ჩინეთის მავალმა მთვარის „ბნელ მხარეს“ გელის მსგავსი უცნაური ნივთიერება იპოვა
ჩინეთის მავალმა მთვარის „ბნელ მხარეს“ გელის მსგავსი უცნაური ნივთიერება იპოვა

ჩინეთის მთვარემავალმა იუთუ-2-მა მთვარის „ბნელ მხარეს“ კიდევ ერთ საიდუმლოს მიაგნო. ბოლო პერიოდში გაჩენილი პატარა დარტყმითი კრატერის ფსკერზე მავალმა უცნაური, კაშკაშასუბსტანცია იპოვა, რომელსაც ჩინეთის კოსმოსური სააგენტო „იდუმალი ელვარების მქონე გელს“ უწოდებს.

ჩინელი მეცნიერები ჯერჯერობით არ ამბობენ, რა ნივთიერება შეიძლება იყოს ის, მაგრამ Space.com-ის ცნობით, უცხოელი მეცნიერების აზრით, ეს არის კრატერის წარმომქმნელი დარტყმისას სიცხისგან წარმოქმნილი მინა.

28 ივლისს, მთვარის ორკვირიანი დღის დაწყებიდან მესამე დღეს, პეკინში მყოფი იუთუ-2-ის სამეცნიერო ჯგუფი მავალის გათიშვისთვის ემზადებოდა. ეს პროცედურა აუცილებელია იმიტომ, რომ მოწყობილობა მზით გადაუხრებისგან დაიცვან.

ამ დროს, ჯგუფის წევრმა იუ ტიანიმ იუთუ-2-ის მიერ კრატერში გადაღებულ პანორამაზე რაღაც უჩვეულო შენიშნა. ამიტომ, მკვლევრებმა მავალის გამორთვა ოდნავ გადადეს და უკეთესი ხედის მისაღებად, ხომალდი გადააადგილეს.

იქ კი მათ მბზინვარე ნივთიერება დახვდათ. მავალის ჯგუფის განცხადებით, მიმდებარე რეგოლითისგან ეს ნივთიერება განსხვავდებოდა ფერით, ფორმითა და სტრუქტურით. Სამწუხაროდ, ჩინეთის კოსმოსურ მეცნიერებას თავად სუბსტანციის ფოტო არ გამოუქვეყნებია, თუმცა შეგიძლიათ იხილოთ კრატერის ფოტო.

კრატერის შემოწმების შემდეგ, მავალი დროებით გათიშეს, შუადღისას კი კვლავ ჩართეს. ამ დროს, ხომალდმა კრატერი შეისწავლა ხილული და ახლო ინფრაწითელი სპექტრომეტრით, რომელიც აანალიზებს ზედაპირიდან არეკლილ სინათლეს, რათა მისი ქიმიური შემადგენლობა განსაზღვროს.

ამ ანალიზების პასუხი ჯერ უცნობია, მაგრამ მთვარის ზედაპირი იმდენად მშრალია, რომ შესაძლოა, მავალის მიერ ნაპოვნი ნივთიერება სინამდვილეში მყარი, გამომდნარი მასალაა და არა დრეკადი, გელის მსგავსი სუბსტანცია.

7 აგვისტოს, მთვარის ღამის დადგომისთანავე, იუთუ-2 ძილის რეჟიმზე გადაიყვანეს, რადგან ხომალდი მზის ენერგიაზე მუშაობს. 25 აგვისტოს, მთვარის დღის დადგომისას, მავალმა გამოიღვიძა და სამეცნიერო საქმიანობა განაგრძო. სავარაუდოდ, მას წინ კიდევ მრავალი აღმოჩენა ელოდება.

ხომალდი Chang’e-4 ჩინეთმა მთვარის „ბნელ მხარეს“ 2019 წლის 3 იანვარს დასვა. მთვარის ამ ნაწილში ხომალდი კაცობრიობის ისტორიაში პირველად დაჯდა. მავალი იუთუ-2 დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე სწორედ ამ ხომალდმა ჩაიტანა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.