ისტორიული მისია შედგა - ჩინეთმა მთვარის „ბნელ მხარეს“ ხომალდი დასვა
ისტორიული მისია შედგა - ჩინეთმა მთვარის „ბნელ მხარეს“ ხომალდი დასვა

კოსმოსის კვლევაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე დადგა — ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაციის (CNSA) ცნობით, მათი ხომალდი Chang’e-4 წარმატებით დაეშვა მთვარის „ბნელ მხარეს“. მთვარის ამ ნაწილში ხომალდი კაცობრიობის ისტორიაში პირველად დაჯდა.

ხომალდმა უკვე გადაიღო და დედამიწაზე გამოგზავნა პირველი ფოტოც, რომელიც წარმოუდგენლად შთამბეჭდავია.

გამომდინარე იქიდან, რომ მთვარე დედამიწის მიერ გრავიტაციულად არის ჩაკეტილი, ანუ თავისი ღერძის გარშემო იმავე სიჩქარით ბრუნავს, რითაც დედამიწა, მთვარის ერთი მხარე მუდამ ჩვენკენ არის მომართული, მეორე კი პირიქით.

Chang’e-4 დედამიწასთან კავშირს დაამყარებს ხომალდ Queqiao-ს მეშვეობით, რომელიც უკვე მოძრაობს მთვარის ორბიტაზე.

ხომალდი დედამიწაზე გამოაგზავნის მართლაც ფასდაუდებელ მონაცემებს. შეისწავლის სამხრეთ პოლუსის აუზის ზედაპირის გეოლოგიურ შემადგენლობას. მთვარის ამ ნაწილის შესახებ ამჟამად ძალიან ცოტა რამ ვიცით.

მიჩნეულია, რომ ეს აუზი წარმოქმნილია მთვარის ძალიან ადრეულ ისტორიაში, გიგანტური შეჯახების შედეგად.

რაც უფრო მეტი გვეცოდინება მთვარის შესახებ, უფრო მეტს გავარკვევთ ჩვენი პლანეტისა და მზის სისტემის ისტორიის შესახებ. გარდა ამისა, ხომალდი მთვარიდან დაკვირვებებს განახორციელებს ღრმა კოსმოსზეც.

China Daily-ს ცნობით, ხომალდი მთვარის ზედაპირზე 3 იანვარს, პეკინის დროით დილის 10:26 საათზე დაეშვა, კარმენის კრატერში. Chang’e-4 დედამიწიდან 8 დეკემბერს გაუშვეს.

ჩინეთს მთვარის „ბნელ მხარეს“ ხომალდის დასმის ამბიცია უკვე წლებია ჰქონდა და როგორც ჩანს, არც თუ ისე ტყუილად, ჩინეთის ეროვნულმა კოსმოსურმა ადმინისტრაციამ პირობა შეასრულა და მართლაც დაწერა ისტორია.

მთვარის „ბნელი მხარის“ ფოტოები აქამდეც არსებობდა, მაგრამ ისინი ორბიტაზე მოძრავი ხომალდის მიერ იყო გადაღებული. აღსანიშნავია, რომ 1962 წელს მთვარის ამ ნაწილში NASA-ს ხომალდი Ranger 4-იც დაეშვა, მაგრამ დაჯდომისთანავე მწყობრიდან გამოვიდა და დედამიწაზე მონაცემების გამოგზავნა ვერ შეძლო.

ჩინეთი ამით გაჩერებას არ აპირებს. 2020 წელს დაგეგმილია ხომალდ Chang’e-5-ის გაშვება, რომელიც მთვარეზე დაჯდება, შემდეგ კი დედამიწაზე დაბრუნდება და ნიმუშებს ჩამოიტანს.

მომზადებულია news.cgtn.com-ის მიხედვით.