მარსმავალ „კურიოზიტის“ უდიდესი აღმოჩენა წითელ პლანეტაზე
მარსმავალ „კურიოზიტის“ უდიდესი აღმოჩენა წითელ პლანეტაზე

მარსზე თიხის აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია, რადგან ხშირად, ის წყალთან ურთიერთქმედებით წარმოიქმნება. თიხის პოვნისას, როგორც წესი, პოულობენ წყლის არსებობის მტკიცებულებასაც. მარსის ბუნების, ისტორიისა და ამჟამად არსებული წყლის კვლევა უმნიშვნელოვანესია ამ პლანეტის შესასწავლად და იმის გასარკვევად, იყო თუ არა იქ ოდესმე სიცოცხლე.

ამჟამად, მარსმავალი „კურიოზიტი“ შარპის მთასთან იმყოფება და ქანებსა და თიხას სწავლობს. ამ მთასთან თიხა პირველად მარსის ორბიტაზე მოძრავმა ხელოვნურმა თანამგზავრებმა დააფიქსირეს. „კურიოზიტის“ დასმის ადგილად ნასამ გეილის კრატერი სწორედ იმიტომ აირჩია, რომ მთავარი სამიზნე ამ კრატერში აღმართულ შარპის მთასთან არსებული თიხები იყო.

ახლახან „კურიოზიტიმ“ ქანების ახალი ნიმუშები აიღო და თიხის არსებობა საბოლოოდ დაადასტურა.

თიხის შემცველობა განსაკუთრებით მაღალი აღმოჩნდა ორ ნიმუშში. ეს ქანები განთავსებულია მისიის უმთავრეს სამიზნესთან — შარპის მთის ქვედა ნაწილში.

შარპის მთა კრატერის ფსკერიდან 5,5 კმ სიმაღლეზეა აღმართული და მისი ფენები მარსის გეოლოგიურ ისტორიას ინახავს. დროთა განმავლობაში ქარმა სხვადასხვა ფენები მოაშიშვლა და შესაბამისად, „კურიოზიტის“ მათი გაბურღვა გაცილებით ადვილად შეუძლია.

მეცნიერების ინტერესი შარპის მთისადმი ძირითადად გამოწვეულია მისი წარმოქმნის ისტორიით. გეილის კრატერი, რომელშიც ის მდებარეობს, უძველესი დარტყმითი კრატერია და ერთ დროს ის წყლით იყო გავსებული. მკვლევართა ვარაუდით, შარპის მთა ორი მილიარდი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა, ტბის ფსკერზე დეპოზიტების დალექვის შედეგად.

ასევე არ არის გამორიცხული, რომ ერთ დროს მთლიანი კრატერი დანალექებით იყო ამოვსებული, რომლებმაც თანდათან ეროზია განიცადა და საბოლოოდ, დარჩა შარპის მთა.

შარპის მთის ფორმაციის ქრონოლოგია გარკვეულწილად ბურუსითაა მოცული და „კურიოზიტის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ამ ამბის გარკვვაა. ნებისმიერ შემთხვევაში აშკარაა, რომ შარპის მთა დანალექებისგან ეროდირებული (ამოჭმული) მთაა; „კურიოზიტი“ კვლევას განაგრძობს და მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ამ მთის წარმოქმნის ზუსტ ამბავს ბოლოსდაბოლოს გაარკვევენ.

მავალის ახალი აღმოჩენა მიუთითებს, რომ როგორც მოსალოდნელიც იყო, გეილის კრატერში ერთ დროს უხვად იყო წყალი. თუმცა, დეტალები ჯერჯერობით გაურკვეველია.

როგორც ჩანს, მთის ქვედა ნაწილში არსებული თიხით მდიდარი ეს ქანები ტბის ფსკერზე, დანალექების სახით წარმოიქმნა. გეოლოგიურ დროის პერიოდებში წყლისა და დანალექების ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნა თიხა.

სპეციფიკურ ფენებში სპეციფიკური ტიპების თიხის პოვნა მეცნიერებს მარსის წყლის ქრონოლოგიის შესახებ უყვება. ცნობილია, რომ მთების სხვადასხვა ფენები სხვადასხვა მინერალებს შეიცავს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქვედა ფენები შეიცავს თიხებს, მათ ზემოთ განლაგებულია გოგირდის შემცველი ფენები, ამის ზემოთ კი ფენები, რომლებშიც არის ჟანგბადის შემცველი მინერალები. გოგირდი იმაზე მიუთითებს, რომ იქაურობა გამოშრა, ანდაც წყალი უფრო მჟავური გახდა.

გეილის კრატერი ასევე შეიცავს მდინარის არხს, რომელსაც გედიზ-ვალისის არხს უწოდებენ; ის თიხისა და გოგირდის ფენების შემდეგ არის წარმოქმნილი. ეს არხი ერთგვარი გამოცანაა, რომლის ამოხსნაც სრულ სურათს უფრო შეავსებს. „კურიოზიტი“ შარპის მთაზე გზას განაგრძობს, იღებს ნიმუშებს და სულ უფრო ავსებს მთის გეოლოგიისა და ისტორიის სურათს.

გარდა ამისა, თიხის შემცველი მინერალები „კურიოზიტიმ“ უფრო დეტალურად დაგვანახა, ვიდრე ორბიტაზე მოძრავმა თანამგზავრებმა. თიხის აღმოჩენით ამ მავალმა ცხადყო ისიც, რომ სამუშაო იქ ძალიან ბევრია.

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.