სიკვდილიანობის მესამე უმთავრესი გლობალური მიზეზი ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობაა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
სიკვდილიანობის მესამე უმთავრესი გლობალური მიზეზი ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობაა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა ხშირად „მომავლის პრობლემად“ მოიაზრება, მაგრამ როგორც ახალი მონაცემები მიუთითებს, ის იმაზე გაცილებით მეტ სიცოცხლეზე ახდენს გავლენას, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოთ.

უფრო მეტიც, ახალი შეფასებები აჩვენებს, რომ 2019 წელს, ბაქტერიულ ანტიმიკრობული რეზისტენტულობის გამო 4,95 მილიონი ადამიანი დაიღუპა და შედეგად, ის მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევი მესამე მთავარი მიზეზია.

პრეპარატები, რომლებიც ბაქტერიებს ხოცავს, ნამდვილად არის კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი გამოგონება. 1928 წელს, ალექსანდერ ფლემინგმა პენიცილიუმის გვარის სოკოებში ანტიბაქტერიული მოქმედება აღმოაჩინა და მას შემდეგ, ადამიანები უკვე აღარ კვდებიან ნაკაწრების ან გონორეის გამო. მომდევნო ათწლეულებში, ანტიბიოტიკებმა მსოფლიოში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

თუმცა, ბაქტერიებს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა იქამდე დიდი ხნით ადრე ჰქონდათ განვითარებული, ვიდრე ჩვენ მათ გამოყენებას დავიწყებდით, რადგან ეს გახლავთ ბუნებრივად წარმოქმნილი იარაღი მიკრობებს შორის გაჩაღებულ ომში. ერთი და იგივე ანტიბიოტიკების გამუდმებულად გამოყენება ბაქტერიებს მათთან კიდევ უფრო სწრაფად შეგუების საშუალებას აძლევს და ზრდის ისეთ ინფექციათა რაოდენობას, რომლებიც უკვე აღარ რეაგირებენ ტრადიციულ ანტიბიოტიკებზე.

სამწუხაროდ, ბაქტერიის რაც უფრო მეტი სახეობა არ რეაგირებს ანტიბიოტიკებზე, მით მეტი პაციენტი დანებდება რეზისტენტულ ინფექციებს; მკვლევრები უკვე რეკავენ განგაშის ზარებს და გვაუწყებენ, რომ ამჟამად, ანტიმიკრობული რეზიტენტულობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად იმაზე მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე აივ/შიდსით ან მალარიით.

„ახალი მონაცემები მსოფლიო მასშტაბით ანტიმიკრობული რეზისტენტულობის ნამდვილ მასშტაბს ცხადყოფს და წარმოადგენს მკაფიო სიგნალს, რომ ამ საფრთხესთან საბრძოლველი მოქმედება ახლავე უნდა დავიწყოთ“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარი კრის მიურეი.

მისი განცხადებით, წინა შეფასებები პროგნოზირებდა, რომ 2050 წლისთვის ანტიმიკრობული რეზისტენტულობის გამო წლიურად 10 მილიონი ადამიანი მოკვდება, მაგრამ ახლა უკვე გადაჭრით ცხადია, რომ ამ რიცხვთან უკვე ახლოს ვართ.

მკვლევრებმა 204 ქვეყანაში ანალიზები ჩაუტარეს ბაქტერიის 23 სხვადასხვა სახეობის (მათ შორის იყო E. coli, S. pneumoniae და S. aureus) მონაცემებს და მიკრობი-პრეპარატის 88 კომბინაციას. შედეგად მიიღეს ინფექციის 471 მილიონი აღრიცხული შემთხვევა, რის საფუძველზეც შექმნეს სტატისტიკური მოდელი, რათა შეეფასებინათ ანტიმიკრობული რეზისტენტულობის მასშტაბი.

ჯგუფმა ორი კონტრფაქტული სცენარი შეისწავლა. პირველში, პრეპარატისადმი რეზისტენტული ყველა ინფექცია „ინფექციების გარეშეთი“ შეცვალეს, რაც მათი განმარტებით, არის ანტიმიკრობულ რეზისტენტულობასთან დაკავშირებული სიკვდილის შემთხვევების რიცხვი.

მეორე სცენარში, მათ პრეპარატებისადმი რეზისტენტული ყველა ინფექცია შეცვალეს წამლებისადმი მგრძნობიარე ინფექციებით, რამაც პირდაპირ ანტიმიკრობული რეზისტენტულობით გამოწვეული სიკვდილიანობის შეფასების საშუალება მისცა.

ჯგუფმა დაასკვნა, რომ 2019 წელს, 4,95 მილიონი ადამიანის სიკვდილი იყო დაკავშირებული პრეპარატებისადმი რეზისტენტულ ბაქტერიულ ინფექციებთან; მათგან 1,27 მილიონი ადამიანის სიკვდილი პირდაპირ იყო გამოწვეული ანტიმიკრობული რეზისტენტულობით, რაც უზარმაზარ პრობლემას წარმოადგენს მთელ მსოფლიოში, მაგრამ განსაკუთრებით აზარალებს დაბა და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებს.

როგორც ეს გაანგარიშებები მიუთითებს, ანტიმიკრობულ რეზისტენტულობაზე მეტ სიკვდილს წელიწადში მხოლოდ ინსულტი და გულის დაავადებები იწვევს.

ავტორები აღნიშნავენ, რომ ასეთი გლობალური მასშტაბის შეფასება პირველად ჩატარდა. ვინაიდან მსოფლიოს ზოგიერთი ნაწილიდან მონაცემები სრულად არ არსებობს და რთულია ანტიმიკრობული რეზისტენტულობის მეთვალყურეობა, მკვლევართა მიერ ჩატარებულ მოდელირებას თან ახლავს გარკვეული შეზღუდვები. თუმცა, დასკვნა აშკარაა: ჩვენ წინაშეა ჯანდაცვის დიდი, გლობალური პრობლემა.

„ანტიმიკრობული რეზისტენტულობის საფრთხე უკვე დიდი ხანია რეკავს და გამუდმებით რეკომენდებულია მის შესამსუბუქებლად საჭირო ღონისძიებები — საზოგადოების ცნობიერების გაზრდა, უკეთესი მონიტორინგი, დიაგნოსტირების გაუმჯობესება, ანტიბიოტიკების უფრო რაციონალური გამოყენება, სუფთა წყალთან და სანიტარიასთან წვდომა, ახალ ანტიმიკრობულ საშუალებებსა და ვაქცინებში ინვესტირება. თუმცა, ქმედებები ეპიზოდური და არათანაბარია, რაც იწვევს გლობალურ უთანასწორობას ანტიმიკრობულ რეზისტენტულობაში“, — წერენ კვლევის ედიტორიალში ჟურნალ The Lancet-ის რედაქტორები.

მათი განცხადებით, ინოვაციები უკიდურესად ნელია. ვაქცინები არსებობს კვლევაში აღწერილი მხოლოდ ექვსი წამყვანი პათოგენის წინააღმდეგ.

ჟურნალის სარედაქციო წერილისა და კვლევის ავტორები მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებენ, რომ დღის წესრიგში უფრო დიდი ადგილი დაუთმონ ანტიმიკრობულ რეზისტენტულობას. ისინი გვაფრთხილებენ, რომ გადაუდებელი ქმედების გარეშე, უახლოეს წლებში კიდევ უფრო გაიზრდება სიკვდილის ისეთ შემთხვევათა რაოდენობა, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო.

კვლევა ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.