კლიმატის ცვლილება ხელს უწყობს საშიში ინფექციების გამომწვევი სოკოების ძლიერ გავრცელებას — #1tvმეცნიერება

16:42, 15.05.2025

ვიდეოთამაშში და სერიალში The Last of Us, კლიმატის ცვლილების გამო ვითარდება სოკო, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს აინფიცირებს და მკვლელ ზომბებად გადააქცევს. ამ ამბის რაღაც ნაწილი საოცრად დამაჯერებელია.

მეცნიერები შეშფოთებას გამოთქვამენ ასპერგილუსის (Aspergillus) სოკოების მზარდი გავრცელების გამო, რასაც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილება და ტემპერატურის დათბობა. ამ ტიპის სოკოები ადამიანებს ზომბებად არ აქცევს, მაგრამ იწვევს ჯანმრთელობის მწვავე პრობლემებს და ფატალურ შემთხვევებსაც კი ადამიანებში, მცენარეებსა და ცხოველებში.

ახალ კვლევაში, რომელიც ჯერ რეცენზირებული არ არის, ბრიტანელმა მკვლევრებმა აჩვენეს, როგორ გავრცელდება 2100 წლამდე უფრო ჩრდილოეთით სამი სახეობის სოკო — Aspergillus fumigatus-ი, Aspergillus flavus-ი და Aspergillus niger-ი. ამისათვის გამოიყენეს მათი ამჟამინდელი ჰაბიტატები და სამომავლო დათბობის კლიმატური მოდელები.

„ცვლილებები გარემოებით ფაქტორებში, მაგალითად, ტენიანობა და ამინდის ექსტრემალური მოვლენები, ჰაბიტატებს შეცვლის და ხელს შეუწყობს სოკოვანი ინფექციების ადაპტაციასა და გავრცელებას. სოკოები შედარებით ნაკლებადაა შესწავლილი, ვიდრე ვირუსები და პარაზიტები, მაგრამ ეს რუკები აჩვენებს, რომ სოკოვანი პათოგენები მომავალში სავარაუდოდ გავლენას იქონიებს მსოფლიოს უმეტეს ნაწილზე“, — ამბობს მიკოლოგი ნორმან ფონ რიჯნი.

მკაცრი კლიმატის სცენარში, ევროპაში A. fumigatus-ის გავრცელება 15 წელიწადში შეიძლება 77,5 პროცენტით გაიზარდოს, რაც ცხრა მილიონით მეტ ადამიანს დააყენებს ინფიცირების რისკის წინაშე. A. flavus-ის შემთხვევაში, რომელსაც უფრო ცხელი ზონები ურჩევნია, ევროპაში გავრცელება შეიძლება 16 პროცენტით გაიზარდოს, რაც დამატებით ერთ მილიონ ადამიანს დააყენებს რისკის ქვეშ. რაც შეეხება A. niger-ს, მონაცემები უფრო სტაბილურ სურათს აჩვენებს მომდევნო ათწლეულებში.

თუმცა, ეს საკითხი ნიუანსურია — როდესაც სოკოები ვრცელდება ზონაში, რომელიც ადრე ცივი იყო, ისინი ასევე განიდევნებიან იმ რეგიონებიდან, რომლებიც ძლიერ ცხელი გახდება. საერთო ჯამში, კვლევა აჩვენებს, რომ 2100 წლისთვის შემცირდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ამ ტიპის სოკოების ზემოქმედების ქვეშ იქნებიან.

მიუხედავად ამისა, ის, რაც მკვლევრებს აშფოთებთ, არის ახალ ზონებში გავრცელება და პოტენციურად მოწყვლადი ხალხი, განსაკუთრებით სუსტი იმუნური სისტემის მქონენი. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ამ სახეობის სოკოების ადაპტაციასთან ერთად, ვნახოთ უფრო მეტი ინფექცია ჯანმრთელ ინდივიდებშიც.

ამავე დროს, მხოლოდ ადამიანთა ინფექციებზე როდი უნდა ვღელავდეთ — სოკოვანი ინფექციების გავრცელებამ შეიძლება გაანადგუროს მოსავალი, რაც კიდევ უფრო გაზრდის კლიმატის ცვლილების პირობებში მსოფლიო მოსახლეობის სურსათით მომარაგების პრობლემებს.

როგორც მკვლევრები შენიშნავენ, სოკო შეშფოთების საგანია სოკო Candida auris-იც. მას ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემების გამოწვევა შეუძლია და დათბობასთან ერთად, ისიც აქტიურად ვრცელდება; სავარაუდოდ, მას სხვა სახეობებიც მიჰყვებიან.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ სოკოების მეორე მხარე — ის სარგებელი, რაც მათ ეკოსისტემებისთვის მოაქვთ, მათ შორისაა ნახშირბადისა და საკვები ნივთიერებების გადამუშავება. როდესაც კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ცვლილებებზე ვსაუბრობთ, საჭიროა ამ ყველაფრის მხედველობაში მიღება.

„ცნობადობის გაზრდა და სოკოვანი ინფექციების ეფექტიანი ინტერვენციის შემუშავება გადამწყვეტი იქნება შედეგების შესამსუბუქებლად“ — ამბობს კვლევის ავტორი, ნორმან ფონ რიჯნი.

კვლევა ხელმისაწვდომია პლატფორმაზე Research Square.

მომზადებულია manchester.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი