NASA-ს „ვოიაჯერ 1“ ვარსკვლავთშორისი სივრციდან უცნაურ მონაცემებს აგზავნის, რისი მიზეზიც შეიძლება ხარვეზი იყოს — #1tvმეცნიერება
NASA-ს „ვოიაჯერ 1“ ვარსკვლავთშორისი სივრციდან უცნაურ მონაცემებს აგზავნის, რისი მიზეზიც შეიძლება ხარვეზი იყოს — #1tvმეცნიერება

45 წლის წინ გაშვებული NASA-ს ხომალდი ვოიაჯერ 1 მზის სისტემის მიღმა სივრცეში მოგზაურობას აგრძელებს. ვეტერანმა კოსმოსურმა ხომალდმა ახლახან უცნაური მონაცემები გამოგზავნა, რომელმაც ინჟინრები საგონებელში ჩააგდო.

NASA-ს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზონდი გამართულად მუშაობს, მონაცემთა ამოკითხვა მისი პოზიციის არტიკულაციისა და კონტროლის სისტემიდან, შემოკლებით AACS-დან, არ ემთხვევა ხომალდის მოძრაობებსა და ორიენტაციას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხომალდი სივრცეში მისი მდებარეობის შესახებ დაბნეულია.

ვოიაჯერისთვის AACS გადამწყვეტია NASA-სთვის მისი მიმდებარე გარემოს შესახებ ინფორმაციის გასაგზავნად, რადგან ის უზრუნველყოფს ხომალდის ანტენას პირდაპირ დედამიწისკენ მომართვას.

„ამ სახის გაურკვევლობა ვოიაჯერის მისიის ამ ეტაპზე ერთგვარი პარამეტრია. ორივე ხომალდი უკვე 45 წლისაა, რაც დიდად აღემატება იმ ვადებს, რასაც მისიის ავტორები ვარაუდობდნენ“, — ამბობს ვოიაჯერების პროექტის მენეჯერი სიუზან დოდი.

NASA-ს განცხადებით, ვოიაჯერ 1-ის ტყუპისცალი, ვოიაჯერ 2 ნორმალურად იქცევა.

1977 წელს ვოიაჯერ 1 მზის სისტემის გარე ნაწილის პლანეტების შესასწავლად გაუშვეს და ის დღემდე მუშა მდგომარეობაშია, რითაც დიდად გადააჭარბა მოლოდინებს მისიის ვადების შესახებ; ინფორმაციას ხომალდი დედამიწაზე დღემდე აგზავნის. 2012 წელს ხომალდმა მზის სისტემა დატოვა და ვარსკვლავთშორის სივრცეში შეაბიჯა. ის ახლა დედამიწიდან დაახლოებით 24 მილიარდი კილომეტრის მანძილზეა და წარმოადგენს ადამიანის მიერ ოდესმე შექმნილ ყველაზე შორეულ ობიექტს.

როგორც NASA აღნიშნავს, ამ ეტაპზე იმის თქმა შეიძლება, რომ ვოიაჯერ 1-ის AACS სისტემა შემთხვევით გენერირებულ მონაცემებს აგზავნის, რაც რეალურად არ ასახავს იმას, რაც ბორტზე ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ სისტემური მონაცემები შეიძლება სხვას მიუთითებდეს, ხომალდის ანტენა მაინც სწორედ მომართული ჩანს — იღებს და ასრულებს NASA-ს ბრძანებებს და მათ უკან, დედამიწაზე გზავნის. სისტემის პრობლემას ჯერ არ გამოუწვევია მოძველებული ხომალდის „უსაფრთხო რეჟიმში“ გადართვაც, რომლის დროსაც, ის მხოლოდ ძირითად, აუცილებელ ოპერაციებს ასრულებს.

„ვიდრე ამ ხარვეზის ბუნებას უკეთესად გავარკვევთ, არ შეგვიძლია იმის პროგნოზირება, იმოქმედებს თუ არა ის ხომალდის მიერ სამეცნიერო მონაცემების შეგროვებისა და გამოგზავნის ვადებზე“, — აღნიშნავს NASA.

ხარვეზის პოვნა და აღმოფხვრა კი უკვე ძალიან რთულია. ჩვენიდან ხომალდამდე სიგნალის მისვლას ან პირიქით, 20 საათი და 33 წუთი სჭირდება. ანუ, ორმხრივ სიგნალს თითქმის ორი დღე.

„მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, არსებობს AACS-ის ამ ხარვეზის აღმოფხვრის გზა და ჩვენი გუნდი მას აუცილებლად მიაგნებს“, — ამბობს ვოიაჯერების პროექტის მენეჯერი სიუზან დოდი.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.