NASA-მ მთვარის სამხრეთ პოლუსზე მარადიულ წყვდიადში გახვეული კრატერი გადაიღო — #1tvმეცნიერება
NASA-მ მთვარის სამხრეთ პოლუსზე მარადიულ წყვდიადში გახვეული კრატერი გადაიღო — #1tvმეცნიერება

ორი სხვადასხვა კამერის გამოყენებით NASA-ს მიერ გადაღებული ახალი სურათები ასახავს მთვარის ერთ კრატერს, რომელსაც მილიარდობით წელიწადია, დღის სინათლე უკვე არ უნახავს.

უძველესი ღრმული, რომელსაც შეკლტონის კრატერს უწოდებენ, მთვარის სამხრეთ პოლუსის მთიან ნაწილში მდებარეობს, სადაც მთვარის დახრილობის გამო, მზის სინათლე მხოლოდ ყველაზე მაღალ ქედებსა და მწვერვალებს ხვდება.

დანარჩენი რეგიონი წყვდიადშია გახვეული და იქ არსებული ე. წ. ცივი ხაფანგები სავარაუდოდ წყლის ყინულს მალავს.

მთვარის ეს ნაწილი დიდწილად შეუსწავლელია და მეცნიერებს ძლიერ სურთ, მის შესახებ უფრო მეტი იცოდნენ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ იქ შეიძლება წყლის ყინული იყოს.

შეკლტონის კრატერის წყვდიადით მოცულ შუაგულში, ტემპერატურა უკიდურესად დაბალია, -173 °C-ზე ნაკლები. თუ ეს რეგიონი უძველესი კომეტის დაცემის შედეგად დარჩენილ წყლის ორთქლს შეიცავს, ის ახლა გაყინული უნდა იყოს, დიდი ალბათობით ზედაპირქვეშ, სინათლისგან მიუწვდომელ ადგილებში.

2026 წელს ამ კრატერში მფრინავი მინი-ზონდის გაგზავნას ჩინეთი გეგმავს, რომელიც ზედაპირს გაბურღავს და წყლის ყინულს მოძებნის. ამასობაში, NASA კრატერს სპეციალური ღამის ხედვის ხელსაწყოებით იკვლევს.

შეკლტონის კრატერი

სპეციალურად შექმნილ ხელსაწყოს ShadowCam-ი ჰქვია და მთვარის ორბიტაზე ის 2022 წლის აგვისტოში, კორეის მთვარის თანამგზავრთან ერთად გაუშვეს.

თანამგზავრით გადაღებულ პირველ სურათებს მეცნიერები ახლა აქვეყნებენ, რომლებზეც ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის ჯერ არნახული ხედები ჩანს.

ShadowCam-ი დაჩრდილულ რეგიონებში სინათლისადმი 200-ჯერ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე მთვარეზე გაგზავნილი სხვა ინსტრუმენტები. ბნელ ზედაპირს ის დედამიწის ნათების საშუალებით იღებს, რაც წარმოადგენს ჩვენი პლანეტიდან არეკლილ სინათლეს, რომელიც მთვარეს ანათებს. კამერა ასევე იყენებს მთის ქედებისა და თავად მთვარის მიერ არეკლილ მზის სინათლეს.

სამწუხაროდ, კაშკაშა რეგიონებს კამერა ზედმეტად გადანათებულად იღებს.

მაგალითად, წლის დასაწყისში, NASA-მ ShadowCam -ით შეკლტონის კრატერის გადაღება სცადა, რომელშიც მხოლოდ სამი წერტილია ისეთი, რომლებზეც წელიწადის დროის 90 პროცენტში ხვდება სინათლე. ეს განათებული ნაწილები ფოტოზე ზედმეტად გადანათდა, როგორც ამას ქვემოთ ხედავთ.

ShadowCam-ის ჯგუფმა ამჯერად ეს ხარვეზი ამჯერად მოზაიკის შექმნით გამოასწორა.

ShadowCam-ის მიერ ზედმეტად გადანათებულად გადაღებული რეგიონები მთვარის ორბიტიდან სხვა კამერების მიერ გადაღებული კადრებით ჩაანაცვლეს, რის შედეგადაც მიიღეს საოცრად დეტალური, ჯერ არნახული მთლიანი ხედი.

„რადგან თითოეული ინსტრუმენტი მთვარის პოლუსებთან განათების კონკრეტულ გარემო პირობებზეა მორგებული, ანალიტიკოსებს ორივე ინსტრუმენტის მიერ გადაღებული ფოტოების კომბინირებით შეუძლიათ შექმნან მთვარის ყველაზე კაშკაშა თუ ყველაზე ბნელი ნაწილების რელიეფისა და გეოლოგიური წარმონაქმნების ყოვლისმომცველი ვიზუალური რუკა“, — წერს NASA.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.