მარსის მეთანის თავსატეხი — წითელ პლანეტაზე ამ აირის საიდუმლოს ამოხსნასთან NASA ახლოს არის #1tvმეცნიერება
მარსის მეთანის თავსატეხი — წითელ პლანეტაზე ამ აირის საიდუმლოს ამოხსნასთან NASA ახლოს არის #1tvმეცნიერება

მეთანი ორგანული მოლეკულაა, რომელიც დედამიწის ატმოსფეროშიც გვხვდება და ძირითადად წარმოქმნილია ცოცხალ ორგანიზმთა მიერ, ყველაზე გამოკვეთილად კი ძროხების მიერ, გაზებზე გასვლისას. მეორე მხრივ, ამ აირის მარსზე აღმოჩენამ პლანეტური მეცნიერები საგონებელში ჩააგდო.

ბოლო წლებში, NASA-ს მავალმა Curiosity-მ მეთანის კვალი წითელ პლანეტაზე არაერთხელ დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება გარკვეული გეოლოგიური პროცესების შედეგად იყოს წარმოქმნილი, მაინც არ იყო გამორიცხული, რომ მეთანი მარსზე გარკვეული სახის სიცოცხლის ფორმის არსებობაზე მიუთითებდეს.

ალბათ წარმოგიდგენიათ, რამდენად ხიბლავს მეცნიერებს ასეთი შესაძლებლობა, მაგრამ მონაცემები ამაზე არ მეტყველებს. მაღლა, ატმოსფეროში, სადაც ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ხომალდი მოძრაობს ორბიტაზე, მეთანის არანაირი კონცენტრაცია არ დაფიქსირდა.

უცნაურია, რადგან მეთანის ჭავლები მარსის ატმოსფეროშიც უნდა ჟონავდეს; ჩვენს ინსტრუმენტებს კი ნამდვილად აქვთ საკმარისი მგრძნობელობა მის დასაფიქსირებლად.

„შოკში ჩავვარდი, როდესაც ESA-მ განაცხადა, რომ ატმოსფეროში მეთანს ვერ მიაგნეს“, — ამბობს NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის პლანეტური მეცნიერი კრის ვებსტერი.

საინტერესოა, რა არის ასეთი შეუსაბამობის მიზეზი? ვებსტერმა და მისმა კოლეგებმა ძველი მონაცემები ხელახლა შეისწავლეს, რათა გამოერიცხათ ის უმცირესი ფაქტორებიც კი, რომლებსაც შეიძლება, Curiosity-ს მიერ ზედაპირზე მეთანის დაფიქსირებაზე მოეხდინა გავლენა.

„გადავხედეთ მავალისთვის ხელშეშლის ყოველ ფაქტორს, ზედაპირს, ქანების დანაწევრებას, თვლების დეგენერაცას. წარმოუდგენელი შრომა გავწიეთ, რათა დაგვედასტურებინა, რომ მავალის მიერ ჩატარებული გაზომვები სწორია და ასეც აღმოჩნდა, არანაირი ხარვეზი“, — ამბობს ვებსტერი.

როგორც ჩანს, Curiosity-მ მეთანის ჭავლები მართლაც დააფიქსირა. მონაცემებში არსებული სხვაობის მიზეზს კი საბოლოოდ მზესთან მივყავართ. ჯგუფმა დაადგინა, რომ დღის განმავლობაში, მარსის ზედაპირზე მეთანი შეიძლება მიიქცეს და მოიქცეს, Curiosity-ს ის ინსტრუმენტი კი, რომელმაც მეთანი დააფიქსირა, ძირითადად ღამით მუშაობს.

ამ დროს მარსის ატმოსფერო გაცილებით მშვიდია, რაც იმას ნიშნავს, რომ მეთანი ატმოსფეროში ისე ვერ ადის და ერევა, როგორც დღის სიცხეში. მკვლევართა აზრით, სწორედ ამის გამო, ეს აირი ღამით ზედაპირის სიახლოვეს რჩება, დღისით კი ატმოსფეროში იმდენად არის გაზავებული, გაფანტული, რომ ESA-ს ინსტრუმენტს (რომელსაც მუშაობისთვის მზის სინათლე ესაჭიროება), ასეთ მანძილზე მისი დაფიქსირება არ შეუძლია.

ამ პროგნოზის დასადასტურებლად, მკვლევართა ჯგუფმა მარსის მეთანის მაღალი სიზუსტის გაზომვების ორი დღის მონაცემები შეაგროვა, მათ შორის, ასეთი გაზომვა Curiosity-ს პირველად ჩაატარებინეს დღისით. მავალმა იგივე გააკეთა მომდევნო ღამითაც.

როგორც მოსალოდნელიც იყო, პლანეტის ზედაპირიდან მეთანი ღამით ჟონავდა, დღისით კი ატმოსფეროში იფანტებოდა.

„არსებობა ვარაუდი, რომ მეთანი დღისით ნულამდე უნდა დასულიყო; ორი დღის განმავლობაში წარმოებულმა გაზომვებმა ეს დაადასტურა. სწორედ ეს გახლავთ მონაცემთა ასეთი შეუსაბამობის მიზეზი“, — განმარტავს NASA-ს პლანეტური მეცნიერი პოლ მაჰეფი.

თუმცა, ჯერ კიდევ უცნობია, რატომ ვერ გროვდება მეთანი დროთა განმავლობაში მარსის ატმოსფეროში. მკვლევართა განცხადებით, მეთანმა იქ სულ მცირე 300 წლის განმავლობაში უნდა გაუძლოს მზის რადიაციას.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ მეთანის მიკროგაჟონვები მხოლოდ გეილის კრატერში ხდებოდეს (სადაც Curiosity იმყოფება). მკვლევართა აზრით, ატმოსფეროში ასვლამდე, მეთანს რაღაც უნდა ანადგურებდეს.

ჯგუფი ახლა ამოწმებს, შეიძლება თუ არა, რომ ამაში გარკვეულ როლს ასრულებდეს მტვერი ან ჟანგბადი.

საიდუმლოს ნაწილი შეიძლება ამოიხსნა, მაგრამ გაჩნდა კიდევ უფრო მეტი კითხვა. მავალი Curiosity საკუთარ სახელს (ცნობისმოყვარეობა) ნამდვილად ამართლებს.

კვლევა Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.