ნასა სახელგანთქმული „მკრთალი ლურჯი წერტილის“ ახალ ვერსიას აქვეყნებს
ნასა სახელგანთქმული „მკრთალი ლურჯი წერტილის“ ახალ ვერსიას აქვეყნებს

1990 წლის 14 თებერვალს, ხომალდმა „ვოიაჯერ 1“-მა თავის კამერები სამუდამოდ გათიშა. ამ მომენტამდე ნახევარი საათით ადრე, მან უკანასკნელი ფოტო გადაიღო.

კაცობრიობა ამ სურათს „მკრთალი ლურჯი წერტილის“ სახელით იცნობს. მზის სხივში ჩამოკიდებული დედამიწა კოსმოსის შავი უსასრულობის ფონზე ლურჯი წერტილის სახით ჩანს. ჩვენი მშობლიური პლანეტა ასეთი მანამდე არასოდეს გვენახა — დაუცველი და ეული.

პირველად გამოქვეყნებიდან 30 წლის შემდეგ, ნასას რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორია (JPL) დედამიწის ამ სახელგანთქმული ფოტოს ახალ ვერსიას აქვეყნებს, რომელიც კიდევ უფრო სუნთქვისშემკვრელია.

დიახ, ციცქნა ლაქა, რომელსაც ფოტოზე ძლივს ხედავთ, დედამიწაა. როგორც ლეგენდარული ასტრონომი კარლ სეიგანი წერდა, „ყველა ადამიანმა, ვისაც კი ოდესმე უარსებია, თავის ცხოვრება ამ ციცქნა, მტვრის წერტილზე გალია“.

თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, JPL-ის ინჟინერმა კევინ გილმა ვოიაჯერ 1-ის ვიწრო კუთხის კამერის მიერ გადაღებული ორიგინალური მონაცემები სამ სპექტრულ ფილტრში დაამუშავა, ხელახლა დააბალანსა ფერთა არხები, რამაც მზის სხივებში უფრო მეტი დეტალი გამოავლინა, რომლებსაც მანამდე კამერის ოპტიკა ფანტავდა.

ახალ ფოტოში დედამიწა ქვიშის მარცვალზე ოდნავ დიდია. გადაღების მომენტში კოსმოსური ხომალდი ჩვენგან იმდენად შორს იყო, რომ დედამიწა ფოტოზე მხოლოდ 0,12 პიქსელს იკავებს.

„მკრთალი ლურჯი წერტილი“ ვოიაჯერ 1-ის მიერ მზის სისტემისთვის გადაღებული „ოჯახური პორტრეტის“ შემადგენელი ნაწილია; სწორედ ეს იყო მისიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. თუმცა, კონკრეტულად ამ ფოტოს გადაღების იდეა კარლ სეიგანს ეკუთვნის, რომელმაც ხელიდან არ გაუშვა შანსი, გადაეღო კოსმოსურ ოკეანეში მოფარფატე ჩვენი ერთადერთი ნავსაყუდელი.

„ჩვენი პლანეტა ეული ნამცეცია გარშემორტყმულ დიდ კოსმოსურ წყვდიადში. მთელ ამ უკუნში, ამ უსასრულობაში, არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ ხსნა საიდანმე მოვა ჩვენივე თავებისგან გადასარჩენად“, — წერს სეიგანი 1994 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „მკრთალი ლურჯი წერტილი“.

იმედია, განახლებული „მკრთალი ლურჯი წერტილი“ კვლავ დარჩება შთაგონების წყაროდ მომავალი თაობებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ ძველია, მისი მნიშვნელობა იმდენად დიდია, როგორც არასდროს.

„ადამიანის პატივმოყვარეობის გასაქარწყლებლად, იმის გასააზრებლად, თუ რამდენად სასაცილოა ის, როდესაც თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, ალბათ არ არსებობს უკეთესი საშუალება, ვიდრე ჩვენი ციცქნა პლანეტისთვის შორიდან გადაღებული ფოტოა“, — წერდა სეიგანი.

„ჩემთვის, ეს ფოტო ხაზს უსვამს ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ უფრო გულისხმიერნი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ, რომ დავიცვათ და ხელის გულზე ვატაროთ მკრთალი ლურჯი წერტილი, ერთადერთი სახლი, რომელიც ოდესმე გვქონია“, — წერს საკუთარ წიგნში კარლ სეიგანი.

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი