მარსმავალმა „კურიოზიტიმ“ შთამბეჭდავი კლდის ფონზე ახალი სელფი გადაიღო — #1tvმეცნიერება
მარსმავალმა „კურიოზიტიმ“ შთამბეჭდავი კლდის ფონზე ახალი სელფი გადაიღო — #1tvმეცნიერება

მარტის დასაწყისში, NASA-ს მარსმავალი „კურიოზიტი“ შთამბეჭდავ კლდოვან წარმონაქმნს მიუახლოვდა, რომელსაც მეცნიერები „მერკუს მთას“ უწოდებენ; ეს ზედმეტსასახელი საფრანგეთში არსებული ერთ-ერთი ასეთი მთის გამო შეარქვეს. დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლეზე აზიდული მოშიშვლებული კლდის ფონზე მავალმა სელფი გადაიღო, ასევე შემოგვთავაზა 3D პანორამაც. სელფიზე ასახულია მთის წინ მდგარი „კურიოზიტი“, რომელმაც იქვე ახლოს მიწა გაბურღა და ახალი ნიმუშები აიღო.

აღებულ ნიმუშებს მავალი ფხვნის და შიდა ინსტრუმენტებში ათავსებს, რომლებიც ქანის ქიმიურ შემადგენლობას ადგენენ და მარსის წარსულის შესახებ გარკვეულ ცნობებს გვაწვდიან.

ეს ზონა გარდამავალია თიხისშემცველ მონაკვეთსა (რომელიც მავალმა ახლახან დატოვა) და სულფატების შემცველ ზონას შორის, რომელიც შარპის მთის წინ არის გადაჭიმული. ამ 5 კმ სიმაღლის მთის მიდამოებს მავალი 2014 წლიდან იკვლევს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამ გარდამავალმა ზონამ შეიძლება ბევრი რამ გვითხრას იმის შესახებ, რა მოხდა მარსზე შორეულ წარსულში და როგორ იქცა წითელი პლანეტა ისეთ უდაბნოდ, როგორიც დღესაა.

მარსის ორბიტაზე მოძრავ ხომალდებს ამ ზონაში დაფიქსირებული აქვთ თიხამინერალების ტიპი, რომელსაც ნონტრონიტს უწოდებენ.

სელფი შედგება 60 კადრისგან, რომლებიც მავალის ინსტრუმენტმა MAHLI-მ 2021 წლის 26 მარტს გადაიღო. ამას დაუმატეს 16 მარტს „კურიოზიტის“ რობოტულ მკლავზე მოთავსებული კიდევ ერთი ინსტრუმენტის, Mastcam-ის მიერ გადაღებული 11 ფოტოც.

გარდა ამისა, 2021 წლის 4 მარტს, „კურიოზიტიმ“ Mastcam -ით ორი პანორამაც გადაიღო.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.