მარსმავალმა Curiosity-მ წითელი პლანეტის კლდეების ბურღვა კვლავ განაახლა
მარსმავალმა Curiosity-მ წითელი პლანეტის კლდეების ბურღვა კვლავ განაახლა

NASA-ს მარსმავალ Curiosity-ზე მომუშავე მეცნიერთა ჯგუფმა რთული სამუშაო გასწია, რათა შეემოწმებინათ ახალი გზა, რომლითაც მავალი ქანებს გაბურღავდა და ნიმუშებს აიღებდა.

მართლაც, რამდენიმე დღის წინ, ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და თითქმის ერთი წლის შემდეგ, Curiosity-მ კვლავ აიღო წითელი პლანეტის ქანების ნაბურღი ნიმუშები.

მავალის საბურღ ხელსაწყოს მექანიკური პრობლემა 2016 წლის დეკემბერში შეექმნა. ახალი მეთოდის წყალობით, Curiosity ამჯერად ადრინდელზე ოდნავ ღრმად, 50 მილიმეტრზე ბურღავს. იყენებს თავის რობოტული მკლავის ძალას.

NASA-ს განცხადებით, ბურღვის ახალი ტექნოლოგიის შექმნასა და შემდეგ მისი სხვა პლანეტაზე დანერგვისთვის, ჯგუფმა წარმოუდგენლად რთული საქმიანობა გასწია.

„ეს 50 მილიმეტრი მართლაც სასიცოცხლო ინოვაციაა დედამიწიდან 96 მილიონი კილომეტრის მოშორებით. გაბურღვამ საოცრად წარმატებულად ჩაიარა“, — ამბობს მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სტივ ლი.


გაბურღვა Curiosity-ის შესაძლებლობათა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია მარსის შესასწავლად. მავალი აღჭურვილია ორი ლაბორატორიით, რომლებიც კლდისა და ნიადაგის ნიმუშებს ქიმიურ და მინერალოგიურ ანალიზებს უტარებენ. ნიმუშები გეილის კრატერშია აღებული, რომელსაც მავალი 2012 წლიდან იკვლევს.

Curiosity-ის ჯგუფმა ბურღვის ახალ მეთოდზე მუშაობა მანამ დაიწყო, სანამ მავალი თავის ამჟამინდელ ადგილსამყოფელს, ვერა რუბინის ქედს დატოვებდა. რამდენიმე დღის წინ აღებული ნიმუშები უბრალოდ სწრაფ ტესტს წარმოადგენს.

უზარმაზარია იმ ფაქტის მნიშვნელობა, რომ Curiosity-ს ბურღვა კვლავ შეუძლია. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის (JPL) ჯგუფის საქმიანობა ამით ამოიწურა.

„ბურღვის ამ ახალ მეთოდზე წელიწადზე მეტხანს ვმუშაობდით, მაგრამ ჩვენი სამუშაო მარსის ნიმუშების შეგროვებამდე არ დასრულდება. ყოველი ახალი ტესტისას ვხედავთ, თუ რით შეგვიძლია გავაუმჯობესოთ მავალი და კვლევის ტექნიკა“, — ამბობს JPL-ს წარმომადგენელი ტომ გრინი.

მავალის შემდეგი დავალებაა ნაბურღი კლდის ნიმუშების გადატანა თავის ორ ლაბორატორიაში. ამის შემდეგ, მისი ქიმიური და მინერალოგიური ანალიზი დაიწყება.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით