ინდოეთის მავალმა მთვარეზე დააფიქსირა ელემენტები, რომლებიც იქ ჯერ აღმოჩენილი არ იყო — #1tvმეცნიერება
ინდოეთის მავალმა მთვარეზე დააფიქსირა ელემენტები, რომლებიც იქ ჯერ აღმოჩენილი არ იყო — #1tvმეცნიერება

გასულ კვირაში, ინდოეთმა მთვარეზე ზონდი დასვა. მისია ჩანდრაიან-3-მა მთვარის სამხრეთ პოლუსზე უკვე განახორციელა პირველი სამეცნიერო დაკვირვებები.

ინდოეთის კოსმოსის კვლევების ორგანიზაციის (ISRO) ცნობით, ლაზერების გამოყენებით, მავალმა ზედაპირზე გოგირდის არსებობა დაადასტურა.

ის პირველი მავალია, რომელიც მთვარის ამ რეგიონს იკვლევს.

ჩანდრაიან-3-ის ბორტზე არსებულმა ლაზერულ-ინდუცირებული დაშლის სპექტროსკოპიულმა ინსტრუმენტმა (LIBS) მთვარის სამხრეთ პოლუსთან ისტორიაში პირველად ჩაატარა ელემენტთა შემადგენლობის დადგენის გაზომვები. ადგილზე ჩატარებულმა გაზომვებმა ცალსახად დაადასტურა ამ რეგიონში გოგირდის (S) არსებობა. ამის საშუალება ორბიტაზე მოძრავ ხომალდთა ინსტრუმენტებს არ ჰქონიათ“, — წერს ISRO განცხადებაში.

ჩანდრაიან 3

პირველადი ანალიზები ასევე მიუთითებს ალუმინის, რკინის, კალციუმის, ქრომისა და ტიტანის არსებობაზე.

„შემდეგმა გაზომვებმა გამოავლინა მანგანუმის, სილიციუმისა და ჟანგბადის არსებობა. მიმდინარეობს კვლევა წყალბადის არსებობის შესახებ“, — წერს ISRO.

მთვარეზე ხომალდები უკვე აქვს დასმული აშშ-ს, საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს. რუსეთისა და ინდოეთის მიერ სამხრეთ პოლუსთან ზონდის დასმის წინა მცდელობები წარუმატებლად დასრულდა.

მიჩნეულია, რომ სამხრეთ პოლუსი მთვარეზე წყლით ყველაზე მდიდარი ზონაა. ჩანდრაიან-3-ის მავალი, სახელად „პრაგიანი“ მომდევნო რამდენიმე კვირას თავისი ლაზერით წყლის ყინულის ძებნაში გაატარებს; ასევე შეისწავლის ატმოსფეროს და გაარკვევს სამხრეთ პოლუსის შემადგენლობას.

ჩანდრაიან 3

მთვარის ზედაპირზე გაყინული წყალი შეიძლება წარმოუდგენლად ღირებული იყოს, რადგან ერთ მშვენიერ დღეს, მთვარის სამომავლო ბაზისთვის, მისგან შეიძლება სასუნთქად გამოსადეგი ჟანგბადი მიიღონ; ასევე შეიძლება მოგვაწოდოს მარსზე მისიის გასაგზავნად საჭირო რაკეტის საწვავი ინგრედიენტები.

მავალის სახელი „პრაგიანი“ ჰინდის სიტყვისგან „პრაგია“ მომდინარეობს, რაც სიბრძნის, ინტელექტისა და მიხვედრილობის უმაღლეს და უსუფთავეს ფორმას ნიშნავს.

პატარა მავალი სულ რაღაც 25,8 კილოგრამს იწონის და პატარა გერმანული ნაგაზის ზომისაა. აღჭურვილია ლაზერული ხელსაწყოებით.

ელემენტების დასაფიქსირებლად, ლაზერულ-ინდუცირებული დაშლის სპექტროსკოპიული ინსტრუმენტი (LIBS) მთვარის ზედაპირს ძლიერ ლაზერს აშუქებს, რა დროსაც, ცხელი პლაზმა წარმოიქმნება. ამ ცხელი პლაზმის სინათლის შესწავლით, მეცნიერებს მთვარის კონკრეტულ ქანში შეუძლიათ გამოავლინონ სხვადასხვა ნაწილაკთა ტალღის სიგრძეები.

ეჭვგარეშეა, რომ მომდევნო კვირებში ინდოეთის მავალისგან კიდევ უფრო მეტ აღმოჩენას უნდა ველოდოთ.