ჩინეთი მთვარის საიდუმლოების ამოხსნას გეგმავს
ჩინეთი მთვარის საიდუმლოების ამოხსნას გეგმავს

50 წლის წინ, 1969 წლის 20 ივლისს, მთელმა მსოფლიომ იხილა, როგორ გაიარა მთვარის ზედაპირზე ნილ არმსტრონგმა. მას შემდეგ, სხვადასხვა ქვეყანამ გაგზავნა მავალები მარსზე, ზონდები გალაქტიკის მასშტაბით, მაგრამ კაცობრიობის ინტერესი მთვარის მიმართ არასოდეს ჩამცხრალა.

რამდენიმე სხვა ქვეყანასთან თანამშრომლობის შედეგად, ჩინეთი ამჟამად მთვარის კვლევის მოწინავე ხაზზეა. პირველი ხომალდი მთვარისკენ ჩინელებმა 2007 წელს გაუშვეს და მომდევნო სამი ათწლეულის გეგმაც დასახეს.

„50 წელი გავიდა, რაც ადამიანმა მთვარეზე ფეხი დააბიჯა, მას შემდეგ, რაც ნილ არმსტრონგმა გადადგა ერთი პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, მაგრამ დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის; ამდენი წლის შემდეგ, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ჩინეთმა მთვარის „ბნელ მხარეს“ დასვა ხომალდი ჩანე-4 და მავალი იუთუ-2“, — აღნიშნავს ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული ასტრონომიული ობსერვატორიების დირექტორის მოადგილე ლი ჩუნლაი.

მთვარის ბნელი მხარის კვლევას უკვე მოჰყვა მოულოდნელი აღმოჩენაც — მთვარის მანტიის შემადგენელი ნივთიერებები ზედაპირზე, რაც შორეულ წარსულში დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ასტეროიდის დაცემაზე მიუთითებს. ჩინურმა მისიამ ასევე გადაიღო უმაღლესი რეზოლუციის ფოტოები და შეაგროვა ტოპოგრაფიული მონაცემები.

ჩინეთის მთვარის კვლევის პროგრამის (CLEP) შემდეგი მისია, სახელად ჩანე-5 2020 წელს გაეშვება. მისი მიზანი მთვარის ქანების ნიმუშების შეგროვება და დედამიწაზე ჩამოტანა იქნება. მსგავსი მისია 1976 წლის შემდეგ არ განხორციელებულა.

გარდა ამისა, ჩინეთის გეგმებში შედის 2030 წლისთვის მთვარეზე დააარსოს სამეცნიერო კვლევითი სადგური, სადაც სხვადასხვა ექსპერიმენტები ჩატარდება, საბოლოოდ კი ასტრონავტებს მთვარეზე დიდი ხნით დარჩენის საშუალებას მისცემს.

თუმცა მანამდე, შესასრულებელია მრავალი სამუშაო. ლის განცხადებით, ჩინეთის მთვარის კვლევის მიზნებს მნიშვნელოვნად ზღუდავს ამჟამინდელი ტექნოლოგიები. შესაბამისად, ჩინეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა.

„მთვარე ყველასია. როგორც „აპოლოს“ პროგრამამ შეასრულა პოზიტიური როლი ადამიანთა საზოგადოების განვითარების ხელშეწყობაში, ასევე იქნება ჩინეთის პროგრამაც. ჩვენ მთელი მსოფლიოს ქვეყნებთან ვითანამშრომლებთ მთვარისა და ღრმა კოსმოსის კვლევის გრძელვადიან პროექტებში. იმედი გვაქვს, სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გზით, მთვარის კვლევითა და ათვისებით ერთობლივად შევქმნით უკეთეს მომავალს კაცობრიობისათვის; რა თქმა უნდა, ეს პროცესი მოგვიტანს მრავალ მიღწევას კოსმოსურ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში“, — აღნიშნავს ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული ასტრონომიული ობსერვატორიების დირექტორის მოადგილე ლი ჩუნლაი.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.