პოლიომიელიტს გადარჩენილი კაცი, რომელმაც 70 წელიწადი რკინის ფილტვში გაატარა, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა — #1tvმეცნიერება
პოლიომიელიტს გადარჩენილი კაცი, რომელმაც 70 წელიწადი რკინის ფილტვში გაატარა, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა — #1tvმეცნიერება

78 წლის ასაკში გარდაიცვალა პოლიომიელიტს გადარჩენილი ადამიანი, რომელსაც ხშირად უწოდებდნენ „კაცს რკინის ფილტვში“.

დალასელ პოლ ალექსანდერს პოლიომიელიტი ექვსი წლის ასაკში შეხვდა და კისრის ქვემოთ პარალიზებული დატოვა. მას შემდეგ, ის მხოლოდ მექანიკური რესპირატორის დახმარებით სუნთქავდა.

მიუხედავად იმისა, რომ წყალქვეშა ნავის მსგავს ცილინდრში იყო გამომწყვდეული, მოახერხა სწავლა, მიიღო სამართალმცოდნის ხარისხი, მუშაობდა იურიდიულ სფეროში და დაწერა წიგნი.

„გულდამძიმებული ვამბობ, რომ წუხელ ჩემი ძმა გარდაიცვალა. დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავი მისი ცხოვრების ნაწილი“, — დაწერა მისმა ძმამ Facebook-ზე.

ოჯახის ცნობით, პოლს COVID-19 შეხვდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

რკინის ფილტვები ტუმბოებით აღჭურვილი დალუქული კამერებია. ამ კამერებს შიგნით წნევის აწევა და დაწევა პაციენტის ფილტვებს აფართოებს და კუმშავს.

ეს მოწყობილობა 1920-იან წლებში გამოიგონეს და მათი მოხმარება ჯონას სოლკის მიერ პოლიომიელიტის ვაქცინის გამოგონების შემდეგ შემცირდა. ვაქცინა 1955 წელს გახდა ხელმისაწვდომი და ეს გამანადგურებელი დაავადება სამუდამოდ ჩააბარა ისტორიას.

რკინის ფილტვში გატარებული დროის გამო, პოლ ალექსანდერი გინესის მსოფლიო რეკორდებშიც მოხვდა.

გინესის გვერდის თანახმად, პერიოდულად მას მოწყობილობის დატოვებაც შეეძლო, მას შემდეგ, რაც მან ფიზიოთერაპევტის დახმარებით „ბაყაყის სუნთქვა“ ისწავლა.

ეს მეთოდი გულისხმობდა ყელის კუნთების დახმარებით, ფილტვებში ჰაერის ჩაშვებას, თითო ყლუპის სახით. საბოლოოდ, ეს თერაპია იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ პოლი რკინის ფილტვს მხოლოდ ღამით, დასაძინებლად უბრუნდებოდა.

ის პრაქტიკოსი იურისტი იყო და კლიენტებს სასამართლოზეც წარმოადგენდა, სპეციალური ეტლის საშუალებით, რომელიც მის პარალიზებულ სხეულს ვერტიკალურ მდგომარეობაში ინარჩუნებდა.

ამჟამად, რკინის ფილტვში მსოფლიოში მხოლოდ ერთი ადამიანიღა იმყოფება, 75 წლის მარტა ლილარდი ოკლაჰომის შტატში. ისიც პოლიომიელიტს გადარჩენილია.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.