ოკეანის ზედაპირი ახლა 400%-ით სწრაფად თბება, ვიდრე 1980-იან წლებში — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
2023 წელს გლობალური ტემპერატურის მოულოდნელმა მატებამ მთელ მსოფლიოში გაააქტიურა ბუნებრივი კატაკლიზმები.
მსოფლიო ოკეანეების ახალი მონაცემები ცხადყოფს, რომ ამაში სავარაუდოდ წვლილი შეიტანა ზღვის ზედაპირის გათბობამ. ბრიტანეთის რიდინგის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, დედამიწის ოკეანეების ზედაპირი ოთხჯერ და მეტჯერ სწრაფად თბება, ვიდრე 1980-იანი წლების ბოლოს.
რამდენიმე თეორია მიუთითებდა, რომ არსებობდა ჭარბი სითბო იმის გარდა, რაც ელ-ნინიოს მოვლენასა და მასთან დაკავშირებული CO2-ის დონის ზრდისგან იყო მოსალოდნელი. თეორიებს შორის იყო სითბოს დამჭერი წყლის ორთქლი 2022 წელს ამოფრქვეული წყალქვეშა ვულკანის, ჰუნგა-ტონგა-ჰუნგა-ჰაპაისგან, 2020 წელს ნაოსნობაში შეტანილი რეგულაციების შედეგად ზედაპირის გამაციებელი აეროზოლების გამოყოფის შემცირება და მზის ამჟამინდელი ციკლის პიკი, რომელიც ჩვენკენ უფრო მეტ სითბოს ტყორცნის.
თუმცა, ამ ყველაფრის კომბინირებაც კი მთლიანად ვერ ხსნიდა არსებულ ტემპერატურას.
ამიტომ, მეტეოროლოგმა კრის მერჩანტმა და მისმა კოლეგებმა 1985 წლის შემდეგ აღრიცხული თანამგზავრული მონაცემების გამოყენებით გამოიანგარიშეს ზღვის ზედაპირის გათბობის მაჩვენებლის ცვლილება.
ასე დაადგინეს, რომ 1980-იან წლებში, დათბობის ძირითადი მაჩვენებელი იყო დაახლოებით 0,06 °C, რაც ახლა 0,27 °C-ია ათწლეულზე. როგორც ჯგუფი აღნიშნავს, ეს ზრდა არა ხაზობრივი, არამედ აჩქარებითია.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ჭარბი სითბოს ნაწილის მიზეზი მართლაც ელ-ნინიო აღმოჩნდა, მკვლევრებმა გამოთვალეს, რომ დაახლოებით 44 პროცენტის მიზეზი იყო ის, რომ ოკეანეები სითბოს იმაზე გაცილებით სწრაფად შთანთქავენ, ვიდრე გასული ათწლეულისთვის იყო მოსალოდნელი.
„ოკეანე რომ აბაზანა იყოს, 1980-იან წლებში მასში ონკანიდან ცხელი წყალი ნელა ჩაედინებოდა და წყალს ერთი გრადუსის მხოლოდ რაღაც ნაწილით ათბობდა ყოველ ათწლეულში. მაგრამ ახლა, ონკანიდან ცხელი წყალი გაცილებით სწრაფად მოდის და აბაზანის გათბობა დაჩქარდა“, — განმარტავს მერჩანტი.
ჯგუფი აცხადებს, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, სულ რაღაც მომდევნო 20 წელიწადში, გადავაჭარბებთ ზღვის ზედაპირის ტემპერატურის იმ ზრდას, რაც ბოლო 40 წელიწადში მოხდა.
„ეს კი პასუხგაუცემელს ტოვებს მნიშვნელოვან კითხვას იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია დედამიწის ენერგიის დისბალანსის ტენდენცია“, — წერენ მკვლევრები.
ამ ჭარბმა ენერგიამ უკვე დაიწყო ქაოსური ტყის ხანძრები, მოსავლის განადგურების გამო, მილიონობით ადამიანი შიმშილის ზღვარზეა, იზრდება დაავადებებისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მაჩვენებლები; ძნელი წარმოსადგენი არ არის, რამდენად სწრაფად გაუარესდება ეს ყველაფერი უფრო მეტად.
„პოლიტიკოსებმა და ფართო საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ბოლო ათწლეულებში გლობალური დათბობის მაჩვენებელი განაპირობებს სწრაფ ცვლილებებს, რაც მომდევნო ათწლეულებშიც გაგრძელდება. ეს კი ხაზს უსვამს, რომ გადაუდებლად საჭიროა წიაღისეული საწვავის წვის ძლიერ შემცირება“, — წერენ მკვლევრები.
ყოველი მცირე რამ, რასაც წიაღისეული საწვავის გამონაბოლქვის შესამცირებლად ახლა გავაკეთებ, მომავალ სიცოცხლეებს გადაარჩენს.
კვლევა Environmental Research Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.