აღმოჩენილია ნამარხების უზარმაზარი ფენა, რომელიც გვიჩვენებს, როგორ აღდგა სიცოცხლე 512 მლნ წლის წინ, კატასტროფული გადაშენების შემდეგ — #1tvმეცნიერება
დაახლოებით ნახევარი მილიარდი წლის წინ, დედამიწაზე გლობალური მასობრივი გადაშენება მოხდა — დედამიწაზე სიცოცხლის კამბრიული აფეთქების დრამატული შეწყვეტა.
ამ დრომდე დიდწილად საიდუმლოებით იყო მოცული, რა მოხდა უშუალოდ ამ მოვლენის შემდეგ.
სამხრეთ ჩინეთში, ხუნანის პროვინციაში აღმოაჩინეს ნამარხების ძეგლი, რომელშიც მთელი ეკოსისტემა შემონახული, თანაც გასაოცარი დეტალებით, მათ შორის, რბილი ქსოვილებითა და შინაგანი სტრუქტურებით. ამ ძეგლზე აღმოჩენილ სახეობათა თითქმის 60 პროცენტი მეცნიერებისთვის აქამდე უცნობი იყო.
კოლექციას ჰუაიუანის ბიოტა უწოდეს და მოიცავს ცხოველის 153 სახეობას 16 დიდი ჯგუფიდან; ჯამში, ერთ ადგილას 8681 ნამარხი ეგზემპლარი აღმოაჩინეს. ყველა მათგანი დაახლოებით 512 მილიონი წლის წინანდელია, ანუ, არც ისე დიდი დროა გასული მასობრივი გადაშენებიდან, რომელიც დაახლოებით 513,5 მილიონი წლის წინ მოხდა.
სახეობათა რაოდენობითა და შემონახულობის დონით, ეს ძეგლი კონკურენციას უწევს სახელგანთქმულ ძეგლს კანადაში, სახელად ბერჯესის ფიქლებს.

ორგანიზმების განმარხებისთვის დედამიწას საკმაოდ ბევრი „ხრიკი“ აქვს, მაგრამ ჰუაიუანის ბიოტა ნამდვილად ბრწყინვალე იშვიათობაა. მიეკუთვნება ნამარხი დეპოზიტების ელიტურ კლასს, რომელსაც ლაგერშტეტს უწოდებენ — ნამარხების ფენები, რომლებიც გამოირჩევიან როგორც განსაკუთრებული სიმდიდრით, ასევე განსაკუთრებული შენარჩუნებით.
თუმცა, ის ერთი რიგითი ლაგერშტეტი არაა; ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევართა ჯგუფმა პალეონტოლოგ მაოიან ჟუს ხელმძღვანელობით, უაიუანის ბიოტას ბერჯესის ფიქლების ტიპის (BST) ლაგერშტეტის კლასიფიკაცია მიანიჭა — ნამარხების ფენის ძალიან იშვიათი და საუკეთესო ტიპი, სადაც რბილქსოვილიანი ცხოველები და დელიკატური შინაგანი ქსოვილები ყველა ვარიანტში შემონახულია და არა გამონაკლისის სახით.

