეძებთ, მთელი ჩვენი ძალისხმევა ეფუძნება იმას, რაც ვიცით. ამ დროს კი ჩვენთვის ცნობილია ერთადერთი პლანეტა, სადაც სიცოცხლე ყვავის — ჩვენი დედამიწა. შესაბამისად, ვეძებთ დედამიწის მსგავს, კლდოვან პლანეტებს დედავარსკვლავისგან კონკრეტულ მანძილზე, სადაც ტემპერატურა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იქნება.

თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სიცოცხლე არ შეიძლება არსებობდეს პლანეტებზე, რომლებიც ნაკლებად ჰგვანან დედამიწას. ამჯერად, ასტრონომთა ჯგუფმა გამოავლინა პლანეტების კლასი, რომელიც შეიძლება, საკმაოდ ნაყოფიერი იყოს — ეგზოპლანეტებზე, რომლებიც მთლიანად ოკეანით არის დაფარული და აქვთ წყალბადით მდიდარი ატმოსფეროთი, შეიძლება სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმა არსებობდეს.

პლანეტურ კვლევებში ასეთი ეგზოპლანეტები კლდოვანებზე უფრო მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შეიძლება ნაყოფიერი ტერიტორია იყოს არამიწიერი სიცოცხლის ძებნაში. მკვლევრებმა მათ „ჰიკეანე“ პლანეტები უწოდეს.

„ამ პლანეტების ოკეანეებში გარკვეული პირობები შეიძლება დედამიწის ოკეანეებისას ჰგავდეს, ანუ იყოს იგივე ტემპერატურა და წნევა, თხევადი წყალი და ენერგია დედავარსკვლავისგან“, — ამბობს კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომიის ინსტიტუტის ასტრონომი ნიკუ მადჰუსუდანი.

მისი განცხადებით, მრავალი პასუხგაუცემელი კითხვაა, მაგრამ ამ ეტაპზე, ეს მხოლოდ პირველი ვარაუდია. მოსაზრება იმაში მდგომარეობს, რომ თუ ამ ოკეანეებში შესაძლებელია მიკრობული სიცოცხლის აღმოცენება იგივენაირად, როგორც ეს დედამიწაზე მოხდა, მაშინ ერთნაირი უნდა იყოს გარკვეული ბიოხელწერებიც.

ამ დროისათვის, ირმის ნახტომში აღმოჩენილი და დადასტურებულია დაახლოებით 4500 ეგზოპლანეტა. პლანეტებზე მონადირე კოსმოსური ტელესკოპის, კეპლერის მონაცემები მიუთითებს, რომ ეგზოპლანეტების ყველაზე გავრცელებული ტიპია ე. წ. მინინეპტუნები, რომლებიც მზის სისტემაში არ გვაქვს; მათი მასა დედამიწისას, დაახლოებით 1,6 – 4-ჯერ აღემატება.

რა თქმა უნდა. ისინი ჩვენს ყინულის გიგანტ ნეპტუნზე დიდებია, მაგრამ კლდოვან და გაზოვან პლანეტებს შორის ზღვარს ზემოთ არიან. ასეთი ზომისა და შემადგენლობის წყალობით, ნეპტუნის მსგავსად აქვთ წყალბადით მდიდარი, სქელი ატმოსფერო; ასევე შესაძლოა, ამ ატმოსფეროს მიღმა თხევადი წყლის ოკეანეც იყოს.

წინა კვლევები მიუთითებდა, რომ ასეთ პლანეტებზე წნევა საკმაოდ მაღალი და არახელსაყრელი უნდა იყოს სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმისთვის. თუმცა, მადჰუსუდანმა და მისმა კოლეგებმა შარშან ჩაატარეს კვლევა მინინეპტუნ K2-18b-ს შესახებ. შედეგად კი აღმოაჩინეს მთელი რიგი გარემო პირობები, რომელთა წყალობითაც, ეს პლანეტა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი უნდა იყოს.

ამჯერად მათ ეს წინა კვლევა განავრცეს და ის პარამეტრები განსაზღვრეს, რომელთა ქვეშაც მინინეპტუნები სიცოცხლისთვის ხელსაყრელი უნდა იყოს.

მადჰუსუდანმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ ჰიკეანე პლანეტები ზომით შეიძლება დედამიწაზე 2,6-ჯერ დიდი იყოს, მასით კი 10-ჯერ მეტი. გარდა ამისა, ისინი თავის დედავარსკვლავისგან იმაზე დიდი მანძილის დიაპაზონში შეიძლება იყვნენ, ვიდრე ე. წ. სასიცოცხლო ზონა, რომელშიც სიცოცხლეს გადარჩენა უნდა შეეძლოს. ჰიკეანე ეგზოპლანეტები საკუთარ ვარსკვლავთან შეიძლება იმდენად ახლოს იყვნენ, რომ ატმოსფერულმა ტემპერატურამ 200 გრადუს ცელსიუსს მიაღწიოს, ანდაც იმდენად შორს, რომ იქ კლდოვანი პლანეტები ზედმეტად ყინულოვანი იქნებოდნენ.

