ამ საუკუნეში, დედამიწაზე გასამმაგდება ადამიანის საცხოვრებლად ზედმეტად ცხელი ადგილების რაოდენობა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ამ საუკუნეში, დედამიწაზე გასამმაგდება ადამიანის საცხოვრებლად ზედმეტად ცხელი ადგილების რაოდენობა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

თუკი შევძლებთ, რომ პარიზის შეთანხმებით დადგენილ კლიმატურ სამიზნეს მივაღწიეთ, ვიცხოვრებთ მსოფლიოში, რომელიც ამ საუკუნის ბოლოს საშუალოდ ორი გრადუსი ცელსიუსით უფრო ცხელი იქნება, ვიდრე ინდუსტრიამდელ პერიოდში იყო; და ამ შემთხვევაშიც კი, პლანეტაზე შეცოტავდება კომფორტული ცხოვრებისთვის ხელსაყრელი ადგილების რაოდენობა.

გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ ინდუსტრიალიზაციამდელ მაჩვენებელთან შედარებით უკვე 1,5 °C-ით მოიმატა. ამ საზარელ ნიშნულს შარშან მივაღწიეთ.

მეცნიერთა ცნობით, გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე დამატებით 0.5 °C-ის დამატებით, პლანეტაზე გასამმაგდება ხმელეთის იმ ზონების რაოდენობა, რომლებიც ზედმეტად ცხელი იქნება ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანის საცხოვრებლადაც კი. ეს დაახლოებით შეერთებული შტატების ზომის ხმელეთის მასას უდრის.

60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, რომელთა სხეულიც უფრო მოწყვლადია ექსტრემალური სიცხეებისადმი, სახიფათო ზონა დედამიწის ხმელეთის 35 პროცენტი იქნება; დღეს ეს მაჩვენებელი 21 პროცენტია.

ამისათვის მომზადებაა საჭირო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს პროგნოზები გლობალური დათბობის უფრო მსუბუქი უკიდურესობის სცენარებშია მოქცეული.

„ჩვენი კვლევა აჩვენებს პოტენციურად მომაკვდინებელ შედეგებს, თუკი გლობალური დათბობა 2 °C-ს მიაღწევს. ინდუსტრიალიზაციამდელ მაჩვენებელთან შედარებით 4 °C-ით დათბობა გავლენას იქონიებს გლობალური ხმელეთის დაახლოებით 40 პროცენტზე მხოლოდ ზედა განედებში; შუა განედების ცივი რეგიონები კი ხელუხლებელი დარჩება“, — ამბობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის კლიმატური მეცნიერი ტომ მეთიუსი.

ჯანმრთელ სხეულს ძალიან ბევრ რამესთან გამკლავება შეუძლია, მაგრამ სინამდვილეში, „გამკლავება“, საკმაოდ ბევრ რამეს ნიშნავს. სიცხისგან ოფლში ცურაობა და ამის გამო უძილობა ნამდვილად არ მოგვკლავს, მაგრამ ასეთ გარემოში ყველაფერი კარგად ნამდვილად ვერ იქნება.

ამას გარდა, არის „აუნაზღაურებელი“ სიცხეც, როდესაც თქვენს სხეულში უფრო მეტი სითბო შედის, ვიდრე მის შიდა მექანიზმს შეუძლია შიდა ტემპერატურის დასტაბილურება. ამ პრობლემას აწყდებიან ადამიანები ექსტრემალურ პირობებში, რასაც ხშირად აუარესებს პირადი დაცვის აღჭურვილობა — მაგალითად, მეხანძრეები და ათლეტები. თუმცა, ასეთი რამ სულ უფრო გახშირდა სითბური ტალღების დროს, განსაკუთრებით, ეკვატორის მიმდებარედ.

იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობთ, ასეთი რამ შეიძლება უკვე გამოგიცდიათ კიდეც. ბოლო წლებში, სპარსეთის ყურის, ინდ-განგის დაბლობის, აშშ-ის სამხრეთის, მექსიკისა და ავსტრალიის რეგიონებმა ექსტრემალური სითბური მოვლენები გადაიტანეს, რისი ატანაც ახალგაზრდა ადამიანებსაც კი გაუჭირდათ.

არსებობს ე. წ. გადაურჩენელი სიცხეც, რომელიც საკმარისია, რათა ადამიანი მოკლას. ამ კვლევაში განსაზღვრეს, რომ ამ დროს, სხეულის ნორმალური ტემპერატურა, ანუ დაახლოებით 37 °C, სულ რაღაც ექვს საათში ან უფრო ნაკლებში აღწევს 42 °C-ს. ინდუსტრიალიზაციამდელ მაჩვენებელთან შედარებით 2 °C-ით მომატების შემთხვევაში, ზოგიერთ ადგილას დაირღვევა ის ზღვრები, რომლის იქითაც 60 წელს გადაცილებული ადამიანები ვერ გადარჩებიან.

თუ გაგრძელდა წიაღისეული საწვავის წვა და ატმოსფერული ნახშირბადის შთამნთქმელ ეკოსისტემათა რღვევა, აჩქარდება გლობალური დათბობა და შესაბამისად, 2 °C-იანი სამიზნეც მიუღწეველი დარჩება. ინდუსტრიალიზაციამდელ მაჩვენებელთან შედარებით 4-5 გრადუსით მატების შემთხვევაში, მოხსენებები მიუთითებს, რომ ზოგიერთ რეგიონებში სიცხე ნებისმიერი ასაკის ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ ნიშნულს მიაღწევს.

60 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა „აუნაზღაურებელი“ სიცხე შეიძლება გამოცადონ დედამიწის ზედაპირის 60 პროცენტზე, ტროპიკებში კი „გადაურჩენელი“ სიცხე რისკის ქვეშ დააყენებს ნებისმიერი ასაკის ადამიანს.

„გადაურჩენელი სიცხის ზღვრები, სავარაუდოდ ახალგაზრდებისთვისაც გამოჩნდება. ასეთ გარემოში, დიდხანს გარეთ ყოფნა, თუნდაც ჩრდილში, ძლიერი ქარისა და კარგი ტენიანობის პირობებში, გამოიწვევს ლეტალურ სიცხის დარტყმებს“, — ამბობს მეთიუსი.

მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საჭიროა გლობალური დათბობის შეზღუდვა, რისთვისაც აუცილებელია განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა და ნახშირბადის მნიშვნელოვანი მარაგების დაცვა, რათა თავიდან ავიცილოთ ყველაზე უარესი პროგნოზები. თუმცა, როგორც მეთიუსი აღნიშნავს, ასევე საჭიროა მოვემზადოთ მსოფლიოსთვის, სადაც მრავალ ადგილას გარეთ გასვლა ჯანმრთელობისთვის სარისკო იქნება.

კვლევა Nature Reviews Earth and Environment-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია kcl.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.