ვიტილიგო მსოფლიოში ყოველი ასიდან ერთ ადამიანს აქვს, მაგრამ ამ დაავადების შესახებ დღემდე არსებობს სტიგმა და მცდარი წარმოდგენები — #1tvმეცნიერება
ვიტილიგო მსოფლიოში ყოველი ასიდან ერთ ადამიანს აქვს, მაგრამ ამ დაავადების შესახებ დღემდე არსებობს სტიგმა და მცდარი წარმოდგენები — #1tvმეცნიერება

მსოფლიოში ყოველი ასი ადამიანიდან ერთს ვიტილიგო აქვს — კანის ქრონიკული, ავტოიმუნური დაავადება, რომელიც კანის ალაგ-ალაგ გაღიავებას იწვევს.

ვიტილიგო იმდენად ბევრ ადამიანს აქვს, რომ ის კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. რამდენიმე კვლევა ასევე მიუთითებს, რომ მრავალი შემთხვევა ჯერ კიდევ დიაგნოზირებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, ვიტილიგოს მქონე ადამიანთა ნამდვილი რაოდენობა კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ ვიტილიგო ასე გავრცელებულია, ამ დაავადების შესახებ დღემდე არსებობს მრავალი მცდარი წარმოდგენა. ამ დაავადების მქონე ადამიანები კვლავ აწყდებიან სტიგმას, მომაბეზრებელ კითხვებს, რაც შეიძლება მათი ცხოვრების ხარისხზეც აისახოს.

რა იწვევს ვიტილიგოს?

ადამიანის კანს ორი შრე აქვს. გარე ეპიდერმისი (რომელსაც ვხედავთ) და შიდა დერმა (რომელიც ეპიდერმისის ქვეშაა).

კანის ფერს ძირითადად განსაზღვრავს მელანინი — პიგმენტი, რომელსაც სპეციალიზებული უჯრედები გამოყოფენ; ისინი ეპიდერმისში მდებარეობს და მელანოციტები ეწოდება.

მელანოციტები ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ კანის მიერ გამომუშავებული მელანინის რაოდენობა და ტიპი ბუნებრივად განსხვავდება ადამიანებსა და პოპულაციებს შორის. მელანინს წვლილი ასევე შეაქვს თმისა და თვალის ფერში.

ვიტილიგო მაშინ ჩნდება, როცა ადამიანის იმუნური სისტემა შეცდომით მის მელანოციოტებს სხეულისთვის საფრთხედ აღიქვამს. ამიტომ, იმუნური სისტემა ამ უჯრედებს მიზანში იღებს და ანადგურებს, რაც პიგმენტის დაკარგვას იწვევს.

ვიტილიგოს თავიდან იწევს პიროვნების გენეტიკა ან გარკვეული გარემო ფაქტორები, როგორიცაა სტრესი, მზის ძლიერი დამწვრობა და მელანოციტოტოქსიკური ქიმიკატები, რომლებიც ზოგიერთ კოსმეტიკასა და საყოფაცხოვრებო ნივთში გვხვდება.

ეს ფაქტორები ან იმუნურ რეაქციას იწვევს, ან მელანოციტების დაზიანებას. როცა მელანოციტები ქრება, კანის დაზიანებული უბნები კარგავს პიგმენტს და ხდება უფრო ღია ან მთლიანად თეთრი.

ვიტილიგო შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ეთნიკური წარმომავლობის, ასაკისა და კანის ტიპის ადამიანს. თუმცა, ხშირად ის უფრო შესამჩნევია მუქი კანის მქონე ადამიანებში.

ვიტილიგო სხეულის ნებისმიერ ადგილას შეიძლება გაჩნდეს. ძირითადად კი ჩნდება სახეზე, ხელებზე, მკლავებზე, თვალებსა და პირზე. ფერი შეიძლება დაკარგოს დაზიანებულ უბნებზე ამოსულმა თმამაც.

ვიტილიგო შეიძლება განვითარდეს თანდათან ან სწრაფად. ზოგიერთ ადამიანს მხოლოდ რამდენიმე პატარა ლაქა უჩნდება, ზოგს კი დროთა განმავლობაში შეიძლება განუვითარდეს უფრო უფრო ფართო დეპიგმენტაცია.

ყველაზე ხშირად, ლაქები სხეულის ორივე მხარეს ჩნდება და დროთა განმავლობაში ვრცელდება (არასეგმენტური ვიტილიგო). თუმცა, იშვიათ შემთხვევებში, ლაქები მხოლოდ სხეულის ერთ მხარეს ჩნდება (სეგმენტური ვიტილიგო).

ზოგიერთმა შეიძლება იგრძნოს მსუბუქი ქავილი, ჩხვლეტა ან დამწვრობის შეგრძნება, განსაკუთრებით ახლად გაჩენილ ლაქებზე. შემცირებული მელანინის გამო, დაზიანებული კანი შეიძლება უფრო მგრძნობიარე იყოს მზის სინათლისადმი.

რადგან ვიტილიგო დაკავშირებულია იმუნური სისტემის დისფუნქციასთან, ამ დაავადების მქონე ადამიანებს შეიძლება ოდნავ მაღალი ჰქონდეთ სხვა ავტოიმუნური დაავადებების განვითარების რისკი, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის დაავადება და პირველი ტიპის დიაბეტი.

ამჟამად არსებობს ვიტილიგოს სამკურნალო რამდენიმე საშუალება. მათი მიზანია დაავადების პროგრესის კონტროლი და კანის იერსახის ხანგრძლივი პერიოდით გაუმჯობესება.

მცდარი შეხედულებები

მიუხედავად იმისა, რომ ვიტილიგო მსოფლიოში ამდენ ადამიანს აწუხებს, ამ დაავადების შესახებ დღემდე არსებობს მცდარი შეხედულებები და სტიგმა.

კვლევები აჩვენებს, რომ ზოგიერთ ადამიანს დღემდე არასწორად სჯერა, რომ ვიტილიგო გადამდებია, დაკავშირებულია ცუდ ჰიგიენასთან ან სოციალურად არასასურველ მდგომარეობასთან. ეს კი ხაზს უსვამს საჯარო განათლებაში არსებულ ხარვეზებს.

ვიტილიგოთი დაავადებულ ბევრ ადამიანს უწევს მზერის, განსჯის, შემაწუხებელი კომენტარების და გარეგნობის შესახებ უტაქტო კითხვების ატანა — ზოგჯერ ყოველდღიურადაც.

მოდელი ვინი ჰარლოუ, რომელსაც ვიტილიგო აქვს და გულახდილად საუბრობს ამ მდგომარეობასთან დაკავშირებულ გამოცდილებაზე, ბოლოდროინდელ ინტერვიუში ჰყვება, რომ ბავშვობაში, მშობლები საკუთარ შვილებს მასთან თამაშს უკრძალავდნენ, რადგან ეშინოდათ, რომ დაავადება არ გადასდებოდათ. ასევე ჰყვება სკოლის პერიოდში ბულინგის შესახებ.

მრავალრიცხოვან ანგარიშებში ასევე ხაზგასმულია ვიტილიგოთი დაავადებულ ადამიანებში შფოთვის, დეპრესიის, სოციალური გარიყულობის და თვითშეფასების დაბალი დონის გამოცდილებაც კი.

კანის ფერი დიდ როლს თამაშობს ადამიანის იდენტობის ჩამოყალიბებაში, გავლენას ახდენს ინტეგრაციის, მიღებისა და კუთვნილების გრძნობებზე.

ვიტილიგოთი დაავადებული ადამიანების პიგმენტაციის თვალსაჩინო ცვლილებები ასევე იწვევს მათ სოციალურ სტიგმატიზაციას, სოციალურ გარიყვას, დასაქმების შესაძლებლობების დაკარგვას ან თუნდაც მომაბეზრებელ კითხვებს.

საზოგადოებრივი აღქმა კორექტირებას საჭიროებს, რადგან თავისი არსით, ვიტილიგო არის მდგომარეობა, რომელიც უჯრედული ბიოლოგიისა და იმუნური დისფუნქციის დონეზე დადის.

ამის ცოდნა გადამწყვეტია, რადგან ეს მნიშვნელოვნად მოქმედებს იმაზე, თუ როგორ რეაგირებს საზოგადოება ვიტილიგოს მსგავსად ხილული სამედიცინო მდგომარეობების მქონე პირებზე.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.