დედამიწის მოსახლეობამ პლანეტის შესაძლებლობებს გადააჭარბა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

12:42, 08.04.2026

ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის პოპულაცია უკვე ძალიან გაიზარდა და მოხმარების ამჟამინდელი დონის მდგრადად მხარდასაჭერად, დედამიწას დახმარება სჭირდება.

მოსახლეობის ორსაუკუნოვან მონაცემებზე დაყრდნობით, ავსტრალიის ფლინდერსის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ კაცობრიობა გაცილებით სცილდება იმ საზღვრებს, რისი მხარდაჭერაც ჩვენს პლანეტას შეუძლია გრძელვადიან პერსპექტივაში.

გარემოს უნარს, შეინარჩუნოს სახეობის პოპულაცია, ეკოლოგები აღწერენ, როგორც მის „ტევადობას“. ეს არის ნებისმიერი სახეობის ინდივიდების რაოდენობის შეფასება, რომლებსაც შეუძლიათ ხანგრძლივად გადარჩენა, არსებული რესურსებისა და ამ რესურსების რეგენერაციის ტემპის საფუძველზე.

ჩვენი სახეობა, ჰომო საპიენსი განსაკუთრებით კარგად ახერხებს ამ ტევადობის საზღვრების გადაწევას ჩვენი მიდრეკილებით, ვიპოვოთ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები რესურსების განახლების ბუნებრივი შეზღუდვების დასაძლევად — განსაკუთრებით წიაღისეული საწვავის გამოყენებით.

საინტერესოა, რომ ტერმინი „ტევადობა“ სათავეს 1800-იანი წლების ბოლოს იღებს გადაზიდვების ინდუსტრიაში, როცა ქვანახშირზე მომუშავე გემები ქარზე მომუშავე გემებს ცვლიდნენ. ტერმინი პირველად გამოიყენეს იმ ტვირთის რაოდენობის გამოსათვლელად, რაც ახალ გემს შეეძლო გადაეტანა ისე, რომ ეს არ მომხდარიყო გემის მუშაობისთვის საჭირო ქვანახშირის, წყლისა და ეკიპაჟის ხარჯზე.

ეს გახლდათ წიაღისეულ საწვავზე გადასვლა გადაზიდვებსა და სხვა ინდუსტრიებში, რამაც ფუნდამენტურად შეუწყო ხელი მოსახლეობის სწრაფად ზრდას მეოცე საუკუნეში. ამჟამად დედამიწის მოსახლეობა დაახლოებით 8,3 მილიარდი ადამიანია.

დღევანდელი ეკონომიკა, რომელიც უწყვეტ ზრდაზეა დაფუძნებული, აშკარად არ აღიარებს მოსახლეობის მდგრადი ზრდის რეგენერაციულ შეზღუდვებს, რადგან წიაღისეული საწვავი ხელოვნურად ავსებს სხვაობას“, — წერენ მკვლევრები.

კვლევის ავტორმა, კორი ბრედშოუმ და მისმა ჯგუფმა შექმნეს ადამიანთა ტევადობის მტკიცებულებაზე დაფუძნებული შეფასება; გამოიყენეს ეკოლოგიური ზრდის მოდელები, რათა მიჰყოლოდნენ ცვლილებებს მოსახლეობის ზომასა და ზრდის მაჩვენებლებში გასული ორი საუკუნის განმავლობაში, როგორც გლობალურად, ისე რეგიონულად.

მათ ერთმანეთისგან განასხვავეს მაქსიმალური ტევადობა — თეორიული, აბსოლუტური ლიმიტი, მიუხედავად შიმშილის, დაავადებების და ომებისა — და ოპტიმალური ტევადობა, რომელშიც მოსახლეობის რაოდენობა მდგრადია და აკმაყოფილებს ცხოვრების მინიმალურ სტანდარტებს.

„დედამიწას არ შეუძლია გაუძლოს იმ ტემპს, რომლითაც ჩვენ ვიყენებთ რესურსებს. არ შეუძლია დღევანდელი მოთხოვნის დაკმაყოფილება მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე, რადგან ჩვენი დასკვნები აჩვენებს, რომ ჩვენ პლანეტას იმაზე მეტად ვაწვებით, ვიდრე მას შეუძლია გაუმკლავდეს“, — ამბობს ბრედშოუ.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ 1950-იან წლებამდე, მოსახლეობა მუდმივად მზარდი მაჩვენებლით იზრდებოდა, მაგრამ 1960-იანი წლების დასაწყისში, ზრდის მაჩვენებელმა შენელება დაიწყო, მაგრამ მოსახლეობის რაოდენობამ ზრდა მაინც განაგრძო.

„ამ ცვლილებამ აღნიშნა ის, რასაც ჩვენ „ნეგატიურ დემოგრაფიულ ფაზას“ ვუწოდებთ. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის მატება უკვე აღარ ითარგმნება, როგორც სწრაფი ზრდა. ამ ფაზის შესწავლისას აღმოვაჩინეთ, რომ ამჟამინდელი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, გლობალური მოსახლეობა სავარაუდოდ პიკს მიაღწევს 2060-იანი წლების ბოლოს ან 2070-იან წლებში — 11,7-დან 12,4 მილიარდ ადამიანამდე“, — აღნიშნავს ბრედშოუ.

