ჩინეთის ხომალდს მთვარის „ბნელ მხარეს“ ახალი საიდუმლოება დახვდა
ჩინეთის ხომალდს მთვარის „ბნელ მხარეს“ ახალი საიდუმლოება დახვდა

რამდენიმე თვის წინ ჩინეთის მიერ მთვარეზე გაგზავნილმა ხომალდმა „ჩანე 4-მა“ შესაძლოა, მთვარის „ბნელი მხარის“ საიდუმლო ამოხსნა. „ჩანე 4“ პირველი ხომალდია, რომელიც მთვარის „ბნელ მხარეს“ დაჯდა და ინფორმაცია შეაგროვა მზის სისტემის უდიდესი კრატერის შესახებ. შედეგად, უფრო ნათელი ხდება, როგორ წარმოიქმნა და განვითარდა მთვარე.

1970-იან წლებში გაჩნდა თეორია, რომლის მიხედვითაც, ახლად დაბადებული მთვარის ზედაპირი მაგმის ოკეანით იყო დაფარული. მას შემდეგ, რაც მდნარი ოკეანე დამშვიდდა და გაცივდა, მსუბუქი მინერალები ზემოთ მოექცა, მძიმე კომპონენტები კი ჩაიძირა. ზედა ნაწილი ბაზალტად გაქვავდა და გარს შემოეკრა მკვრივი მინერალების მანტიას, რომელშიც შედიოდა ოლივინი და პიროქსენი.

დროთა განმავლობაში მთვარის ზედაპირს ასტეროიდები და სხვადასხვა კოსმოსური ნარჩენები ეცემოდა, რის შედეგადაც, გაქვავებული ზედაპირი დასკდა და მაღლა ამოიყარა მანტიის ნამსხვრევები.

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული ასტრონომიული ობსერვატორიის მკვლევრის, ლი ჩუნლაის განცხადებით, მთვარის მანტიის შემადგენლობის განსაზღვრა გადამწყვეტია იმის გასარკვევად, მართლაც არსებობდა თუ არა იქ ოდესღაც მაგმის ოკეანე. ასევე დაიხვეწება ჩვენი წარმოდგენა მთვარის თერმული და მაგმური ევოლუციის შესახებ.

ლის განცხადებით, მთვარის ევოლუცია შეიძლება ფანჯარას გაგვიხსნიდეს დედამიწისა და სხვა კლდოვანი პლანეტების ევოლუციის გასარკვევად, რადგან მისი ზედაპირი შედარებით ხელუხლებელია და ერთგვარად წარმოადგენს ადრეული დედამიწის ზედაპირის მსგავსს.

ხომალდი „ჩანე 4“ მთვარის სამხრეთ პოლუსის აიტკენის აუზში დაჯდა, რომელიც 2500 კილომეტრზეა გადაჭიმული. შეაგროვა სპექტრული მონაცემები და სხვა ნიმუშები აუზში არსებულ ღრმა დარტყმითი კრატერების შესახებ.

მკვლევრები ელოდებოდნენ, რომ აუზში იპოვიდნენ მანტიიდან დარტყმების შედეგად ამოყრილ ნივთიერებებს, რომლებიც მრავალ ახალ ცნობას მიაწვდიდა მთვარის ქერქის წარსულის შესახებ. თუმცა, მათ სულ სხვა რამ იპოვეს — მინერალ ოლივინის კვალი, რომელიც დედამიწის ზედა მანტიის ძირითადი კომპონენტია.

როგორც ლი აღნიშნავს, სამხრეთ პოლუსის აიტკენის აუზის წიაღში ოლივინის სიუხვე ნამდვილი თავსატეხია.

როგორც ჩანს, უფრო მეტი ოლივინია ღრმა დარტყმების ნიმუშებში. ლის ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, მანტია შედგება ოლივინისა და პიროქსენის თანაბარი წილისგან ისე, რომ არ დომინირებს არც ერთი მათგანი.

მთვარის ამ ზონის უკეთ შესასწავლად ჩანე 4-ს“ უფრო მეტი კვლევა სჭირდება; ასევე საჭიროა მეტი სპექტრული მონაცემის შეგროვება თავდაპირველი აღმოჩენების დასადასტურებლად და მთვარის მანტიის შემადგენლობის სრულად გასარკვევად.

მომზადებულია cas.cn-ის მიხედვით.