რა არის ანტისხეულები — #1tvმეცნიერება
რა არის ანტისხეულები — #1tvმეცნიერება

ანტისხეული მიეკუთვნება ცილების კლასს, რომელსაც იმუნოგლობულინს უწოდებენ. მათ სისხლის თეთრი უჯრედები აწარმოებენ, რათა შემდეგ გამოავლინონ და გაანეიტრალონ იმუნური სისტემისთვის უცხო მასალა.

ანტისხეულებს Y-ის ფორმა აქვთ და საკუთარ განშტოებებში შეიცავენ ძლიერ ცვალებად რეგიონს, რაც იმუნურ სისტემას უამრავ საფრთხეზე პასუხის გაცემის საშუალებას აძლევს.

სხვადასხვა ანტისხეულის ასეთი უნიკალური შემადგენლობის წყალობით, ისინი კონკრეტულად უკავშირდებიან კომპლექსურ ქიმიურ ნიშნებს, სახელად ანტიგენებს, რომლებიც შემოჭრილ პათოგენთა ზედა ფენებზე გვხვდება; მაგალითად, ვირუსებსა და ბაქტერიებზე, ასევე სიმსივნურ უჯრედებზე.

ზედაპირის ამ მარკერებთან დაკავშირებით, ანტისხეულები ხელს უშლიან უჯრედის ან მიკრობის ფუნქციონირებას, ართმევენ მოძრაობის უნარს ან უხშობენ გამრავლებისთვის საჭირო ფუნქციებს.

მათმა შეკავშირებამ შეიძლება გამოიწვიოს ორი სახის იმუნური კავშირი.

ერთი მათგანი მოიცავს დომინოს ეფექტის მსგავს ცვლილებებს სხეულის სასიგნალო მოლეკულების კომპლემენტის სისტემაში. ქიმიურ რეაქციათა ამ კასკადს სხეულზე სხვადასხვაგვარი ეფექტები შეიძლება ჰქონდეს; მაგალითად, ხელი შეუწყოს სხვადასხვა სახის იმუნურ პასუხს, თუნდაც ანთებას ან ფიზიკურად ჩაახშოს და გაანადგუროს პათოგენი.

მეორე პასუხი, რომელსაც ოფსონიზაციას უწოდებენ, აგროვებს სპეციალიზებულ თეთრ უჯრედებს, სახელად ფაგოციტებს, რომლებიც სამიზნე მასალებს შთანთქავენ და ინელებენ.

როგორ იწარმოება ასე სპეციფიკური ანტისხეულები

ანტისხეულები იწარმოება სისხლის თეთრ უჯრედებში, რომლებსაც B-ლიმფოციტებს უწოდებენ. ეს უჯრედები ძვლის ტვინში წარმოიქმნება, იქ მწიფდებიან, შემდეგ სხეულის სისხლძარღვებში გადადიან და ცირკულირებას იწყებენ.

მათი განვითარების პროცესში, ხდება იმუნოგლობულინის გენების ძირითადი სეგმენტების შეკრება, რათა შემდეგ აწარმოონ შემთხვევითი სტრუქტურების მქონე ანტისხეულები. ანტისხეულების წარმოებაში გენეტიკის შერევისა და დამთხვევის წყალობით, ადამიანს კვინტილიონამდე უნიკალური ანტისხეულის წარმოება შეუძლია.

B-ლიმფოციტები, რომელთა წარმოქმნილი ანტისხეულებიც მათშივე არსებულ მასალას ემთხვევა, სისხლის მიმოქცევაში მოხვედრამდე ნადგურდებიან. გამონაკლისს წარმოადგენს აშლილობათა კლასი, რომელსაც ავტოიმუნურ დაავადებებს უწოდებენ.

მომწიფებული B-ლიმფოციტების მიერ წარმოებული ანტისხეულები, რომლებიც წარმატებით უკავშირდებიან უცხო ანტიგენებს, ხელახლა წარმოებისკენ არიან მიდრეკილი; ამიტომ, მათი დიდი ოდენობა განაპირობებს ანტისხეულების მრავალი „ქარხნის“ არსებობას, რათა პასუხი გაეცეს პოტენციურ ინფექციას.

ზოგიერთი B-ლიმფოციტი ორგანიზმში წლობით ინახება და ქმნის წარსულში გადატანილ ინფექციათა კატალოგს, რომლის გამოყენებაც უსწრაფესად მოხდება მომავალში იგივე ინფექციის შემოჭრის შემთხვევაში.

როგორ გამოიყენება ანტისხეულები მედიცინაში?

ანტისხეულების გამოყენება პირდაპირ ან არაპირდაპირ არის შესაძლებელი დაავადებათა სამკურნალოდ, პრევენციულ მედიცინაში ან დიაგნოსტირებაში.

ანტიგენების შეყვანის გზით, ვაქცინები B-ლიმფოციტების წარმოებისა და შენახვის პროვოცირებას უკეთებს, მომავალი ინფექციის მოლოდინში, რათა სხეული მას მზად დახვდეს.

ამისგან განსხვავებით, სპეციფიკური (იგივე მონოკლონური) ანტისხეულების წარმოება შესაძლებელია სხეულს გარეთ. ასეთ ანტისხეულებს უკვე არსებული ინფექციების ან დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ; მათი სამიზნე შეიძლება იყოს როგორც სიმსივნური უჯრედები, ისე ცხოველის შხამი.

მონოკლონურ ანტისხეულებს იყენებენ ლაბორატორიულ ნიმუშებში ანტიგენების გამოსავლენადაც.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.