ჩინეთის მავალმა მთვარის „ბნელ მხარეს“ უჩვეულო ობიექტი გადაიღო — #1tvმეცნიერება
ჩინეთის მავალმა მთვარის „ბნელ მხარეს“ უჩვეულო ობიექტი გადაიღო — #1tvმეცნიერება

მთვარის ე. წ. ბნელ მხარეს, ფონ-კარმანის კრატერში, ჩინეთის მავალმა Yutu 2-მა ჰორიზონტზე უჩვეულო ობიექტი შენიშნა. ძლიერ ბუნდოვან ფოტოზე, შედარებით ერთფეროვან ლანდშაფტზე ჩანს კუბის მსგავსი შვერილი.

სოციალურ ქსელ Weixin-ში გამოქვეყნებულ პოსტში ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაცია მას „იდუმალ ქოხს“ უწოდებს.

„იყო თუ არა ის უცხოპლანეტელთა მიერ აშენებული სახლი, მას შემდეგ, რაც მათი ხომალდი მთვარეს შეეჯახა? ან იქნებ წინაპართა მიერ მთვარის შესასწავლად გაშვებული მოწინავე ხომალდია?“, — ასე მხიარულად სპეკულირებს პოსტი.

საქმე კი იმაშია, რომ სინამდვილეში ის არც ერთი მათგანი არ არის და წარმოადგენს იმას, რაც მთვარეზე უხვად არის: ქვას. თუმცა, ყველაფერი უფრო ზუსტად მას შემდეგ გაირკვევა, რაც მას მავალი Yutu 2 მიუახლოვდება; მავალი ამჟამად მისგან 80 მეტრში იმყოფება. ამ პროცესს 2-3 თვე დასჭირდება.

მზის ენერგიაზე მომუშავე მავალს მთვარის ორკვირიანი ღამეების დროს თიშავენ. ასე იქცევიან მაშინაც, როდესაც მზე პირდაპირ მის თავზეა, რათა არ გადახურდეს. ამას გარდა, მავალს ძალიან ნელი სვლა ესაჭიროება მთვარის კენჭებით მიმოფანტულ უხეშ ზედაპირზე.

თუმცა, უკვე არსებობს მინიშნებები, რას შეიძლება წარმოადგენდეს ეს კუბი; იქვე მდებარეობს შედარებით ახალი დარტყმითი კრატერი,რომელიც მიუთითებს, რომ ობიექტი შეიძლება კოსმოსური ნამსხვრევის დარტყმის შედეგად ამოგდებული ლოდი იყოს, რაც მთვარეზე ხშირად ხდება.

მუდმივად დედამიწის საპირისპირო მხარეს მოქცეულ მხარეზე მავალმა Yutu 2-მა აქამდე სხვა უცნაურობებიც აღმოაჩინა. 2019 წელს მიაგნო „გელის მსგავს“ ნივთიერებას, რომელიც შემდეგ დარტყმის გამო გამდნარი და მინად გადაქცეული მთვარის ქანი აღმოჩნდა.

მთვარეს ატმოსფერო არ იცავს და შესაბამისად, მის ზედაპირზე კოსმოსური ნამსხვრევები ხშირად ცვივა.

რაც არ უნდა აღმოჩნდეს, „იდუმალი ქოხი“ უდავოდ რაიმე ახალს გვეტყვის მთვარის შესახებ. თუ ის მთვარის ზედაპირქვეშიდან ამოგდებული ლოდია, შეიძლება საკმაოდ ბევრი რამ შევიტყოთ მთვარის ქვედა ფენების შემადგენლობის შესახებ. ჩინელი მეცნიერები მის შესწავლას აუცილებლად გეგმავენ.

მავალი Yutu 2 მთვარის ე. წ. ბნელ, ანუ მუდმივად დედამიწის საპირისპიროდ მოქცეულ მხარეზე ჩინეთმა 2019 წლის იანვარში დასვა.

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, მისია სამ თვეს უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ უკვე მესამე წელია გრძელდება.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.