ჩინეთის მავალმა მთვარის „ბნელ მხარეს“ 12 მ სისქის მტვრის ფენა აღმოაჩინა
ჩინეთის მავალმა მთვარის „ბნელ მხარეს“ 12 მ სისქის მტვრის ფენა აღმოაჩინა

მთვარის „ბნელ მხარეს“ მყოფმა ჩინურმა მავალმა აღმოაჩინა მტვრის ფენა, რომელიც ზედაპირიდან 12 მეტრის სიღრმეზე ვრცელდება.

მავალი და მისი სტატიკური ხომალდი, რომლებიც ამჟამად მთვარის ფონ-კარმანის კრატერში იმყოფებიან, ჩინეთის მისია ჩანე-4-ის ნაწილია. ისინი იქ 2019 წლის 3 იანვარს დაეშვნენ და კაცობრიობის ისტორიაში პირველი ხომალდები გახდნენ, რომლებიც მთვარის „ბნელ მხარეს“ წარმატებით დასხდნენ.

მავალმა მთვარის ზედაპირის მტვერი რადარით გაზომა. მონაცემები ჩინელმა და იტალიელმა მკვლევრებმა შეისწავლეს და შედეგები ახლახან გაასაჯაროვეს.

მთვარის მტვერი, რომელსაც რეგოლითი ეწოდება, ტალკის მსგავსი ნივთიერებაა — შედგება დაფხვნილი ქანებისა და მტვრისგან, რომელიც მილიარდობით წლის წინ, მთვარის ზედაპირის ასტეროიდებით „დაბომბვის“ შედეგად გაჩნდა. ჩანე-4-ის აღმოჩენა ადასტურებს, რომ ეს მტვერი მთვარის „ბნელ მხარესაც“ ფარავს, თანაც საკმაოდ სქელი ფენით.

ამ აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს შემდეგი მისიებისათვისაც. მთვარის ზედაპირთან მიახლოებისას, დიდი ხომალდის ინსტრუმენტები შეიძლება ზედაპირიდან ასულმა მტვრის ღრუბელმა დაფაროს და მისიის კრახიც გამოიწვიოს.

თავის დროზე, მტვერმა პრობლემები შეუქმნა აპოლოს მისიებსაც. ბრაიან ო’ბრაინი, რომელმაც აპოლო 11-ის ასტრონავტებისთვის რეგოლითის მზომი მოწყობილობა შექმნა, ეჭვობს, რომ მთვარის მტვერმა ხელი შეუშალა სეისმომეტრის მუშაობას და დაბლოკა მისიის მზის პანელები.

შესაბამისად, მთვარის მტვრის კვლევა უმნიშვნელოვანესია სამომავლო მისიებისთვის, რათა იგივე პრობლემები მათაც არ შეექმნათ.

12 მეტრი სისქის მტვრის ფენის დაბლა, მავალმა ასევე იპოვა ქვა-ღორღით სავსე უხეშ ნივთიერებათა ფენა, რომელსაც 40 მეტრ სიღრმემდე მონაცვლეობით მოსდევს ქვებისა და სუფთა ნივთიერებათა ფენები.

ჩინეთი მისიის დარჩენილი ნაწილის ქრონოლოგიას არ ამხელს, თუმცა, მისი მთავარი მიზანია ფოტოების გადაღება, მთვარის გეოლოგიის შესწავლა, წყლის ყინულის მოძებნა და ცის სკანირება რადიოსიგნალთა მოძებნის მიზნით.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.