ნასა მთვარის ერთ-ერთი კრატერის რადიოტელესკოპად გარდაქმნას გეგმავს
ნასა მთვარის ერთ-ერთი კრატერის რადიოტელესკოპად გარდაქმნას გეგმავს

ნასამ გრანტების ახალი სერია გასცა მომავალი ფავორიტი ინოვაციური კოსმოსური პროექტებისათვის. მათ შორის ერთ-ერთია პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს 1 კილომეტრიანი რადიოტელესკოპის აგებას მთვარის „ბნელ მხარეს“ არსებულ კრატერში.

მთვარის კრატერულ რადიოტელესკოპს (LCRT) შეეძლება გაზომოს ტალღის ის სიგრძეები და სიხშირეები, რომელთა დაფიქსირებაც დედამიწაზე შეუძლებელია. ამის მიზეზი ის არის, რომ ტელესკოპს იქ ხელს არ შეუშლის იონსფერო და სხვა „რადიოხმაურის“ სიგნალები, რომლებიც უხვადაა ჩვენი პლანეტის გარშემო.

თუკი ეს პროექტი მართლაც განხორციელდა, ის იქნება მზის სისტემაში უდიდესი მთლიანთეფშიანი რადიოტელესკოპი.

„LCRT მრავალ უზარმაზარ სამეცნიერო აღმოჩენასთან მიგვიყვანს კოსმოლოგიაში; ადრეულ სამყაროს ის 1015 მეტრის ტალღის სიგრძის დიაპაზონში დააკვირდება (6-30 მეგაჰერცი სიხშირე), დიაპაზონში, რომელშიც ადამიანებს კოსმოსი ჯერ არ შეგვისწავლია“, — წერს ნასას რობოტიკის მეცნიერი საპტარში ბანდიოპადიაი.

გეგმის მიხედვით, მთვარის მავალები სადენების ბადეს განფენენ მთვარის 5 კმ დიამეტრის მქონე კრატერის 1-კილომეტრიან მონაკვეთზე. სისტემას დაასრულებს კრატერის ცენტრში ჩამოკიდებული მიმღები.

ყველაფერი ავტომატიზებული იქნება, ადამიანი ოპერატორების ჩარევის გარეშე, რაც საკმაოდ ნაკლებ დანახარჯებს ნიშნავს.

გეგმა ჯერ საკმაოდ ადრეულ ეტაპზეა და ჯერ დაზუსტებით ცნობილი არ არის, რომელი კრატერი შეასრულებს ამ როლს.

დედამიწაზე ამჟამად უდიდესი რადიოტელესკოპია ჩინეთის 500-მეტრიანი აპერტურის სფერული ტელესკოპი FAST-ი. გეგმის მიხედვით, მთვარის LCRT მასზე ორჯერ განიერი უნდა იყოს.

FAST-მა თავის ეფექტიანობა უკვე დაამტკიცა, რადგან დააფიქსირა ღრმა კოსმოსიდან მომდინარე იდუმალი სწრაფი რადიოსიგნალები (FRB). LCRT-ს ამ ფენომენის კვლევის კიდევ უფრო დიდი პოტენციალი ექნება.

ამჟამად დედამიწის დაბალ ორბიტაზე იმდენი ხელოვნური თანამგზავრია, რომ პლანეტის ზედაპირიდან კოსმოსის მოსმენა სულ უფრო რთული ხდება.

მთვარის კრატერის ტელესკოპი დაბალ სიხშირეზე (6-30 მეგაჰერცი) იმუშავებს და ძალიან ბევრ ახალ ამბავს გვეტყვის ამყაროს ყველაზე ადრეული დღეების შესახებ.

მთვარის „ბნელ მხარეს“ რადიოტელესკოპები უკვე განთავსებული აქვს ჩინეთსა და ნიდერლანდებს, თუმცა ისინი გაცილებით პატარებია. შეგროვებული მონაცემების დედამიწაზე გადმოსაგზავნად, ეს ტელესკოპები მთვარის ორბიტაზე მოძრავ თანამგზავრს იყენებენ. ამ პრინციპით იმუშავებს ნასას კრატერული ტელესკოპიც.

კონცეპტის ავტორ ჯგუფს ახლა ცხრა თვე და ნასას მიცემული 125 000 დოლარი აქვს, რათა დაამტკიცონ, რომ პროექტის წინ წაწევა შეუძლიათ.

ჯგუფს იმედი აქვს, რომ სისრულეში მოყვანის შემთხვევაში, ეს კონცეპტი მიგვიყვანს უამრავ გასაოცარ სამეცნიერო აღმოჩენასთან რადიოასტრონომიაში.

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი