ათწლეულების წინ მივიწყებულმა ანტიბიოტიკმა რეზისტენტული ბაქტერიები დახოცა — #1tvმეცნიერება
ათწლეულების წინ მივიწყებულმა ანტიბიოტიკმა რეზისტენტული ბაქტერიები დახოცა — #1tvმეცნიერება

იქამდე, ვიდრე 80 წლის წინ შექმნილი ერთი ანტიბიოტიკი საბოლოოდ მიეცემა დავიწყებას, შეიძლება კიდევ ერთხელ დაგვეხმაროს — ამჯერად ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულ სუპერბაქტერიებთან ბრძოლაში, რაც სულ უფრო და უფრო დიდი საფრთხე ხდება კაცობრიობისათვის.

იმ პრეპარატთა ნახევარი, რომლებსაც დღეს ბაქტერიების მოსაკლავად ვიყენებთ, საუკუნის წინ, ანტიბიოტიკების „ოქროს ხანაში“ აღმოჩენილ ნაერთთა ვარიაციებია. ერთი მათგანი, სახელად სტრეპტოტრიცინი, 1940-იან წლებში გამოყვეს და ყურადღება მიიპყრო საკუთარი პოტენციალით, რომელიც ე. წ. გრამუარყოფითი ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ ჰქონდა.

გრამდადებითი ბაქტერიებისგან განსხვავებით, ამ მიკრობებს არ გააჩნიათ უჯრედის მტკიცე კედელი, რომელიც მრავალი ანტიბიოტიკის სამიზნეა. ალტერნატივის პოვნა ფარმაცევტული ინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა აღმოჩნდა. 2017 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ყველაზე სახიფათო, პრეპარატებისადმი რეზისტენტულ პათოგენთა სია. უმეტესი მათგანი გრამუარყოფითი ბაქტერია იყო.

ბაქტერიების დახოცვის პოტენციალის მიუხედავად, სტრეპტოტრიცინი ზოგიერთ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. პირველად კვლევებში, ის ადამიანის თირკმელებისთვის ზედმეტად ტოქსიკურად ჩაითვალა და თანდათანობით, სამეცნიერო ლიტერატურაში ჩაიმარხა.

ჰარვარდის უნივერსიტეტის პათოლოგმა ჯეიმს კირბიმ და მისმა კოლეგებმა ის ხელახლა „ამოთხარეს“ და მის პოტენციალს ახალი სახელის, „ნორსეოტრიცინის“ ქვეშ იკვლევენ.

„ახლა, როდესაც მრავალი პრეპარატის მიმართ რეზისტენტული პათოგენები გამოჩნდა, რომელთათვისაც აქტიური ანტიბიოტიკები ან რამდენიმეა, ან საერთოდ არ არსებობს, დროა, გადავხედოთ და ხელახლა შევისწავლით ის პოტენციალი, რომელიც აქამდე გამოგვრჩა“, — ამბობს კირბი.

ნორსეოტრიცინი ბუნებრივი პროდუქტია, რომელიც ნიადაგის გრამდადებითი ბაქტერიისგან მზადდება. სინამდვილეში ის ანტიბიოტიკების ნაზავია — სტრეპტოტრიცინის F (S-F) და სტრეპტოტრიცინის D (S-D).

მიუხედავად იმისა, რომ ნორსეოტრიცინი და S-D ლაბორატორიაში თირკმელებზე ტოქსიკურ ეფექტს აჩვენებს, კირბიმ და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ ასე არ არის S-F-ის შემთხვევაში. ეს ნაერთი მაინც ძლიერ ეფექტიანია პრეპარატებისადმი რეზისტენტულ გრამუარყოფით ბაქტერიათა დახოცვაში, თანაც ისეთ კონცენტრაციაზე, რომელიც ტოქსიკური არ არის.

საცდელ თაგვებში S-F-მ დახოცა ბაქტერიის ისეთი შტამები, რომლებიც რეზისტენტულია ამჟამად არსებული მრავალი პრეპარატისადმი, თანაც, ტოქსიკურობას ან საერთოდ არ ავლენს, ან მინიმალურად.

„ნიადაგში ბინადარმა ბაქტერიებმა, თავის გადასარჩენად, ათასწლეულობით ევოლუციის მანძილზე ისწავლეს, როგორ შეექმნათ ანტიბიოტიკები, რომლებიც გრამუარყოფით ბაქტერიათა აბჯარს არღვევს. ეს ნაერთები გრამუარყოფით პათოგენთა თავდაცვის მექანიზმში შეღწევის განსხვავებულ გადაწყვეტად გვთავაზობს“, — ამბობს კირბი.

სტრეპტოტრიცინის თავდასხმის უნარის შესახებ ზუსტი დეტალები უცნობია, მაგრამ როგორც ჩანს, ანტიბიოტიკი გრამუარყოფით ბაქტერიას ბოჭავს და სხვადასხვა გზით არღვევს მისი ცილის წარმოების მექანიზმს.

თუკი მკვლევრებმა გაარკვიეს, როგორ, შეიძლება დიდად წაადგეთ სრულიად ახალი კლასის პრეპარატების შექმნაში, რომლებიც ძლიერ რეზისტენტულ ბაქტერიებს დახოცავს.

კირბიმ და მისმა კოლეგებმა უკვე დაიწყეს იმის შესწავლა, თუ როგორ გააძლიერონ ბუნებრივი სტრეპტოტრიცინი, მაგალითად, S-F, რათა უფრო უკეთესად იმუშაოს სუპერბაქტერიების დახოცვაში.

კვლევა PLOS Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.