მარსმავალმა Curiosity-მ კლდეზე კარის მსგავსი წარმონაქმნი გადაიღო — #1tvმეცნიერება
მარსმავალმა Curiosity-მ კლდეზე კარის მსგავსი წარმონაქმნი გადაიღო — #1tvმეცნიერება

მავალ Curiosity-ს მიერ მარსიდან გამოგზავნილ ახალ ფოტოებში ერთი საკმაოდ საინტერესო წარმონაქმნი ჩანს, რომელიც კლდეში თითქოს სრულყოფილად გამოჭრილ კარს ჰგავს.

ფოტოზე ასახული ეს გეოლოგიური მახასიათებელი იმდენად უცნაურია, რომ სულ მცირე სამეცნიერო ფანტასტიკის შთაგონების წყარო მაინც გახდება.

სინამდვილეში კი, ის გარკვეული სახის ნაპრალი უნდა იყოს: კლდის ერთგვარი დაძაბულობის შედეგი, რის გამოც ის იმსხვრევა; ამაში კი წვლილი მარსულ მიწისძვრებსაც უნდა მიუძღვოდეს.

მიუხედავად იმისა, რომ კარის მსგავსი კლდოვანი წარმონაქმნი წარმოსახვაში შეიძლება საკმაოდ დიდი ზომის მოგეჩვენოთ, შესაძლებელია, რომ ეს სიღრუე სინამდვილეში მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრის ზომის იყოს; მხოლოდ ფოტოს საფუძველზე ამის ზუსტად დადგენა რთულია.

ქვემოთ ფოტოს ორიგინალის დიდ, გაფერადებულ ვერსიას ხედავთ. კარის ფორმის წარმონაქმნი კომპოზიტური ფოტოს ზედა ნაწილშია, ცენტრიდან ოდნავ მარცხნივ.

მავალმა Curiosity-მ ფოტო 7 მაისს, გეოლოგიურ წარმონაქმნ Greenheugh Pediment-ს გადაუღო.

ბოლო წლებში, როდესაც მარსს უკვე რამდენიმე აპარატი იკვლევს, არაერთი უჩვეულო ახლო კადრი ვიხილეთ. მათ შორის იყო ყინულით სავსე კრატერები, ზიგზაგისებური უცნაური კლდოვანი წარმონაქმნები, თხრილები და ა. შ.

რაც შეეხება ისეთ წარმონაქმნებს, რომლებიც თითქოს „უცხოპლანეტელთა“ სტრუქტურებს წააგავს, მნიშვნელოვანია, რომ რეალობას არ მოვწყდეთ და ზედმეტად არ გადავვარდეთ ფანტაზიებში.

ალბათ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ მთვარეზე ჩინეთის მავალ Yutu 2-ის მიერ გადაღებული კუბის ფორმის ობიექტი. შემდეგ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ის არა „უცხოპლანეტელთა ქოხი“, როგორც ზოგმა უწოდა, არამედ უბრალოდ ერთი ქვა იყო, რომელსაც შუქი ისე ეცემოდა, რომ კუბის ფორმით ჩანდა.

ეჭვგარეშეა, რომ კარის მსგავს ამ უცნაურ კლდოვან წარმონაქმნსაც აუცილებლად მოეძებნება ჩვეულებრივი ახსნა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.