ევროპის ხომალდმა მარსიდან დედამიწა და მთვარე გადაიღო — #1tvმეცნიერება
ევროპის ხომალდმა მარსიდან დედამიწა და მთვარე გადაიღო — #1tvმეცნიერება

ეს სცენა სხვას არაფერს ჰგავს — ბუნდოვანი, ნაცრისფერი ფონი შუაში თეთრი, გადღაბნილი ლაქით, რომლის გარშემოც, მარცხნიდან მარჯვნივ სხვა უფრო პატარა, ასევე ბუნდოვანი ლაქა მოძრაობს.

თქვენ წინაშეა მეცნიერებისა და ინჟინერიის ნამდვილი სასწაული. ეს გახლავთ მარსის გარშემო მოძრავი ხომალდის, Mars Express-ის კამერიდან დანახული ხედი თავის სამშობლოსკენ, რომელიც მისგან დაახლოებით 300 მილიონ კილომეტრში მდებარეობს.

თეთრი ლაქა მზეა. უფრო პატარა, მკრთალი ლაქა კი მის გარშემო მოძრავი დედამიწა და მთვარეა.

სურათების თანმიმდევრობა Mars Express-ის ორბიტაზე ყოფნის 20 წლისთავის აღსანიშნავად გადაიღეს.

ბევრს ალბათ გაახსენდება 1990 წელს, მზის სისტემის შორეული მისადგომებიდან ხომალდ „ვოიაჯერ 1“-ის მიერ დედამიწისთვის გადაღებული სურათი, რომელიც 1994 წელს პოეტურად აღწერა კარლ სეიგანმა თავის წიგნში „მკრთალი ლურჯი წერტილი“.

„Mars Express-ის 20 წლის აღსანიშნავად, გვსურდა, კარლ სეიგანისეული ხედვები გაგვეცოცხლებინა, რომლებსაც გაუარესებული კლიმატი და ეკოლოგიური კრიზისი დღეს მათ ისე რეალურს ხდის, როგორც არასდროს“, — ამბობს ბასკეთის უნივერსიტეტის ასტრონომი ხორხე ერნანდეს ბერნალი.

მისი განცხადებით, Mars Express-ის ამ მარტივ ფოტოებზე დედამიწა იმის ეკვივალენტი ზომისაა, როგორიც ჭიანჭველა გამოჩნებოდა 100 მეტრის მანძილიდან. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სურათები აქამდეც გვინახავს, მაინც გვაიძულებს თავმდაბლობას, შეჩერებას და ფიქრს: უნდა მოვუაროთ ამ მკრთალ ლურჯ წერტილს, რადგან არ არსებობს პლანეტა B.

ფოტოები 2023 წლის 15, 21, 27 მაისს და 2 ივნისს გადაიღო Mars Express-ის High Resolution Stereo Camera-მ, რომელიც ძირითადად მარსის ორი მთვარისა და ვარსკვლავებზე დაკვირვებისთვის გამოიყენება.

აპარატის ჯგუფის განცხადებით, ფოტოებს სამეცნიერო ღირებულება არ აქვს, მაგრამ გადაღების შანსი გაჩნდა და მათაც ხელიდან არ გაუშვეს.

თავის დროზე, ვოიაჯერის მიერ გადაღებული სურათის შესახებ კარლ სეიგანი ამბობდა:

„აი აქ, ეს ჩვენი სახლია, ეს ჩვენ ვართ. მასზეა ყველა, ვინც გიყვართ, ვისაც იცნობთ, ყველა, ვის შესახებაც ოდესმე გსმენიათ; ყოველი ადამიანი, რომელსაც ოდესმე უცხოვრია“, — წერდა სეიგანი.

„მთელი ჩვენი ტანჯვა და სიხარული, ათასობით რელიგია, იდეოლოგია და ეკონომიკური დოქტრინა, ყოველი მონადირე და შემგროვებელი, ყოველი გმირი და ლაჩარი, ცივილიზაციის ყოველი შემქმნელი და გამანადგურებელი, ყოველი მეფე თუ გლეხი, ყოველი ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი, ყოველი დედა და მამა, იმედისმომცემი ბავშვი, გამომგონებელი და მკვლევარი, ზნეობის ყოველი მასწავლებელი, ყოველი კორუმპირებული პოლიტიკოსი, ყოველი სუპერვარსკვლავი, ყოველი უზენაესი ლიდერი, ყოველი წმინდანი და ცოდვილი მთელი ჩვენი სახეობის ისტორიაში, ცხოვრობდა აქ — მზის სხივში გამოკიდებულ მტვრის ნამცეცზე“.

დედამიწის პირველი სურათი Mars Express-მა 20 წლის წინ, 2003 წლის 3 ივლისს გადაიღო, მარსისკენ მიმავალი გზიდან. სივრცეში გამოკიდებული დედამიწამთვარის სისტემა ხომალდმა დაახლოებით 8 მილიონი კილომეტრის მანძილიდან გადაიღო.

მას შემდეგ, მარსის მეცნიერებამ დიდი გზა განვლო, მომავლისთვის კი უფრო დიდი გეგმები გვაქვს; მათ შორის არის წითელ პლანეტაზე ეკიპაჟიანი მისიის გაგზავნა. ამასობაში კი Mars Express-ი ჩვენი მეზობელი პლანეტის შესახებ მომაჯადოებელ ცნობებს გვიგზავნის. მისი მონაცემები მომავალი მისიებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

„ალბათ კიდევ 20 წელი გავა იქამდე, ვიდრე ადამიანები მარსის ზედაპირიდან, ღამის ცაზე დედამიწას დაინახავენ“, — ამბობს ევროპის კოსმოსური სააგენტოს ასტრონომი კოლინ უილსონი.

მომზადებულია esa.int-ის მიხედვით.