მავალმა „კურიოზიტიმ“ მარსზე წარმოუდგენლად დიდი ოდენობით მეთანი დააფიქსირა
მავალმა „კურიოზიტიმ“ მარსზე წარმოუდგენლად დიდი ოდენობით მეთანი დააფიქსირა

გასულ კვირაში, მავალმა „კურიოზიტიმ“ მარსზე ამ დრომდე ყველაზე დიდი ოდენობით მეთანი დააფიქსირა. მისმა ლაზერულმა სპექტრომეტრმა გელის კრატერში აღნუსხა მილიარდში მოცულობით (ppbv) 21 ნაწილი მეთანი. მავალი 2012 წელს სწორედ ამ რეგიონში დაჯდა და მას შემდეგ აქტიურად იკვლევს.

ზოგადად, მარსზე მეთანის მოცულობა 10 ppbv-ია; გამომდინარე აქედან, ნასა გეგმავს გაარკვიოს, საიდან მოდის ამ რეგიონში მეთანის ასე მაღალი კონცენტრაცია.

ეს ფაქტი მნიშვნელოვანია მეთანის წყაროების შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით — მისი წარმოქმნა შეუძლიათ ცოცხალ ორგანიზმებს. შესაბამისად, მარსზე მეთანის წყაროს პოვნამ შეიძლება გვაპოვნინოს გზა, რომელიც გვეტყვის, არის თუ არა მიკრობული სიცოცხლე წითელი პლანეტის ექსტრემალურ გარემოში.

თუმცა, აქვე გეტყვით, რომ მიკრობები მეთანის ერთადერთი პოტენციური წყარო არ არის.

ნასას მარსის მეცნიერის, პოლ მაჰაფის განცხადებით, ამჟამინდელი დაკვირვებების საფუძველზე შეუძლებელია იმის თქმა, არის თუ არა ამ მეთანის წყარო წარსული თუ თანამედროვე ბიოლოგია ან გეოლოგია.

„კურიოზიტიმ“ და სხვა ინსტრუმენტებმა მეთანი მარსზე წარსულშიც რამდენჯერმე დააფიქსირეს. აირის დონე იმატებდა და იკლებდა, მეთანი მოჩვენებასავით ჩნდებოდა და ისევ ქრებოდა.

2019 წლის დასაწყისში, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ 2013 წელს, ორ სხვადასხვა ინსტრუმენტს დაფიქსირებული ჰქონდა მეთანის ერთი და იგივე რაოდენობა. თუმცა, საკმაოდ რთულია იმის გარკვევა, საიდან მოდის და რა წარმოქმნის ამ აირს.

რაიმე დასკვნების გაკეთებისგან თავის შესაკავებლად არსებობს რამდენიმე მიზეზი. დედამიწაზე მეთანი საკმაოდ დიდი ოდენობით არის — 2011 წლის მონაცემებით, ატმოსფეროში მისი წილი 1800 ppbv-ია, რომლის 90-95 პროცენტს ცოცხალი ან მკვდარი ორგანიზმები წარმოქმნის.

თუმცა, მზის სისტემის მასშტაბით, არსებობს მრავალი გეოლოგიური პროცესი, რომელსაც მეთანის წარმოქმნა აბიოტურად, ანუ სიცოცხლის გარეშე შეუძლია. გაზისა და ყინულის გიგანტებზე — იუპიტერზე, სატურნზე, ურანსა და ნეპტუნზე დიდი ოდენობით მეთანი წარმოიქმნება ქიმიურ რეაქციათა შედეგად.

პლუტონზე არის მეთანის ყინული. სატურნის მთვარე ტიტანზე არის თხევადი მეთანის ტბები და ზღვები. ეს ნაერთი მზის სისტემაში სულაც არაა იშვიათი, მაგრამ ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მას მხოლოდ დედამიწაზე წარმოქმნის ბიოლოგიური პროცესები.

არსებობს კიდევ ერთი უცნაური გარემოება. მარსის ორბიტაზე მოძრაობს ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდი ExoMars Trace Gas Orbiter-ი, რომელსაც წითელი პლანეტის ატმოსფეროში ტრილიონში 50 ნაწილი მეთანის დაფიქსირება შეუძლია. იგი მონაცემებს თითქმის ერთი წლის განმავლობაში აგროვებდა, მაგრამ ამაოდ — მეთანის ძებნა უშედეგო აღმოჩნდა.

გამომდინარე აქედან, აშკარაა, რომ მეთანი მხოლოდ მცირე ხნით ჩნდება მარსის ზედაპირზე, შემდეგ კი ატმოსფეროში უჩინარდება.

ყველაფერს ალბათ ამჟამად მიმდინარე დაკვირვებები გაარკვევს. ნასა აქტიურად თანამშრომლობს ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან. ისინი ამჟამად ცდილობენ დაადგინონ, დააფიქსირა თუ არა ორბიტაზე მოძრავმა ხომალდმა მეთანი ატმოსფეროშიც ზუსტად იმ დროს, როცა ის ზედაპირზე „კურიოზიტიმ“ შენიშნა.

მიუხედავად იმისა, არის თუ არა მარსის მეთანი ბიოლოგიური წარმოშობის, მისი წარმომავლობის გარკვევით უდავოდ რაღაც ახალს ვისწავლით წითელი პლანეტის შესახებ.

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი