მარსის ზედაპირქვეშ შეიძლება უძველესი ბაქტერიები იმალებოდნენ — ახალი ექსპერიმენტის შედეგები #1tvმეცნიერება
მარსის ზედაპირქვეშ შეიძლება უძველესი ბაქტერიები იმალებოდნენ — ახალი ექსპერიმენტის შედეგები #1tvმეცნიერება

აქ, დედამიწაზე, სიცოცხლემ საკუთარი გზა ყველაზე ექსტრემალურ და ნაკლებად მოსალოდნელ ადგილებშიც კი იპოვა; შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მიკრობული სიცოცხლე ერთ დროს ჩვენს მეზობელ წითელ პლანეტაზეც ყოფილიყო.

ახალი ლაბორატორიული სიმულაციები, რომლებშიც ის ექსტრემალური გარემო პირობები გაიმეორეს, რასაც შეიძლება სიცოცხლე გადააწყდეს, მიუთითებს, რომ მიკრობების ნიშნები შეიძლება დღემდე შემორჩენილი იყოს, მარსის მინერალების ნიადაგში, მეტრების სიღრმეზე და მისი პოვნა სამომავლო მავალებმა შეძლოს, მაგალითად, ExoMars-მა.

ასე უნდა იყოს მიუხედავად მთელი იმ გამოწვევებისა, რასაც ასეთი უძველესი სიცოცხლე უნდა გადასწყდომოდა ამჟამად გაუკაცრიელებულ, გაყინულ და ძირითადად უჰაერო პლანეტაზე; რომ აღარაფერი ვთქვათ იმ სირთულეებზე, რომლებსაც შეიძლება, მათი იდენტიფიცირებისას წავაწყდეთ.

„თუკი მარსზე ოდესმე სიცოცხლე არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს იქ სიცოცხლის ფორმები წარმოდგენილი არ არის, გაცილებით, გაცილებით დიდხანს შეიძლება გადარჩენილიყო მათი მაკრომოლეკულები და ვირუსები. ეს აძლიერებს იმის ალბათობას, რომ თუკი მარსზე ოდესმე სიცოცხლე აღმოცენდა, სამომავლო მისიებმა მისი კვალი იპოვონ“, — ამბობს აშშ-ის სამხედრო მედიცინის უნივერსიტეტის პათოლოგი მაიკლ დელი.

დელიმ და მისმა კოლეგებმა ამჟამად მარსზე არსებულის მსგავს, -80 °C ტემპერატურაზე, მშრალ გარემოში მოათავსეს ექვსი მიკრობი, მათ შორის რადიაციისადმი ყველაზე გამძლე ბაქტერია Deinococcus radiodurans-ი და საფუარი Saccharomyces cerevisiae.

„მარსზე და მის ატმოსფეროში მნიშვნელოვანი ოდენობის წყალი არ არის და შესაბამისად, სპორები და უჯრედები უნდა გამომშრალიყო. ასევე ცნობილია, რომ მარსის ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით მშრალი ყინულის მსგავსია, ამიტომ, ის მართლაც ღრმად გაყინულია“, — ამბობს ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის ქიმიკოსი ბრაიან ჰოფმანი.

მკვლევართა ჯგუფმა გამომშრალი და გაყინული ბაქტერიები გამა-სხივებითა და პროტონებით „დაბომბა“, რათა მოეხდინა კოსმოსური გამოსხივების სიმულირება.

მარსს არ აქვს კოსმოსური რადიაციისგან დამცავი, რაც საბედნიეროდ, გვაქვს დედამიწაზე. ჩვენი ატმოსფერო და პლანეტის მაგნიტური ველი ამ რადიაციის უდიდეს ნაწილს ზედაპირამდე მოღწევამდე იცილებს თავიდან და ამის გამო, წლის განმავლობაში ჩვენ ამ რადიაციის მხოლოდ იმ დოზას ვიღებთ, რასაც რენტგენზე გულ-მკერდის ორჯერ გაშუქებისას.