დედამიწის კამბრიული პერიოდი დაახლოებით 540 მილიონი წლის წინ დაიწყო და 485 მილიონი წლის წინ დასრულდა; ამ პერიოდში ჩვენს პლანეტაზე უდიდესი ცვლილებები მოხდა. სწორედ მაშინ მოხდა ცხოველური სიცოცხლის პირველი ძირითადი დივერსიფიკაცია — კამბრიული აფეთქება. თუმცა, სულ მალე, სიცოცხლის ხე „გასხლა“ სინსკის გადაშენების მოვლენამ, რომელიც სავარაუდოდ გამოიწვია ტექტონიკურმა აქტივობამ.
სინკსის გადაშენების პერიოდის რამდენიმე ბერჯესის ფიქლების ტიპის ლაგერშტეტის საფუძველზე, პალეონტოლოგებმა შეძლეს ზოგიერთი იმ ეფექტის აღდგენა, რაც ამ მოვლენას ჰქონდა დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეზე. ბერჯესის ფიქლები კანადის კლდეებში, დაახლოებით 508 მილიონი წლისაა. ქინჯიანგის ბიოტა და ჩენჯიანგის ბიოტა ორივე ჩინეთში მდებარეობს და ორივე დაახლოებით 518 მილიონი წლისაა.
ამის წყალობით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მართალია, სინსკის გადაშენებისას თავთხელი წყლის ბევრი სახეობა ამოწყდა, მაგრამ რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში, სიცოცხლემ აღდგენა მაინც მოახერხა.
ჰუაიუანის ბიოტა დაახლოებით 513 მილიონი წლისაა და წარმოადგენს პირდაპირ ფანჯარას უშუალოდ გადაშენების მოვლენის შემდეგ პერიოდში. გვიჩვენებს, რომ სულ მცირე ზოგიერთი ეკოსისტემა, კერძოდ, ღრმა წყლების — უსაფრთხო თავშესაფრის როლს ასრულებდა.
თავად ეს ნამარხები გვიჩვენებს მდიდარ და მრავალფეროვან ეკოსისტემას, რომელიც სავსეა მტაცებლებით და მსხვერპლებით. შემონახულია არა მხოლოდ გარე ფორმები და ტექსტურა, არამედ, ბევრ შემთხვევაში შინაგანი ორგანოები და რბილი ქსოვილებიც საოცარ დეტალებში, მათ შორის, ნერვული სისტემა და უჯრედული სტრუქტურებიც კი.

შემონახულ სხვა სტრუქტურებს შორის არის ნაწლავის დივერტიკულა და ოპტიკური ნეიროპოლი, რაც იშვიათ ცნობებს გვაწვდის უძველესი საჭმლის მომნელებელი და ნერვული ქსოვილების შესახებ. ეს ძეგლი მრავალი წლის განმავლობაში იქნება მეცნიერთა აქტიური კვლევის საგანი.
ბიოტა შეიცავს ფეხსახსრიან ტრილობიტებს და უმაღლეს მტაცებელ რადიოდონტებს, უხერხემლოებს — ღრუბლებს, სავარცხელებსა და ზღვის ანემონებს. განსაკუთრებით გამორჩეულია იმით, რომ მრავალი ეს ცხოველი იქაა შემონახული, სადაც ბინადრობდნენ და არ არიან წყლის მიერ სხვა ადგილებიდან მოტანილი.
ეს იმას ნიშნავს, რომ მეცნიერებს შეუძლიათ, დაადგინონ მათი ქცევები; მაგალითად, შემონახულია ვეტულიკოლიები რამდენიმე ჯგუფად, რაც მიუთითებს, რომ ისინი ჯგუფებად ცხოვრობდნენ.

ალბათ ყველაზე მოულოდნელი აღმოჩენა კი არის მსოფლიოში უძველესი პელაგიალური გარსიანები — ფილტრატორების (ორგანიზმები, რომლებიც ფილტრაციის მეთოდით იკვებებიან) ჯგუფი, რომლებიც დღეს უდიდეს როლს ასრულებენ ოკეანის ნახშირბადის ციკლში.
ბიოტაში თავისუფლად მცურავი გარსიანების არსებობა მიუთითებს, რომ სინსკის გადაშენებიდან სულ მალე, უკვე დაიწყო ჩამოყალიბება საოცრად თანამედროვე სტილის ოკეანის ეკოსისტემებმა.
კიდევ ერთი ნამდვილად საოცარი ამბავი ისაა, რომ ეს ბიოტა მკვლევრებმა შეადარეს სხვა კამბრიულ ლაგერშტეტს. ასე დაადგინეს, რომ ჰუაიუანის ბიოტას საოცარი მსგავსებები აქვს ბერჯესის ფიქლების ძეგლთან.
რამდენიმე სახელგანთქმული ცხოველი, რომელიც ერთ დროს მიიჩნეოდა, რომ მხოლოდ ბერჯესის ფიქლებში ბინადრობდა, მაგალითად, Helmetia და Surusicaris-ი — ჰუაიუანის ბიოტაშიც გამოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ადგილი ერთმანეთისგან ათასობით კილომეტრითა და მილიონობით წლითაა დაშორებული.
აღმოჩენა აბსოლუტურად შესანიშნავია და სავარაუდოდ, უმნიშვნელოვანესი გახდება კამბრიული პერიოდის დედამიწის შესწავლაში.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.