მღვიმეები კაცობრიობის ერთ-ერთი პირველი თავშესაფარი იყო. ვინ იცის, რაზე ფიქრობდნენ იქ შეფარებული ჩვენი შორეული წინაპრები, როდესაც ცეცხლზე ხორცს ამზადებდნენ ან კედლებზე ცხოველებს ხატავდნენ.
მაშინ, როდესაც ჯოხები, ქვები, ცხოველის ბეწვისგან დამზადებული სამოსი და ცეცხლი ჩვენი ერთადერთი ტექნოლოგია იყო, მღვიმეები გვიცავდა მტაცებლებისგან თუ კონკურენტებისგან.
უცნაური ამბავია, თითქოს ისტორია მეორდება — ახლა, როდესაც მთვარის მონახულებას კვლავ ვგეგმავთ, იქაურმა მღვიმეებმა შეიძლება ზუსტად ისევე შეგვიფაროს, როგორც აქ, დედამიწაზე იფარებდა შორეულ წარსულში ჩვენს წინაპრებს.
მთვარეზე ასტრონავტებს სხვადასხვა საფრთხისგან დაცვა დასჭირდებათ. მოუწევთ შეებრძოლონ კოსმოსურ და მზის რადიაციას, მეტეორიტებს, ტემპერატურის საოცარ რყევებს და დარტყმის შედეგად ამოტყორცნილ გრუნტსაც კი.
მთვარის ორბიტაზე მოძრავმა თანამგზავრმა Lunar Reconnaissance Orbiter-მა (LRO) მთვარეზე ასობით ისეთი ადგილი დააფიქსირა, სადაც ლავის მილების ჭერი ჩანგრეულია და გახსნილია ამ მილში ჩასასვლელი.
კვლევის გარეშე რამის თქმა ძნელია, მაგრამ მთვარეზე შეიძლება არსებობდეს რამდენიმე ასეული მეტრი დიამეტრის მქონე ლავის მილები. ასეთი სივრცე საკმარისი იქნებოდა ასტრონავტთა თავშესაფრად. იდეა მდგომარეობს მთვარის ლავის მილში ბაზის აშენებაში, სადაც ასტრონავტები კიდევ უფრო დაცული იქნებიან.
ამ იდეას ახლა ჩინეთი განიხილავს, მაგრამ პირველი სულაც არ არის, სხვა ქვეყნები აქამდეც ფიქრობდნენ. მთვარის ლავის მილები ის რესურსია, რომლის უგულებელყოფაც არ შეიძლება.
ლავის მილებს პიროდუქტებსაც უწოდებენ. წარმოქმნილია მაშინ, როდესაც მთვარის ზედაპირზე მიმდინარე ლავამ გაციება დაიწყო. ლავის ზედა ნაწილმა გამაგრებული ქერქი წარმოქმნა, მაგრამ მის ქვეშ გამდნარი ლავა კვლავ მიედინებოდა, თანდათან ჩაიჟონა და მის ადგილას ცარიელი მილი დარჩა. ასეთი წარმონაქმნები დედამიწაზეც გვხვდება.
მეცნიერებმა დაზუსტებით არ იციან, როდის დასრულდა მთვარის ვულკანიზმი. ეს შეიძლება მილიარდი წლის წინ მოხდა, მაგრამ ზოგიერთი მტკიცებულება მიუთითებს, რომ მცირე მასშტაბის ვულკანიზმი მთვარეზე სულ რაღაც 50 მილიონი წლის წინაც მიმდინარეობდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ლავის მილები უძველესია და ხელუხლებელი.
მთვარეზე ასტრონავტებს დიდ ტემპერატურულ რყევებთან გამკლავება მოუწევთ. დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრს ტემპერატურული უკიდურესობები ახასიათებს. მთვარის ერთ მხარეს მზის პირდაპირი სხივები ნახევარი დროის განმავლობაში ეცემა და იქ ტემპერატურა +127 გრადუს ცელსიუსამდე ადის. ამ დროს, წყვდიადით მოცულ მხარეზე ტემპერატურა -173 °C-ია.
ტემპერატურის ასეთი უკიდურესობები მთვარის ზედაპირზე მუშაობას ართულებს და ინჟინრები მუშაობენ ისეთი აღჭურვილობის შექმნაზე, რომელიც ამ ყველაფერს გაუძლებს. ლავის მილები მთვარეზე თითქმის ყველგან გვხვდება და იქ ბუნებრივად მდგრადი გარემოა.
ზედაპირზე კიდევ ერთ საფრთხეს წარმოადგენს რადიაცია, რომელიც შეიძლება 150-ჯერ მეტი იყოს, ვიდრე დედამიწის ზედაპირზე. მთვარის მღვიმეებში ასტრონავტები ამისგანაც დაცულები იქნებიან. ლავის მილებს ზემოთ არსებული გრუნტი საკმარისად სქელია, რათა რადიაციისგან ეფექტიანი დაცვა უზრუნველყოს.
გაცილებით უფრო მცირეა მეტეორიტების დარტყმის რისკი, მაგრამ არა მთლიანად გამორიცხული. ლავის მილები ასეთი მცირე დარტყმებისგან დასაცავადაც საიმედოა.
