სოკოს საწინააღმდეგო კრემების ჭარბი მოხმარება პრეპარატებისადმი რეზისტენტული კანის სოკოვანი ინფექციების ზრდას იწვევს — #1tvმეცნიერება
სოკოს საწინააღმდეგო კრემების ჭარბი მოხმარება პრეპარატებისადმი რეზისტენტული კანის სოკოვანი ინფექციების ზრდას იწვევს — #1tvმეცნიერება

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მოხსენების მიხედვით, სოკოს საწინააღმდეგო კრემები და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატთა კომბინაცია კორტიკოსტეროიდებთან, სავარაუდოდ განაპირობებს კანის, სკალპისა და ფრჩხილის მწვავე სოკოვან ინფექციათა ზრდა-გავრცელებას.

2023 წელს, დერმატოლოგებმა აშშ-ში პირველად დააფიქსირეს ძლიერ გადამდები, პრეპარატებისადმი რეზისტენტული კანის სოკოვანი ინფექციები, რომლებიც არ რეაგირებდნენ ჩვენს ხელთ არსებულ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებზე.

პრეპარატებისადმი რეზისტენტული ეს სოკოვანი ინფექციები პირველად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გამოჩნდა, შემდეგ ჩინეთში და მის ფარგლებს მიღმა გავრცელდა, ამჟამად კი უკვე აშშ-ის 11 შტატშია დაფიქსირებული.

სიტუაციაში გასარკვევად, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მკვლევრებმა აშშ-ში მთელი წლის განმავლობაში ექიმების მიერ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატთა დანიშვნა შეისწავლეს, რათა დაედგინათ, რომელი ტიპის კლინიცისტები რა წამლებს უნიშნავდნენ პაციენტებს.

როგორც ბაქტერიებს შორის ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობის გაზრდის შემთხვევაში, აქაც, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებათა გადაჭარბებული მოხმარება პოტენციურად პათოგენურ სოკოს პრეპარატებისგან თავის დაღწევის გზების პოვნის საშუალებას აძლევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ არასწორად, სხვა ტიპის ინფექციის შემთხვევაში ნიშნავენ ან არასწორად იყენებენ.

სოკოს საწინააღმდეგო საშუალებათა დანიშვნის პრაქტიკაში გასარკვევად, CDC-ის ეპიდემიოლოგ კატალინ ბენედიქტს და მის კოლეგებს იმედი ჰქონდათ, რომ მნიშვნელოვან ცნობებს მოიპოვებდნენ, რომლებიც პრობლემის მოგვარებაში მის უფრო გაუარესებამდე დაეხმარება.

„რეზისტენტულობის გამოჩენის კონტექსტში სოკოს საწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალებების დიდი ოდენობით დანიშვნა წარმოაჩენს, რომ საჭიროა, უკეთესად გავერკვეთ პრეპარატების დანიშვნის ამჟამინდელ პრაქტიკას და წავახალისოთ ექიმების მიერ მათი კეთილგონივრულად დანიშვნა, ასევე უნდა გაუმჯობესდეს პაციენტთა განათლება რეკომენდებული გამოყენების შესახებ“, — წერენ მკვლევრები.

მკვლევრებმა დაახლოებით მილიონი პროფესიონალის მონაცემები შეისწავლეს, რომლებმაც 2021 წელს, აშშ-ის მთავრობის ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნული პროგრამა Medicare-ის ფარგლებში, პრეპარატები თითქმის 49 მილიონ პაციენტს გამოუწერეს.

აღმოჩნდა, რომ 2021 წელს, აშშ-ში სოკოს საწინააღმდეგო ადგილობრივი პრეპარატების დაახლოებით 6,5 მილიონი დანიშნულება გაიცა, ჯამში 231 მილიონი დოლარის ღირებულების.

„სოკოს საწინააღმდეგო ადგილობრივ პრეპარატთა გამოყენება სინამდვილეში იმაზე მაღალი უნდა იყოს, ვიდრე კვლევაში გამოვლინდა, რადგან ამ პრეპარატთა უდიდეს ნაწილს ადამიანები თვითნებურად, დანიშნულების გარეშე ყიდულობენ“, — წერენ მკვლევრები.

2021 წელს სოკოს საწინააღმდეგო საშუალებათა უმეტესი ნაწილი (40 პროცენტი) გამოწერილი იყო პირველადი მოვლის ექიმების მიერ, შემდეგ მოდიოდნენ დერმატოლოგები და ტერფის დაავადებათა მკურნალი ექიმები.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი პოტენციური ჭარბი მოხმარების ან სულ მცირე ლიბერალური დანიშვნის პრაქტიკის მიმანიშნებელია, Medicare-ის მონაცემები არ მოიცავს დიაგნოსტიკურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ტიპის სოკო ჰქონდათ პაციენტებს. შესაბამისად, მკვლევრებს არ შეუძლიათ განსაზღვრონ, პაციენტს შესაბამისი მედიკამენტი დაენიშნა კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ, ანდაც პირველ რიგში შეამოწმეს თუ არა ექიმებმა ინფექცია, რათა სცოდნოდათ, რომელი მედიკამენტი გამოეწერათ.

ბენედიქტი და მისი კოლეგები შეაშფოთა დიდი ოდენობით კლოტრიმაზოლ-ბეტამეთაზონის დანიშვნამ, რომლებზეც მოდიოდა სოკოს საწინააღმდეგო ადგილობრივ საშუალებათა დანიშვნის 15 პროცენტი. მიჩნეულია, რომ პრეპარატთა ეს კომბინაცია არის პრეპარატებისადმი რეზისტენტული კანის სოკოვანი დაავადების — ტინეას, იგივე დერმატოფიტოზის გამოჩენის პოტენციური გამომწვევი.

მკვლევრები ასევე აღნიშნავენ, რომ ექიმები კანის დაავადების დიაგნოზს ხშირად უბრალოდ კანის დათვალიერებით სვამენ, რაც ხშირად არასწორ დიაგნოზს განაპირობებს.

კვლევა Morbidity and Mortality Weekly Report-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.