მთვარეზე დიდი ოდენობით წყლის ახალი მარაგები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
მთვარეზე დიდი ოდენობით წყლის ახალი მარაგები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

მთვარეზე რომ წყალია, კარგად ვიცით, მაგრამ რჩება კითხვები, თუ როგორ მოხვდა ის იქ, სად ინახება და როგორ მოძრაობს. ახალ კვლევაში, ჩინელმა მეცნიერებმა მთვარის ქანებში გამოავლინეს მინის ციცქნა ბურთულები, რომლებიც სავარაუდოდ ის პოტენციური ადგილებია, სადაც წყალი იმალება.

საუბარია ძალიან ბევრ წყალზე, სავარაუდოდ 270 ტრილიონ კილოგრამ მასალაზე.

ახალი აღმოჩენა ეფუძნება ჩინეთის მავალის მისია Chang’e 5-ის მიერ ჩამოტანილ ნიმუშებს. 2020 წლის დეკემბერში, ხომალდი რამდენიმე კვირის განმავლობაში აგროვებდა ნიმუშებს მთვარის ზედაპირზე და მისი ანალიზების შედეგად გაკეთებული ამაღელვებელი აღმოჩენებიც უკვე ვნახეთ.

მინის ციცქნა ბურთულები ძირითადად წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კოსმოსური ნამტვრევები ზედაპირზე ერთმანეთს ეჯახება და ორთქლდება მინერალები, რომლებიც გაციების შემდეგ წარმოქმნიან რამდენიმე ათეული ან ასეული მიკრომეტრის სიგანის მინისებრ ნაწილაკებს. აპოლოს მისიების მიერ ჩამოტანილ ნიმუშებში აღმოჩენილი ბურთულების წინა კვლევებმა სრულიად შეცვალა იქამდე არსებული წარმოდგენა მთვარის სიმშრალის შესახებ.

ამჟამინდელი კვლევები მიუთითებს, რომ მთვარეზე საკმაოდ დიდი ოდენობით წყალი წარმოიქმნება მზის ქარების დახმარებით, რადგან ამ დროს, მზისგან მომდინარე ნაწილაკების წყალბადის იონები ებმის მთვარის ქანებში უკვე არსებულ ჟანგბადს.

ახალი კვლევის ავტორთა განცხადებით, წყლის მარაგი, რომელსაც პოტენციურად წარმოადგენს ეს ბურთულები, შეიძლება მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს მთვარის წყლის ციკლში. რადგან წყლის გარკვეული ნაწილი კოსმოსში იკარგება, მისი შევსება შესაძლებელია ამ ამორფულ, დარტყმით მინაში არსებული მარაგებით.

„დარტყმითი მინის ბურთულები ჰიდრატაციის ნიშნებს ინარჩუნებს და წარმოაჩენს წყლის სიუხვის პროფილებს, რომლებიც შეესაბამება მზის ქარისგან მიღებული წყლის შიდა მიმართულების დიფუზიას“, — წერენ მკვლევრები.

მინის თითოეულ ბურთულას 2000 მიკროგრამამდე (0,002 გრამი) წყლის შენახვა შეუძლია ნაწილაკების მასის ყოველ გრამზე. ჰიდრატაციის ხელწერების ანალიზზე დაყრდნობით, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ბურთულებს წყლის აკუმულირება რამდენიმე წელიწადში შეუძლია.

„დიფუზიის ასე მოკლე დრო მიუთითებს, რომ შესაძლებელია მზის ქარების შედეგად წარმოქმნილი წყლის სწრაფად აკუმულირება და შენახვა მთვარის დარტყმითი მინის ბურთულებში“, — წერენ მკვლევრები.

ამის ცოდნა საკმაოდ სასარგებლოა, როდესაც საქმე ეხება მთვარის მისიებსა და ბაზებს. წყლის ამ მარაგის ათვისებამ მთვარის ზედაპირზე ცხოვრება შეიძლება უფრო ხანგრძლივი პერიოდით გახადოს შესაძლებელი და თანაც, გაცილებით კომფორტული.

ამას გარდა, მეცნიერები ამბობენ, რომ ზედაპირის შრეებში, წყალს მთვარის მსგავსად შეიძლება ინახავდნენ სხვა „უჰაერო სხეულებიც“.

„აღმოჩენა მიუთითებს, რომ მთვარის ზედაპირზე და მზის სისტემის სხვა უჰაერო სხეულებზე მიმობნეულ დარტყმითი მინის ბურთულებს მზის ქარების მიერ წარმოქმნილი წყლის შენახვა შეუძლიათ“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკოსი ჰუ სენი.

კვლევა Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.