2024 წელი ყველაზე ცხელი იყო აღრიცხულთა შორის — #1tvმეცნიერება
2024 წელი ყველაზე ცხელი იყო აღრიცხულთა შორის — #1tvმეცნიერება

2024 წელი გლობალურად მსოფლიოს ყველაზე ცხელი წელი იყო აღრიცხულთა შორის. ამავე დროს, პირველი კალენდარული წელი იყო, რომელშიც გლობალურმა ტემპერატურამ ინდუსტრიამდელ მაჩვენებელს 1,5°C-ით გადააჭარბა.

ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა ევროკავშირის პროგრამა კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სერვისმა. ეს ყველაფერი ემთხვევა ლოს-ანჯელესში მძვინვარე ტყის ხანძარს, რომლის გაუარესებას მეცნიერები კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.

რეკორდული გლობალური სიცხე ძირითადად განპირობებულია კაცობრიობის მიერ სათბურის აირების გამოყოფით, რასაც წიაღისეული საწვავის წვა იწვევს. დათბობა იქამდე არ შეჩერდება, ვიდრე ამ აირების გამოყოფა ნულამდე არ ჩამოვა.

აშკარაა, რომ კაცობრიობის მიერ სათბურის აირების ემისიის სწრაფად შემცირების საჭიროება ასე გადაუდებელი ჯერ არასოდეს ყოფილა.

კოპერნიკის მიერ დადებული შედეგები თანხვედრაშია გლობალური ტემპერატურის სხვა წამყვან მონაცემთა ბაზებთან, რომლებიც მიუთითებს, რომ 2024 ყველაზე ცხელი წელი იყო 1850 წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც ამის აღრიცხვა დაიწყო.

გლობალური საშუალო ტემპერატურა 2024 წელს დაახლოებით 1,6°C-ით მაღალი იყო მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდის გლობალურ საშუალო ტემპერატურაზე (რასაც ინდუსტრიამდელ მაჩვენებელს უწოდებენ).

გასული წლის 22 ივლისს, გლობალურმა საშუალო დღიურმა ტემპერატურამ 17,16°C-ს მიაღწია, რაც ახალი რეკორდი იყო.

კოპერნიკმა ასევე დაადგინა, რომ გასული ათწლეულის ყოველი წელი ერთმანეთზე უფრო ცხელი იყო.

„ახლა ვიმყოფებით პარიზის შეთანხმებით დადგენილი 1,5ºC-იანი დონის გადაკვეთის ზღვარზე; გასული ორი წლის საშუალო მაჩვენებელი უკვე ამ დონეზე მაღალია. ასე მაღალი გლობალური ტემპერატურა, რასაც 2024 წელს თან ახლდა ატმოსფერული წყლის ორთქლის რეკორდულად მაღალი დონე, ნიშნავს უპრეცედენტო სითბურ ტალღებს და ძლიერ ნალექებს, რაც მილიონობით ადამიანისთვის იწვევს უბედურებებს“, — ამბობს პროგრამა კოპერნიკის დირექტორი კარლო ბუონტემპო.

ზედაპირის გლობალური საშუალო ტემპერატურის შეფასება უნივერსალური არ არის. სხვადასხვა ორგანიზაცია სხვადასხვა მეთოდს იყენებს, მაგრამ ზოგადი სურათი მაინც ერთნაირია — 2024 წელი აღრიცხულთა შორის ყველაზე ცხელი იყო.

2024 წლის ასე მაღალი გლობალური საშუალო ტემპერატურა შეუძლებელი იქნებოდა კაცობრიობის მიერ სათბურის აირების გამოყოფის გარეშე. წლის პირველ ნახევარში გარკვეული როლი შეასრულა ელ-ნინიოს მოვლენამაც. მან დედამიწის ზედაპირი გაათბო, განსაკუთრებით წყნარი ოკეანის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში — ამის გამო, ზედაპირის გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ 0,2°C-ით მოიმატა.

პარიზის გლობალური შეთანხმების მიზანია, არ დაუშვას, რომ გლობალურმა დათბობამ ინდუსტრიამდელ საშუალო მაჩვენებელს 1,5°C-ზე მეტით გადააჭარბოს. შესაბამისად, თუკი 2024 წელს მაჩვენებელი ინდუსტრიამდელი პერიოდისაზე 1,6°C-ით მაღალი იყო, შეიძლება იფიქროთ, რომ ამ მიზნის მიღწევაში მსოფლიომ კრახი განიცადა. თუმცა, ასე არ არის.

პარიზის შეთანხმების წარმატება გაიზომება ერთ წელიწადზე გაცილებით დიდხნიანი პერიოდით. ეს მიდგომა გამორიცხავს კლიმატის ბუნებრივ ცვალებადობას და ელ-ნინიოსა და ლა-ნინიას მსგავს ფაქტორებს, რათა შექმნას კლიმატის ცვლილების უფრო მკაფიო სურათი.

თუმცა, 2024 წლის სტატისტიკა ნამდვილად ცუდი ნიშანია. აჩვენებს, რომ კაცობრიობას ბევრი მუშაობა მოუწევს, რათა ტემპერატურის მატება 2°C-იან ნიშნულს ქვემოთ მოაქციოს, რომ აღარაფერი ვთქვათ 1,5°C-ზე.

კლიმატის ცვლილების შესახებ უნდა ვიცოდეთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ: ადამიანთა მიერ დროთა განმავლობაში გამოყოფილი სათბურის აირების რაოდენობა დაახლოებით პროპორციულია იმავე პერიოდში გლობალური ტემპერატურის ზრდისა.

ეს თითქმის ხაზობრივი კავშირი ნიშნავს იმას, რომ ადამიანთა საქმიანობის შედეგად გამოყოფილი სათბურის აირების ყოველი ტონა იწვევს დაახლოებით იმავე ოდენობის გლობალურ დათბობას. შესაბამისად, რაც უფრო სწრაფად მოვახდენთ მსოფლიო ეკონომიკის დეკარბონიზაციას, მით უფრო მალე შევაჩერებთ გლობალურ დათბობას და შევამცირებთ მის საფრთხეებს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს წელის 2024-ის მსგავსად ცხელი იყოს, რადგან ელ-ნინიომ უკვე ჩაიარა. თუმცა, სამწუხაროდ, რეკორდულად მაღალი გლობალური ტემპერატურები დედამიწაზე სულ მცირე მომდევნო რამდენიმე ათწლეულს მაინც გაგრძელდება.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.