აღმოაჩინეს ახალი, ძლიერი ანტიბიოტიკი, რომელიც სხვა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულ ბაქტერიებს ეფექტიანად ებრძვის — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა გამოავლინეს ახალი ძლიერი ანტიბიოტიკი — ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენა არა რაღაც ახლის კვლევით, არამედ ძველი მონაცემების გადახედვით გაკეთდა.
ნაერთი, სახელად პრე-მეთილენომიცინ C ლაქტონი, ბრიტანეთის უორვიკის უნივერსიტეტისა და ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არასოდეს შეუნიშნავთ, მას გამოყოფს ბაქტერია, რომელსაც მეცნიერები უკვე ათწლეულებია სწავლობენ.
პოტენციურად, მას შეუძლია ბრძოლა ბაქტერიებთან, რომლებიც სულ უფრო რეზისტენტული გახდნენ თანამედროვე პრეპარატებისადმი; სინამდვილეში, ის შუალედური ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც სხვა ანტიბიოტიკის, მეთილენომიცინ A-ს წარმოების პროცესში წარმოიქმნება.
„მნიშვნელოვანია, რომ ბაქტერია, სახელად Streptomyces coelicolor-ი, რომელიც გამოიმუშავებს მეთილენომიცინ A-ს და პრე-მეთილენომიცინ C ლაქტონს, არის ანტიბიოტიკების წარმომქმნელი მოდელის სახეობა, რომელიც ფართოდ არის შესწავლილი 1950-იანი წლებიდან. ასეთ ნაცნობ ორგანიზმში ახალი ანტიბიოტიკის პოვნა ნამდვილი სიურპრიზია“, — ამბობს უორვიკის უნივერსიტეტის ქიმიკოსი ლონა ალხალაფი.
ლაბორატორიულ ტესტებში, პრე-მეთილენომიცინ C ლაქტონმა 100-ჯერ მეტი ეფექტიანობა აჩვენა გრამდადებითი ბაქტერიების წინააღმდეგ, ვიდრე მეთილენომიცინ A-მ; გრამდადებითი ბაქტერიები სულ უფრო და უფრო ჭკვიანები ხდებიან ჩვენი ამჟამინდელი ანტიბიოტიკების დამარცხებაში.
აღმოჩენის ავტორებმა გადაწყვიტეს, მეთილენომიცინ A უფრო ახლოდან შეესწავლათ და ამისათვის, მოახდინეს ანტიბიოტიკის წარმოების ხაზში გამოყენებული გენების მოდიფიცირება, რათა ენახათ, რას იზამდა თითოეული. შედეგად მიღებული ნაერთები, რომლებსაც ბიოსინთეზურ შუალედურ პროდუქტებს უწოდებენ, ანტიბიოტიკურ აქტივობაზე დატესტეს.
„მეთილენომიცინ A პირველად 50 წლის წინ აღმოაჩინეს და მიუხედავად იმისა, რომ მისი სინთეზირება რამდენჯერმე მოახდინეს, როგორც ჩანს, არავის შეუმოწმებია სინთეზური შუალედური პროდუქტები ანტიმიკრობულ აქტივობაზე“, — ამბობს უორვიკის უნივერსიტეტის ქიმიკოსი გრეგ ჩალისი.
მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ პრე-მეთილენომიცინ C ლაქტონი ეფექტიანი იყო იმ ბაქტერიების წინააღმდეგ, რომლებიც იწვევენ მეთილიცინისადმი რეზისტენტულ ოქროსფერ სტაფილოკოკს (Staphylococcus aureus) და ვანკომიცინისადმი რეზისტენტულ ენტეროკოკს (VRE) — ორ ინფექციას, რომელიც ყველაზე პრობლემურია არსებული ანტიბიოტიკებისთვის.

განსაკუთრებით იმედისმომცემი ისაა, რომ 28 დღის განმავლობაში პრე-მეთილენომიცინ C ლაქტონის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ენტეროკოკი ბაქტერიები მის მიმართ რეზისტენტული არ გახდნენ, რაც მიუთითებს, რომ ეს ნაერთი შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს ეფექტიანი.
მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტებს სულ უფრო აღელვებთ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა, რაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიკვდილს იწვევს — ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი და მდგრადი მედიკამენტების საჭიროება გადაუდებლად აუცილებელია, რადგან ბაქტერიები აგრძელებენ ევოლუციას.
ახლა საჭიროა პრე-მეთილენომიცინ C ლაქტონის უფრო მეტი პრეკლინიკური და ლაბორატორიული ტესტირება, რათა სრულად გაირკვეს მისი, როგორც ანტიბიოტიკის პოტენციალი, როგორც იმ მექანიზმებში, რომლებითაც ის მუშაობს, ისე მის სამიზნე პათოგენებში.
მკვლევრები ასევე ხედავენ პოტენციალს სხვა ანტიბიოტიკების შუალედური პროექტების კვლევაში, რათა ნახონ, შესაძლებელია თუ არა კიდევ უფრო მეტი ასეთი ნაერთის პოვნა.
„ეს აღმოჩენა მიუთითებს ახალ პარადიგმაზე ანტიბიოტიკების აღმოჩენაში. შუამავალი პროდუქტების გამოვლენითა და დატესტვით, შეიძლება მივაგნოთ ძლიერ ახალი ანტიბიოტიკებს, რომლებიც დაგვეხმარება ანტიმიკრობულ რეზისტენტულობასთან ბრძოლაში“, — ამბობს ჩალისი.
კვლევა Journal of the American Chemical Society-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია warwick.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.