თუმცა, თუკი წითელი პლანეტის ზედაპირზე მოვხვდებით, 40-50-ჯერ მეტ რადიაციას მივიღებთ, რაც ექვს თვეში სიკვდილს გამოიწვევს.

რადიაციის ამ მაჩვენებელს შეუძლია სიცოცხლის ყველა ფორმის საბაზისო საშენი მასალის — ამინომჟავების დაშლა; წინა კვლევების მიხედვით, იმისათვის, რათა ეს მოლეკულები დაახლოებით 80 მილიონი წლის განმავლობაში იყოს დაცული, საჭიროა, რომ ისინი ზედაპირიდან ორი მეტრის სიღრმეზე იყვნენ.

მიუხედავად ამისა, თუკი მარსი უკვე მილიარდობით წელია, რაც არახელსაყრელია სიცოცხლის ჩვენთვის ნაცნობი ფორმისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლის ნებისმიერი კვალი გამქრალი უნდა იყოს.

თუმცა, ახალ კვლევაში მეცნიერებმა აჩვენეს, რომ გამომშრალმა და გაყინულმა D. radiodurans-მა იმაზე გაცილებით დიდხანს უნდა გაძლოს, ვიდრე წინა შეფასებები მიუთითებდა. ეს ბაქტერია იმდენად შთამბეჭდავად გამძლე აღმოჩნდა, რომ მკვლევრებმა მას „კონან ბაქტერია უწოდეს“.

მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ კონან ბაქტერია 1,5 მილიონი წლის განმავლობაში უნდა გადარჩეს მარსის მიწაში 10 სანტიმეტრის სიღრმეში, 10 მეტრის სიღრმეში კი 280 მილიონ წლამდე.

„მიუხედავად იმისა, რომ მარსის ზედაპირქვეშ ჩამარხულმა D. radiodurans-მა შეიძლება მიძინებულ მდგომარეობაში ვერ გაძლო მარსის ზედაპირზე თხევადი წყლის გაქრობიდან 2 – 2,5 მილიარდი წლის შემდეგ, უნდა გვახსოვდეს, რომ მარსის გარემოს მუდმივად ცვლის და ადნობს მეტეორიტული დარტყმები. ჩვენი ვარაუდით, ასეთი პერიოდული გადნობა მონაცვლეობითი რეპოპულაციისა და გაქრობის საშუალებას უნდა იძლეოდეს“, — განმარტავს დალი.

ეს კი ზრდის სიცოცხლის ჯვარედინი დაბინძურების შესაძლებლობას როგორც მარსზე, ისე დედამიწაზე, რისი თავიდან აცილებისთვისაც საჭიროა პლანეტური თავდაცვის ზომების მიღება.

„ჩვენი დასკვნით, დედამიწისეული დაბინძურება მარსზე პრაქტიკულად მუდმივი უნდა ყოფილიყო, ათასობით წლის განმავლობაში. ამან შეიძლება გაართულოს მარსზე სიცოცხლის პოვნის სამეცნირო ძალისხმევა. თუკი მარსზე მიკრობები განვითარდნენ, მათ შეიძლება დღემდე მოაღწიეს. ამიტომ, მარსის ნიმუშების ჩამოტანით შეიძლება დედამიწა დაბინძურდეს“, — ამბობს ჰოფმანი.

საბოლოო ჯამში, მათი კვლევა მიუთითებს, რომ ძალიან მცირე, მაგრამ მაინც არის შანსი, რომ მომავლის მავალებმა მარსის უძველესი მიკრობული სიცოცხლის კვალს მიაგნონ. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ იმის დაშვებაა, რომ ასეთი სიცოცხლე ჩვენთვის ნაცნობის მსგავსი უნდა ყოფილიყო, თუკი საერთოდ არსებობდა ოდესმე.

კვლევა ჟურნალ Astrobiology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.northwestern.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.