დაახლოებით 12 მილიარდი არის სავარაუდო ტევადობის აბსოლუტური მაქსიმუმი, მაგრამ ის შორსაა ოპტიმალურისგან რესურსების მოხმარების ამჟამინდელი დონით; ჯგუფის გათვლებით, ოპტიმალური რაოდენობა 2,5 მილიარდია.

ეს კვლევა პირველია, რომელმაც შეისწავლა კავშირი მოსახლეობის ერთ სულ მოსახლეზე ცვლილების მაჩვენებელსა და მოსახლეობის გრძელვადიან საშუალო ზომას შორის.

კვლევამ ცხადყო, რომ ადამიანთა საზოგადოებებმა გადაინაცვლეს ტენდენციიდან, სადაც მეტი ადამიანი ნიშნავდა მოსახლეობის ზრდის უფრო მაღალ ტემპს, იმ ტენდენციამდე, სადაც მრუდი გაბრტყელებას იწყებდა — ანუ, მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად, ზრდის ტემპი შემცირდა.

თუმცა, ბრედშოუს ჯგუფის მიერ შექმნილი მოდელის მიხედვით, ზრდის ამ ნელი მაჩვენებლითაც კი, დედამიწის მოსახლეობა უკვე ბევრად აღემატება მდგრად ტევადობას.

სხვაობამ მათ მიერ მიღებულ ოპტიმალურ მაჩვენებელს (2,5 მილიარდი) და მოსახლეობის ამჟამინდელ რაოდენობას (8,3 მილიარდი) შორის, შეიძლება ახსნას ჭარბი მოხმარების ის პრობლემები, რომლებიც ამჟამად უდგას ჩვენს სახეობას.

მაგალითად, 2026 წლის იანვარში, გაერო-მ განაცხადა, რომ მსოფლიო წყლის დეფიციტის მდგომარეობაშია. ცხოველთა პოპულაციები მცირდება, რადგან კონკურენციას ვერ გვიწევენ რესურსებში ან ვერ ახერხებენ ჩვენი მადის დაკმაყოფილებას.

წიაღისეულ საწვავზე ჩვენი დამოკიდებულება დედამიწის ტევადობას მოკლევადიან პერსპექტივაში ზრდის — მაგალითად, ვაწარმოებთ სასუქებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების საკვებად, ვიღებთ ენერგიას. წიაღისეული საწვავი ასევე განაპირობებს ადამიანის მიერ გამოწვეულ კლიმატის ცვლილებას, რომელიც გლობალურად არღვევს ეკოსისტემებს და ბუნებრივ რესურსებს.

კვლევა გვთავაზობს, რომ ვარიაციებს გლობალური ტემპერატურის ანომალიაში, ეკოლოგიურ ნაკვალევში და ჯამურ ემისიებში — უფრო უკეთესად აიხსნება მოსახლეობის რაოდენობის ზრდით, ვიდრე ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებით.

„პლანეტის სასიცოცხლო სისტემები უკვე დაძაბულობის ქვეშაა და სწრაფი ცვლილებების გარეშე ენერგიის, მიწისა და საკვების მოხმარებაში, მილიარდობით ადამიანი აღმოჩნდება მზარდი არასტაბილურობის წინაშე. ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ეს ზღვრები თეორიული კი არ არის, არამედ სწორედ ახლა ხდება“, — ამბობს ბრედშოუ.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა დედამიწაზე ადამიანის სიცოცხლის საკმაოდ დამთრგუნველ სურათს ასახავს, ​​მკვლევრები ამბობენ, რომ დრო ჯერ არ ამოწურულა.

„დედამიწას არ შეუძლია შეინარჩუნოს მომავალი მოსახლეობა ან თუნდაც დღევანდელი, მიწის, წყლის, ენერგიის, ბიომრავალფეროვნებისა და სხვა რესურსების გამოყენების სოციალურ-კულტურული პრაქტიკების ძირეულად გადახედვის გარეშე. მცირე მოსახლეობა დაბალი მოხმარებით უკეთეს შედეგებს ქმნის როგორც ადამიანებისთვის, ასევე პლანეტისთვის. მოქმედების ფანჯარა პატარავდება, მაგრამ აზრიანი ცვლილება ჯერ კიდევ მიღწევადია, თუკი ქვეყნები ერთობლივად იმუშავებენ“, — ამბობს ბრედშოუ.

როგორც გლობალური მასშტაბის ნებისმიერ სხვა მოდელირებას, შეზღუდვები ამ კვლევასაც აქვს. დედამიწაზე მუდმივად ძალიან ბევრი ცვლადი მოქმედებს, რაც ართულებს იმას, რომ მეცნიერებმა შეძლონ იმ ყველაფრის გათვალისწინება, რაც გავლენას ახდენს მოსახლეობის ზომაზე, ცვლილების სიჩქარესა და ტევადობაზე. ამიტომ ეს რიცხვები უნდა მივიღოთ, როგორც შეფასებები, რომლებიც სარწმუნოა მხოლოდ იმ მონაცემთა ფარგლებში, რომლებზეც ისინია დაფუძნებული.

ტევადობას ასევე აქვს გარკვეული ეთიკური შედეგები — დედამიწაზე ყველა ადამიანს ერთნაირი შესაძლებლობა არ აქვს, არც ერთნაირ რესურსებს მოიხმარს; მოსახლეობის კონტროლის ზომების შესახებ დისკუსიები ხშირად რასიზმითა და ეიბლიზმით არის სავსე.

კვლევა Environmental Research Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.flinders.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი