ჩინეთმა მთვარის ბნელ მხარეს ხომალდი გაუშვა
ჩინეთმა მთვარის ბნელ მხარეს ხომალდი გაუშვა

ჩინეთმა ისტორიული მისია დაიწყო — სიჩენგის თანამგზავრთა გაშვების ცენტრიდან აფრინდა ხომალდი, რომელიც მთვარის ბნელ მხარეს უნდა დაჯდეს.

მთვარის ბნელ მხარეს აქამდეც იკვლევდა სხვა ხომალდი, მაგრამ მხოლოდ შორიდან, ორბიტიდან. რა თქმა უნდა, ეს ხომალდი მთვარის ამ იდუმალი ნაწილის ზედაპირს გაცილებით დეტალურად შეისწავლის. გეგმის მიხედვით, ხომალდი Chang’e 4 მთვარის ზედაპირზე 2019 წლის იანვრის დასაწყისში უნდა დაჯდეს.

იგი მთვარის სამხრეთ პოლუსის სიახლოვეს, გიგანტურ ვაკეზე, კარმანის კრატერში დაეშვება. მისია მთვარის ზედაპირის შემადგენლობას შეისწავლის.

მეცნიერები დეტალურად გამოიკვლევენ ხომალდის მიერ შეგროვებულ მონაცემებს და შემდეგ, მთვარის ჩვენ მხარეს მოქცეული ნაწილისას შეადარებენ.

ხომალდმა თან წაიღო 3 კილოგრამიანი კონტეინერი, რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა მცენარის თესლი (მათ შორის კარტოფილი) და თუთის აბრეშუმხვევიას ჭუპრები. მეცნიერებს აინტერესებთ, შეძლებენ თუ არა ისინი მთვარის ზედაპირზე გაზრდას. ამ ექსპერიმენტს დიდი მნიშვნელობა აქვს მთვარის სამომავლო კოლონიზაციის თვალსაზრისით.

გამომდინარე იქიდან, რომ მთვარე და დედამიწა ბრუნვის საერთო ცენტრის გარშემო ბრუნავენ, ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის ერთი მხარე მუდმივად დედამიწის მხარეს არის მოქცეული, მეორე კი პირიქით.

მთვარის ბნელი მხარე გაცილებით უსწორმასწორო და მთიანია, ვიდრე ჩვენკენ მოქცეული ნაწილი.

მისიის წარმატების შემთხვევაში, ჩინეთი მთვარეზე ხომალდს მომავალ წელსაც გაუშვებს, რომელიც ზედაპირის ნიმუშებს აიღებს და დედამიწაზე ჩამოიტანს.