მთვარის ლავის მილების თავშესაფრად გამოყენების იდეას მსოფლიოში მრავალი ქვეყანა თუ მეცნიერი განიხილავს. ცოტა ხნის წინ ჩინეთში გამართულ კონფერენციაზე, შანხაის კოსმოსურ ფრენათა ტექნოლოგიების აკადემიის მეცნიერმა ჟანგ ჩონგფენგმა მიწისქვეშა ლავის მილების შესახებ კვლევა წარადგინა. ჩინელმა მეცნიერებმა საველე სამუშაოები ჩინეთში არსებულ ლავის მილებზე ჩაატარეს, რათა დაედგინათ, როგორ გამოიყენონ ისინი მთვარეზე.
ჟანგის განცხადებით, მთვარისა და დედამიწის ლავის მილები ძლიერ ჰგავს ერთმანეთს. ლავის მილებს ორი ტიპის შესასვლელი აქვთ, ვერტიკალური და დახრილი. დედამიწაზეც და მთვარეზეც ორივე ტიპი გვხვდება.
მთვარეზე აღმოჩენილთა უმეტესობა ვერტიკალურად გახსნილი მილია, მაგრამ ეს შეიძლება ჩვენი ხედვის კუთხის გამო იყოს. შესასვლელები წარმოადგენს ჩანგრეულ ჭერს, სადაც პირდაპირ მის ქვეშ, მილში ნაშალი მასალა ყრია. იქ შესვლა შესაძლებელია ფრენით ან ვერტიკალურად აწევის რაიმე ტექნოლოგიით.
დახრილ შესასვლელებში შესვლა გაცილებით მარტივია, თუნდაც მანქანა-მავალით. უბრალოდ, საჭირო იქნება ნაშალი მასალის მოსუფთავება.
ჩინეთისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ე. წ. სიმშვიდის ზღვისა და ნოყიერების ზღვის რეგიონები.
ჩინეთი გეგმავს რობოტულ სისტემას, რომელიც ამ მღვიმეებს შეისწავლის. ზონდს სხვადასხვა დაბრკოლებათა გადალახვის უნარი და სამეცნიერო აღჭურვილობა ექნება.
ძირითად ზონდს დამხმარე მანქანები გამოეყოფა, რომლებიც მას კომუნიკაციაში დაეხმარებიან და ენერგიასაც მიაწვდიან. მათ შორის შეიძლება იყოს მრავალფეხიანი მცოცავი ზონდები, საგორაო ზონდები და მბრუნავი ზონდებიც კი. სამეცნიერო ინსტრუმენტებით ისინი შეისწავლიან მთვარის მტვერს, რადიაციას, ლავის მილებში მოძებნიან წყლის ყინულს.
ჩინეთი გეგმავს ფრენის უნარის მქონე რობოტსაც, რომელიც ლავის მილებში გზას ავტონომიურად გაიკვლევს მიკროტალღური და ლაზერული რადარების გამოყენებით.
წარმატებული კვლევების შემდეგ, ჩინეთის სამომავლო გეგმაში ეკიპაჟიანი ბაზის შექმნაა. ის გრძელვადიანი კვლევითი მიწისქვეშა ბაზა იქნება მთვარის ერთ-ერთ ლავის მილში. ბაზაში იქნება როგორც საცხოვრებელი, ისე კვლევითი ინფრასტრუქტურა.
ბევრ დეტალს ჩინეთი ჯერ არ ამხელს, მაგრამ აშკარაა, რომ ამ ქვეყნის კოსმოსური ამბიციები სულ უფრო იზრდება.
2023 წლის გაზაფხულზე ჩინეთმა განაცხადა, რომ მთვარეზე ბაზის მშენებლობას 2028 წელს დაიწყებს, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, იქნება თუ არა ეს ბაზა ლავის მილში.
როცა არ უნდა დაიწყოს ეს საქმე, ჩინეთი იდეისადმი ერთგული ჩანს. ჰუაჟონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეცნიერის, დინგ ლიეუნის განცხადებით, დედამიწის მიღმა საცხოვრებელი გარემოების მშენებლობა გადამწყვეტია არა მხოლოდ კოსმოსის კვლევაში, არამედ წარმოადგენს ჩინეთის, როგორც კოსმოსური ძალაუფლების სტრატეგიულ საჭიროებას.
ეს ენა ერთი-ერთში ემთხვევა NASA-ს ენას არტემისის პროგრამაზე საუბრისას.
ბაზისთვის სამზადისში, ჩინელმა მეცნიერებმა სიმშვიდისა და ნოყიერების ზღვები შეისწავლეს. 2022 წელს, მეცნიერთა ჯგუფმა კვლევა გამოაქვეყნა „ნოყიერების ზღვის“ ვულკანურ წარმონაქმნთა შესახებ.
ნოყიერების ზღვა ასეთი წარმონაქმნებით მდიდარია, მათ შორის, ლავის მილებით. 2022 წლის პუბლიკაციაში ჩინელი მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მთვარის ზედაპირის არც ერთ მისიას ი1 40 კილომეტრზე მეტი არ გაუვლია და ეს მომავალში შეიცვლება.
ამ კვლევის ავტორები უპირატესობას ანიჭებენ ხუთწლიან მისიას. ამ დროის განმავლობაში, ჩინურმა მავალმა ნოყიერების ზღვის კვლევაში 1400 კილომეტრი უნდა იაროს და უკეთესი სურათი შექმნას რეგიონის გეოლოგიის შესახებ. შეიძლება შეარჩიოს ბაზისთვის ხელსაყრელი ლავის მილიც.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.