„მოლეკულური წყალბადის (H2) სათბურის ეფექტის წყალობით, პლანეტა შეიძლება დედავარსკვლავისგან ძალიან შორის იყოს, მაგრამ მის ზედაპირზე მაინც თბილი, სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემო იყოს“, — განმარტავს მადჰუსუდანი.

მისივე თქმით, მეორე მხრივ, დედამიწის მსგავსი ატმოსფეროს შემთხვევაში, რომელშიც ძირითადი სათბური აირები H2O და CO2-ია, ამ პლანეტათა ზედაპირი გაიყინებოდა და სიცოცხლისთვის არახელსაყრელი იქნებოდა.

ასეთი ფართო სასიცოცხლო ზონის გამო, ჰიკეანე პლანეტების კატეგორიაშიც კი დიდი მრავალფეროვნებაა.

საკუთარ ვარსკვლავთან ზედმეტად ახლოს მდებარე პლანეტები გრავიტაციულად ჩაკეტილი იქნება, ანუ მათი ერთი მხარე მუდმივად ვარსკვლავისკენ იქნება მოქცეული, მეორე კი პირიქით. ასეთი პლანეტები „ბნელ ჰიკეანე“ გზოპლანეტებად კლასიფიცირდება, სადაც სიცოცხლე მხოლოდ ღამის (ბნელ) მხარეს უნდა გადარჩეს, სიცხისა და რადიაციის მიღმა. უფრო შორ მანძილზე კი უნდა იყოს „ცივი ჰიკეანე“ პლანეტები, რომლებიც შედარებით ნაკლებ სინათლეს, სითბოსა და რადიაციას მიიღებენ.

ამ პარამეტრთა განსაზღვრება იმას ნიშნავს, რომ სამომავლო კვლევებს შეეძლება ასეთი პლანეტების ატმოსფეროს შესწავლა და ბიოხელწერების გამოვლენა. ბიოხელწერას უწოდებენ ატმოსფეროში არსებულ ისეთ ნაერთებს, რომლებიც შეიძლება სიცოცხლის ნიშანი იყოს.

მათ შორის არის ოზონი, ჟანგბადი და მეთანი. თუმცა, ჰიკეანე პლანეტებზე, სადაც ამდენი ატმოსფერული ჟანგბადი არ არის, სიცოცხლის არსებობის ნიშანი შეიძლება იყოს სხვა ნაერთები, მაგალითად, მეთილის ქლორიდი (ქლორომეთანი) და დიმეთილსულფიდი.

„ძირითადად, როდესაც ამ სხვადასხვა მოლეკულურ ხელწერებს ვეძებდით, ფოკუსირებული ვიყავით დედამიწის მსგავს პლანეტებზე, რაც მართლაც გონივრული ადგილია დასაწყებად. მაგრამ ვფიქრობთ, ჰიკეანე პლანეტები უკეთეს შანსს გვთავაზობს ბიოხელწერათა რამდენიმე კვალის საპოვნელად“, — ამბობს მადჰუსუდანი.

კვლევაში ჯგუფმა გამოყო რამდენიმე ისეთი ბიომარკერი, რომლებიც შეიძლება ჰიკეანე პლანეტებზე გვხვდებოდეს. მათი დაფიქსირება შეიძლება მაშინ შევძლოთ, როდესაც პლანეტა ჩვენსა და თავის ვარსკვლავს შორის გაივლის, რა დროსაც მისი სინათლის სპექტრის გარკვეულ ხაზებს ატმოსფერო აძლიერებს ან ბლოკავს.

ეს ტალღის სიგრძეები გვიჩვენებს ქიმიურ ხელწერას, რაც იმ ელემენტის ან ნაერთის შესახებ გვამცნობს, რომელიც ამ ეფექტს იწვევს.

ვინაიდან მინინეპტუნებს ზედმეტად ცხელი ატმოსფერო აქვთ, ეს საქმე უფრო ადვილი უნდა იყოს, ვიდრე კლდოვან პლანეტათა თხელი ატმოსფეროს შემთხვევაში. ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს, რომელსაც ამ წლის ბოლოს გაუშვებენ, ასეთი დავალების შესრულება შეეძლება, მაგრამ იქამდე, რამდენიმე უკვე მოქმედ ინსტრუმენტს შეუძლია დაზვერვითი დაკვირვებების ჩატარება, თუნდაც იმის გასარკვევად, არის თუ არა წყალი მინინეპტუნის ატმოსფეროში.

ამასობაში კი, ვიდრე ჯეიმს ვების ტელესკოპს ველოდებით, ჩასატარებელია თეორიული სამუშაოები. ყველაფერი ზედმეტად იმედისმომცემად ჩანს.

„ეს გახლავთ სიცოცხლის ძებნის ფუნდამენტურად ახალი მიმართულება, რომელიც დიდად იმედისმომცემია ეგზოპლანეტაზე სულ რამდენიმე წელიწადში სიცოცხლის დასაფიქსირებლად“, — ამბობს მადჰუსუდანი.

კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.