მავალმა Curiosity-მ მარსის ლანდშაფტის ახალი, საუცხოო ფოტო გამოგზავნა — #1tvმეცნიერება
მავალმა Curiosity-მ მარსის ლანდშაფტის ახალი, საუცხოო ფოტო გამოგზავნა — #1tvმეცნიერება

დღევანდელ ადამიანთა უმეტესობა მარსზე ვერასოდეს წავალთ. ალბათ კარგიც არის.

სასათბურე პირობების შექმნის გარეშე, მარსი ადამიანთათვის უკიდურესად არასტუმართმოყვარე ადგილია. თუმცა, მაინც ოცნებად გვაქვს უცხო პლანეტაზე ფეხის დადგმა და იქაური საუცხოო ჰორიზონტის ცქერა.

ჩვენდა საბედნიეროდ, ამ მხრივ რაღაცაში მაინც გაგვიმართლა: მარსის წითელ, მტვრიან მიწაზე ჩვენი რობოტული მავალები დაგორავენ და საკუთარი რობოტული თვალებით დანახულსაც გვიზიარებენ.

NASA-ს მავალმა „კურიოზიტიმ“ ახალი ფოტო გადაიღო და გამოგზავნა. მისიის წევრებმა გამოსახულება გაამკვეთრეს და შედეგად, სურათი ზუსტად გვიქმნის იმ საოცრებისა და ეგზოტიკურობის განცდას, რაც შეიძლება მარსის მიწაზე დგომისას დაგვეუფლოს.

„ახლახან, მავალმა კურიოზიტიმ მარსის შარპის მთის კალთაზე ერთ-ერთი გამორჩეული ფოტო გადაიღო. მისიის ჯგუფი ლანდშაფტის სილამაზემ ისე შთააგონა, რომ დღის სხვადასხვა მონაკვეთში გადაღებული ორი შავ-თეთრი ფოტო შეურწყეს ერთმანეთს, დაამატეს ფერები და წითელი პლანეტის უიშვიათესი საფოსტო მარკა შექმნეს“, — წერს NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორია ბლოგპოსტში.

სურათი 16 ნოემბერს არის გადაღებული, მავალის მორიგი მსვლელობისას. ასეთ გაჩერებებზე, კურიოზიტი ძირითადად დაბალი რეზოლუციის 360-გრადუსიან პანორამებს იღებს, რომლებზეც შარპის მთიდან დანახული გეილის კრატერის გარემოა ასახული.

როდესაც „კურიოზიტიმ“ ბოლოს გამოგზავნა ასეთი პანორამა, მისმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო რაც შეიძლება მაღალ რეზოლუციაში გადაღება.

რამდენიმე საათის შუალედით, „კურიოზიტიმ“ შარპის მთის ძირში გადაშლილ ხედს ორი სხვადასხვა ფოტო გადაუღო და დედამიწაზე გამოგზავნა. მეცნიერებმა ფოტოები ერთმანეთს შეურწყეს და ფერები დაამატეს, რათა წარმოჩენილიყო, რამდენად წარმოსახავს ლანდშაფტის მახასიათებლებს სხვადასხვა დროის სხვადასხვა ფერები.

ლურჯი ფერი დილის სინათლეს წარმოადგენს, ნარინჯისფერი შუადღეს, ის ადგილები კი, სადაც ეს ორივე სცენა შეერწყა, მეცნიერებმა მწვანედ შეფერეს.

ფოტოს ცენტრში ასახულია შარპის მთის ძირი. შარპის მთა 5,5 კმ სიმაღლის მწვერვალია, რომელიც გეილის კრატერის შუაგულშია აღმართული და კურიოზიტი ამჟამად მასზე მიცოცავს.

კურიოზიტი ერთ-ერთია მარსზე ამჟამად მოქმედი NASA-ს ორი მავალიდან; წითელ პლანეტაზე ის 2012 წლის აგვისტოში დაეშვა.

მისი მიზანი გეილის კრატერის შესწავლაა, რათა უკეთ გავიგოთ მარსის კლიმატი და გეოლოგია, როგორც წარსული, ისე ამჟამინდელი. ამას გარდა, მავალი ეძებს ნიშნებს იმის შესახებ, იყო თუ არა ერთ დროს მარსი სიცოცხლისთვის ხელსაყრელი.

ახალი მავალი, „პერსევერანსი“, მარსზე 2021 წლის თებერვალში დაჯდა და ის უფრო დეტალურად შეისწავლის მარსის სიცოცხლისუნრიანობას. ის პირდაპირ სიცოცხლის ნიშნებს ეძებს, მათ შორის მიკროსკოპულ ნამარხებს, რომლებიც შეიძლება მარსის ქანებში იმალებოდეს.

ამასობაში კი, „კურიოზიტი“, რომლის მისიაც თავდაპირველად მხოლოდ ორ წელიწადზე იყო გათვლილი, დღემდე აქტიურად მუშაობს. ორი მავალი წითელი პლანეტის სხვადასხვა ლანდშაფტს იკვლევს. მათი აღმოჩენები ძლიერ აღრმავებს ჩვენს ცოდნას დედამიწასთან ასე მსგავსი, მაგრამ ამავე დროს ასე განსხვავებული პლანეტის შესახებ.

მარსი

ფოტოს სრული ვერსიის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ამ ბმულიდან.

მომზადებულია jpl.nasa.gov-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი