მავალმა Curiosity-მ მარსის ახალი პანორამული ხედები გადაიღო — #1tvმეცნიერება
მავალმა Curiosity-მ მარსის ახალი პანორამული ხედები გადაიღო — #1tvმეცნიერება

ზამთარმა მარსის ჰაერი მტვრისგან გაწმინდა და მავალ „კურიოზიტის“ წითელი პლანეტის ახალი, გასაოცარი პანორამის გადაღების შანსი მიეცა.

3 ივლისს, შარპის მთის კალთაზე ასვლისას, რომელიც გეილის გრატერის შუაგულშია აღმართული, კურიოზიტი შეჩერდა და კამერები მოიმარჯვა.

იმ დროს, კურიოზიტი დაჯდომის ადგილიდან დაახლოებით 460 მეტრ სიმაღლეზე იმყოფებოდა. ასეთი სიმაღლიდან ხედი კრატერის კიდეებამდე, დაახლოებით 32 კილომეტრზე იშლება.

360-გრადუსიანი ხედი 129 ცალკეული ფოტოსგან არის აწყობილი და ასახავს სხვადასხვა სახის ლანდშაფტს, მათ შორის ირგვლივ მიმოფანტულ ვულკანურ ქვიშას, თიხითა და სულფატით მდიდარ ქანებს; სწორედ ეს ქანები მალავს საიდუმლოს იმის შესახებ, როგორ დაკარგა ერთ დროს წითელმა პლანეტამ წყალი.

უკვე ცხრა წელია, კურიოზიტი გეილის კრატერს იკვლევს. მეცნიერთა აზრით, ამ ადგილას ერთ დროს ტბა იყო, რომელიც 3,5 მილიარდი წლის წინ დაშრა. მის ცენტრში აღმართულია შარპის მთა, რომლის სიმაღლეც კრატერის ფსკერიდან 5,5 კილომეტრია.

მავალი ამჟამად შარპის მთის კალთაზე ადის და იმყოფება აუზის თიხით მდიდარი ქანების გარდამავალ ზონაში, რომლებიც ნესტიან, წყლიან წარსულზე მიუთითებენ.

პანორამაში ჩანს ის ადგილიც, სადაც მავალმა გაბურღა და 32-ედ აიღო ქანების ნიმუშები.

„იქ არსებული ქანები გვეტყვის, როგორ გადაიქცა ერთ დროს სველი პლანეტა ისეთ მშრალად, როგორიც დღესაა, ასევე, რამდენ ხანს შენარჩუნდა ამის შემდეგ სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემო“, — ამბობს კურიოზიტის ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე, NASA-ს მკვლევარი აბიგაილ ფრიმენი.

მკვლევართა აზრით, სულფატით მდიდარი, ამობურცული ქანები გამდინარე მიწისქვეშა წყლების მიერ არის წარმოქმნილი.

სულ მალე, კურიოზიტი მიაღწევს ხეობას ერთი მომრგვალებული ბორცვის ქვეშ. ფრიმანი ვარაუდობს, რომ იქიდან კიდევ უფრო დიდებულ ფოტოებს გადაიღებს და ქანების უფრო მეტ ნიმუშს აიღებს.

მარსის ქანების ქიმიური ნივთიერებებისა და მინერალების ანალიზი მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის იმის შესახებ, როგორ გაშრა ეს გარემო და იყო თუ არა ოდესმე იქ იმდენი წყალი, რომ საკმარისი ყოფილიყო მიკრობული სიცოცხლისთვის.

მომზადებულია mars.nasa.gov-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი